რიში სუნაკი გაერთიანებული სამეფოს პრემიერის პოსტს დღეს ოფიციალურად ჩაიბარებს

პუბლიკა

რიში სუნაკი, რომელმაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრობის პოზიციაზე კონსერვატიული პარტიიდან თემთა პალატის წევრების მხარდაჭერა მიიღო, დღეს ოფიციალურად შეუდგება მუშაობას დაუნინგ სტრიტის 10-ში, ბრიტანეთის მთავრობის რეზიდენციაში.

დღეს ოფიციალურად ტოვებს თანამდებობას ლიზ ტრასიც, რომელიც თბილისის დროით 12:00 საათზე მთავრობის ბოლო სხდომას გამართავს, შემდეგ კი მედიას მოიწვევს და ოფიციალურად შეატყობინებს საზოგადოებას თანამდებობიდან წასვლის შესახებ.

დღესვე რიში სუნაკი ბაქინგემის სასახლეში მონარქთან წარდგება და მისგან მიიღებს მოწვევას ახალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად. შემდეგ კი ის მთავრობის რეზიდენციასთან მივა და უკვე ოფიციალურად პრემიერ-მინისტრის რანგში პირველ ბრიფინგს გამართავს.

რიში სუნაკმა დღესვე უნდა დაიწყოს მთავრობის ფორმირებაც. როგორც BBC წერს, პოლიტიკის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს მარტივი პროცესი არ იქნება. რიში სუნაკმა კაბინეტში უნდა შეიყვანოს მისი ერთგული მხარდამჭერები და კონსერვატიული პარტიის წევრები სხვა ფლანგებიდან, რათა პარტიაში ერთიანობას მიაღწიოს.

სავარაუდოა, რომ მის კაბინეტში იქნება დომინიკ რააბი, ყოფილი ვიცე-პრემიერი და იუსტიციის მინისტრი, რომელმაც რიში სუნაკს მხარი ჯერ კიდევ ზაფხულში დაუჭირა.

BBC-ის ანალიტიკოსები წერენ, რომ რიში სუნაკს გამოწვევები ელის, როგორც კაბინეტის შედგენისას, ისე პრემიერის რანგშიც. არაერთ გამოწვევას შორის არის ინფლაცია – ქვეყანაში ინფლაციამ ბოლო 40 წელში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია და მკვეთრად მოიმატა ფასებმა საკვებ პროდუქტებზე.

„კონსერვატორების“ მთავარი ოპონენტები, „ლეიბორისტები“ კი მოითხოვენ, რომ ქვეყანაში ვადამდელი საყოველთაო არჩევნები დაინიშნოს, რადგან კონსერვატიული პარტია მისი მართვისთვის შეუფერებელია. გასულ კვირებში გამოქვეყნებული სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბოლო პერიოდში „კონსერვატორების“ რეიტინგმა საგრძნობლად იკლო და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში ლეიბორისტულ პარტიას გამარჯვების დიდი შანსი აქვს.

რიში სუნაკი, რომელიც წელს უკვე გაერთიანებული სამეფოს მესამე პრემიერია, ვადამდელი არჩევნების დანიშვნას გამორიცხავს. საყოველთაო არჩევნები წესისამებრ, 2025 წლამდე არ უნდა გაიმართოს. მანამდე კი, როგორც BBC წერს, რიში სუნაკი ქვეყანაში არსებული გამოწვევების დაძლევასა და თავისი პარტიისთვის მხარდაჭერის დაბრუნებას ეცდება.