26 ოქტომბერს შპს „რიყე დომმა“ თბილისში, „რიყის დოქების“ ადგილზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების შესათანხმებლად მიმართა თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს.
„რიყის დოქების“ ტერიტორია 14 591 კვ.მ მიწის ფართობს მოიცავს. კომპანიის განაცხადის მიხედვით, კ2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი 67 761 კვ.მ-ია.
პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ კომპანიას სურს, ტერიტორიას მოეხსნას სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი და ტერიტორიაზე სრულად გავრცელდეს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2.

ცნობისთვის, რიყის პარკის ერიტორიას სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი აქვს და იგი ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში მდებარეობს.
სარეკრეაციო ზონა 2 მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ტერიტორიებს: პარკს, ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს; ამ ზონაში შენობის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლე 12 მეტრია.
საზოგადოებრივ საქმიანი ზონა 2 კი განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონაა. მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტია (კ-2) – 4,6.
თბილისის მერიის განცხადებით, კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არასრულია.
„განცხადებასთან ერთად არ არის წარმოდგენილი განხილვისთვის საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის, არც საპროექტო წინადადება, განმარტებითი ბარათი და განვითარების ესკიზური ვარიანტი, რომელიც შემდგომში დამატებით უნდა განიხილოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ.
შესაბამისად, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტი არ განიხილავს არც განცხადებას და მით უფრო, რაიმე სახის სამშენებლო პროექტს“, – აცხადებს თბილისის მერია.
რა ვიცით კომპანიაზე
2025 წელს „რიყის დოქები“ ისევ გაიყიდა და მისი მფლობელი გახდა კომპანია „რიყე დომ“. შეძენის პერიოდში კომპანიის დირექტორი მიხეილ ტყეშელაშვილი იყო. ის „ქართული ოცნების“ მილიონერი დეპუტატის, გიორგი ბარვენაშვილის კომპანიების წილებსაც მართავდა.
დაახლოებით ერთ თვეში „რიყე დომ-ის“ მფლობელი შეიცვალა – კომპანია 2 840 000 აშშ დოლარად გაყიდა თორნიკე კოპალიანმა და მისი მფლობელი გახდა ნახჩივანის ყოფილ ავტოკრატ მმართველთან, ვასიფ თალიბოვთან დაკავშირებული თურქი მულტიმილიონერი ემინ უჩარი. მას საქართველოს მოქალაქეობა აქვს მინიჭებული.

უფრო ზუსტად კი, „შპს რიყე დომს“, „შპს მაქრო ქონსთრაქშენი“ ფლობს, ამ უკანასკნელს კი „შპს მაქრო ფროფერთი“, რომლის მფლობელიც ემინ უჩარია, დირექტორი კი ბელარუსის მოქალაქე ევგენი ნესტერენკოა.
სწორედ უჩარის მფლობელობაში გადასვლის შემდეგ, მიმდინარე წლის ივლისში „რიყის დოქები“ დაანგრიეს.

ემინ უჩარის ერთ-ერთი კომპანიის, „შპს მაქრო ქონსთრაქშენის“ მიერ საქართველოში, ტენდერებში მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება 46 938 652 ლარია. 2023 წელს იმავე კომპანიას 29 170 269 ლარის გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გაუფორმეს.
იმავე კომპანიას ქალაქ საგარეჯოსა და ყანდაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია 2023 წელს აქვს მიღებული 2033 წლამდე, 333 494 კვ.მ ფართობზე.

