რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებიან, სადაც ბრალის დადგენილებას აცნობენ.
ანზორ ჯამალაშვილის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის თქმით, ჯამალაშვილს ბრალი სამი მუხლით წარედგინა, კერძოდ, თაღლითობა, ფულის გათეთრება და ყალბი ანგარიშსწორების ბარათის გამოყენება. როგორც ადვოკატი ამბობს, ჯამალაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
„ფაქტობრივად მას ედავებიან, რომ კი, შენ არც კავშირი გქონდა პირდაპირი, არც შენი კომპანიები იყო, შენ მხოლოდ ერთი კომპანია გქონდაო, მაგრამ დანარჩენი კომპანიები, რომლებიც მონაწილეობდნენ, არის ფაქტობრივად შენი, ფორმალური ხელმძღვანელები ჰყავდაო და ეს ადამიანი ამბობს, რომ საერთოდ არ არსებობს იმის შანსი, რომ რომელიმემ ეს თქვას იმიტომ, რომ მე არანაირი შეხება ამ კომპანიებთან არ მქონიაო.
ამ კომპანიების ხელმძღვანელების ნაწილი არის დაკავებული და მე თავს მოვიჭრი, თუ ისინი იტყვიან, რომ მე რაიმე შეხება მქონდა ამ კომპანიებთან, გარდა იმისა, რომ ჩემი კუთვნილი ტრაილერები, ტექნიკა და დიდი სატვირთო მანქანები ემსახურებოდნენ მათ მიერ ჯართის გადატანას”, – თქვა მედიასთან გელა ნიკოლაიშვილმა.
კიდევ ერთი დაკავებულის გიორგი მარუქაშვილის ადვოკატის სალომე ჯანუაშვილის თქმით, მარუქაშვილი სხვებთან ერთად გუშინ დააკავეს. ამ დროისთვის მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ. ადვოკატის განცხადებით, მასალები 40 ტომისგან შედგება, შესაბამისად, მათ გასაცნობად და პოზიციის ჩამოსაყალიბებლად დიდი დროს დასჭირდება.
„გამოკითხვებზე დადიოდა, გამოკითხული იყო. ადვოკატის გარეშე იყო მისული, იმდენად არ ელოდებოდა ამ ყველაფერს, რადგან აბსოლუტურად არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია. ადვოკატის გარეშე, გულწრფელად მივიდა და მისცა ინფორმაცია, რასაც ფლობდა საქმესთან დაკავშირებით”, – განაცხადა სალომე ჯანუაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფება კიდევ ერთი დაკავებულის, გიორგი კურტანიძის ადვოკატიც.
„ჰქონდა ნოვა ტრანსი, იყო მისი დირექტორი, თუმცა რაიმე დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობას უარყოფს, არანაირი დოკუმენტის გაყალბება მისი მხრიდან არ ყოფილა”, – განუცხადა მედიას დიანა გვიშიანმა.
შენობაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა კიდევ ერთი დაკავებულის ადვოკატმა გიორგი ლაღიძემაც:
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია, ის გამოიყენებს დუმილის უფლებას და შემდგომ უკვე ვნახავთ, საქმეში რა მტკიცებულებები არსებობს და იმის მიხედვით გავაკეთებთ დამატებით შეფასებას… ის იყო ფერადი ლითონების ჩაბარებით დაკავებული და ასევე იყო ტრაქტორის მძღოლი, მათ შორის, ხელშეკრულების ფარგლებშიც მუშაობდა”.
17 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „საქართველოს რკინიგზის“ საქმეზე ბრალი 8 პირს წარედგინებოდა, მათ შორის, კომპანიის ყოფილ გენერალურ დირექტორს დავით ფერაძეს. სუს-მა გუშინ არ დაასახელა კიდევ ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებდა, თუმცა თქვა, დავით ფერაძეს სქემაში ჩართული ჰყავდა რკინიგზაში იმჟამინდელი ინფრასტრუქტურის დირექტორი. „პუბლიკამ” გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, გიორგი მარუქაშვილზე იყო საუბარი.
გამოძიების ვერსიით, დავით ფერაძემ ორგანიზებული ჯგუფის მეშვეობით შექმნა სქემა, რომლის მიზანი იყო „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შავი ლითონის მითვისება, მისი წარმომავლობის დამალვა და შემდგომი რეალიზაცია სხვადასხვა კომპანიების გამოყენებით.
ამ საქმეში მონაწილე პირებს შორის არიან სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც, გამოძიების თქმით, ეტაპობრივად იყვნენ ჩართული აღნიშნულ სქემაში და მონაწილეობდნენ მის ორგანიზებასა და განხორციელებაში. საუბარია კომპანიებზე: შპს ,,კახეთი“, შპს ,,ნოვა ტრანსი“, შპს ,,ჯადექსა“, შპს ,,სამშენებლო სარემონტო კომპანია ხურო“ , შპს ,,გრანდ კახეთი“, შპს „რაველდი”.