„რობერტ სტურუა არის ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს“- წულუკიანი

პუბლიკა

12 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა  11 წლის წინ მსახიობ ბესო ზანგურთან თანაცხოვრების ეპიზოდები გაიხსენა. როგორც მსახიობი ჰყვება, ის განიცდიდა სისტემატურ ფიზიკურ ძალადობას ბესო ზანგურისგან, მათ შორის ფეხმძიმობის პერიოდშიც.

ბესო ზანგური რუსთაველის თეატრის მსახიობია. თეატრში ამბობენ, რომ ისინი გმობენ ძალადობას და თუ დადგინდება მსახიობის ბრალეულობა, შესაბამის ზომებს მიიღებენ. თეატრმა ასევე მოხსნა სპექტაკლი, სადაც ბესო ზანგური თამაშობდა.

თუმცა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში მიზოგინურ და ჰომოფობიურ კომენტარებს ავრცელებდა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აპირებს თეატრიდან წასვლას, თუმცა, თეატრში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

რეჟისორ რობერტ სტურუაზე კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ მასზეც შეწყდება თავდასხმები.

„ასევე ბატონ რობერტ სტურუასთან დაკავშირებით, მე პირდაპირ გეტყვით, როგორც კულტურის მინისტრი, რომ მისი გათავისუფლება არ იგეგმება. ასევე, გაცხადდა მისივე გადაწყვეტილება, რომ წასვლას არ აპირებს. ეს არის ის ადამიანი, რომელსაც ალბათ დამეთანხმებით, ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს, კარგი იქნება თუ შევწყვეტთ მასზე თავდასხმებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ასევე განაცხადა, რომ ის ძალადობის შესახებ საუბარი არასდროს არ არის გვიან და კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური სასწრაფოდ დატოვებს თეატრს.