მულტიმილიონერი ემინ უჩარი გამდიდრდა ნახიჩევანში, აზერბაიჯანის ავტონომიურ ოლქში. OCCRP-ისა და „აი, ფაქტს“ 2023 წლის გამოძიების თანახმად, იგი ადრე მოქმედებდა როგორც ავტოკრატ ვასიფ თალიბოვის ოჯახის აგენტი. თალიბოვი ოლქს 27 წლის განმავლობაში მართავდა. მის მმართველობას უკავშირდება ჟურნალისტებისა და აქტივისტების დევნა, ადამიანების წამება და უფლებების სისტემური შელახვა. მან თანამდებობა 2022 წელს დატოვა. იმავე გამოძიების თანახმად:
- თურქმა ბიზნესმენმა ემინ უჩარმა ბოლო წლებში საქართველოში 270 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბიზნესი და უძრავი ქონება დააგროვა. მათ შორის არის სამი სასტუმრო, რომელიც სტუმარმასპინძლობის სფეროში ფრანგული გიგანტი კომპანიის, Accor-ის პარტნიორია.
- Მტკიცებულებები მიგვითითებს, რომ უჩარი იყო ე.წ. საფარი ვასიფ თალიბოვისა და მისი ოჯახისთვის, რომლებიც ნახიჩევანს მეოთხედ საუკუნეზე მეტხანს მართავდნენ.
- უჩარი ხელმძღვანელობს მსხვილ ჰოლდინგურ კომპანიებს, რომელთა თალიბოვების ოჯახთან კავშირიც საჯაროდ იყო ცნობილი. ეს ფაქტი კი აჩენს კითხვებს, იყო თუ არა მისი ქართული ჰოლდინგებიც დაკავშირებული თალიბოვებთან.
- უჩარის ადვოკატებიის თქმით, ის არ მოქმედებდა როგორც თალიბოვების ე.წ “ფროქსი” და ამბობენ, რომ მან ინვესტიციები განახორციელა სესხებით, რომელსაც ჯერ კიდევ იხდის.
- კომპანიებს, რომელსაც ემინ უჩარი ხელმძღვანელობდა, აზერბაიჯანში ათეულობით სახელმწიფო ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული.
გასულ წელს OCCRP თალიბოვების ოჯახის საქართველოსთან კავშირზეც წერდა:
- ნახჩივანის ყოფილი ავტოკრატი მმართველის შვილი, რზა თალიბოვი – აზერბაიჯანის საიმიგრაციო სამსახურის მაღალჩინოსანია. მამის გადადგომისა და ბაქოს მიერ დაწყებული წმენდის ფონზე, 2023 წელს გაყიდული სასტუმრო ბათუმში მან 2025 წლის მაისში გამოისყიდა 8.6 მილიონ დოლარად (შპს „ბი-პირლ ტურიზმის“ 100%-იანი წილის ყიდვით) და ახლა მას „London 1889“ ჰქვია.
- იმავე კომპანიის მეშვეობით, 2025 წლის ივლის-აგვისტოში თალიბოვმა მახინჯაურში 730 000 დოლარად შეიძინა 2 082 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც ბათუმის მერიის ნებართვით 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავს.
- თალიბოვი აცხადებს, რომ შენაძენები ქართული და აზერბაიჯანული ბანკების სესხებით დააფინანსა, ხოლო აზერბაიჯანის კანონმდებლობით საჯარო მოხელეს ბიზნესწილების ფლობა არ ეკრძალება.
- OCCRP-ის 2022 წლის გამოძიებით, თალიბოვების ოჯახს 20 მლნ დოლარზე მეტი ჰქონდა მიღებული ფიქციური კომპანიებიდან („Azerbaijani“ და „Troika Laundromats“), რომლებიც OCCRP-ის მიერ მანამდე გამოვლენილ ფულის გათეთრების ორ მასშტაბურ სისტემას წარმოადგენენ. მათ საქართველოსა და საამიროებში 63 მილიონი დოლარის ქონება შეიძინეს.
როგორ გაიყიდა „რიყის დოქები“
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო „რიყის დოქების“ გაყიდვას 2020 წლიდან ცდილობდა, თავდაპირველად ფასი 95 მილიონი ლარი იყო. 6-ჯერ ჩავარდნილი აუქციონის შემდეგ, ქონება 2022 წელს გაიყიდა 10 020 000 ლარად, რაც თავდაპირველ ფასზე 9-ჯერ ნაკლები იყო. ანუ მყიდველმა 14 591 კვ.მ მიწის ფართობში – კვადრატულ მეტრში 686 ლარი გადაიხადა.
ქონება შეიძინა ლუქსემბურგში რეგისტრირებულმა ფირმა Global Victory Trust-მა, რომელიც დაკავშირებულია ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან. ხიდაშელი „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ბიზნესმენი და სანქცირებული რუსი ბიზნესმენის, ვლადიმირ ევტუშენკოვის მეგობარი და ბიზნესპარტნიორია.
კომპანიამ ვალდებულებად აიღო, რომ 36 თვის განმავლობაში 14 591 კვ.მ მიწის ნაკვეთი გამოეყენებინა ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოსაწყობად.