რისკები არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და კოვიდის მსუბუქი გამოვლინებაა - ჩხაიძე

პუბლიკა

„პროგნოზის გაკეთება რთულია, სააკაშვილის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე მოსალოდნელი რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია და კოვიდის მსუბუქი გამოვლინებაა – კონსილიუმის გადაწყვეტილებით, პაციენტი პალატაში რჩება“, – ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

„პაციენტს გუშინ დაუდასტურდა კოვიდი. ვინაიდან შესაბამისი სიმპტომატიკა აღენიშნებოდა – მაღალი ტემპერატურა, სახსრების ტკივილი, ეჭვი იყო კოვიდინფექციაზე. ჩატარდა სწრაფი ტესტი, შემდეგ კი პისიარტესტით დადასტურდა. ექიმთა კონსილიუმი გუშინვე შეიკრიბა, სხვადასხვა სპეციალობის ექიმების შემადგენლობით. მისი დაავადებიდან გამომდინარე კონსილიუმში მონაწილეობდა ჰემატოლოგი, რეანიმატოლოგი, მკურნალი ექიმი და ინფექციონისტი. შესაბამისად, შეთანხმებული იქნა მკურნალობის გეგმა, როგორც სამკურნალო, ისე პრევენციული. მიმდინარეობს მკურნალობა“, – უთხრა ჟურნალისტებს ჩხაიძემ.

„ვივამედის“ კლინიკაში მყოფ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა.