როცა აფასებ 150 „ნაციონალის" აქციას და ამას ქართველი ხალხის პროტესტს არქმევ, გაუგებარია - კობახიძე

პუბლიკა

„ქართველი ხალხის [სახელით] საუბარი არ არის არცერთი ელჩის საქმე, მით უმეტეს, როცა აფასებ 150 „ნაციონალის” აქციას და ამას არქმევ ქართველი ხალხის პროტესტს”, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას.

„ეს გაუგებარი განცხადება იყო, რბილად რომ ვთქვათ. ასე არავინ ფიქრობს, რაც თქვა კელი დეგნანმა, ასე არ ფიქრობენ საქართველოში საზოგადოების წარმომადგენლები, რომ არცერთი რუსი არ უნდა შემოვიდეს საქართველოში, საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა არის სხვა აზრზე…

და ქართველი ხალხის [სახელით] საუბარი არ არის არცერთი ელჩის საქმე, მით უმეტეს, როცა აფასებ 150 „ნაციონალის აქციას“ და ამას არქმევ ქართველი ხალხის პროტესტს, ეს ხომ გაუგებარია. იგივე თქვა სალომე ზურაბიშვილმა, იგივე თქვა ერთ-ერთმა ელჩმა. საზოგადოება შეაფასებს ამ ყველაფერს, ეს უბრალოდ არასწორია”, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, გუშინდელი აქციისას ადგილი ასევე ჰქონდა ძალადობას, ამის მაგალითად მას მოჰყავს კვერცხების სროლა.  კობახიძისვე შეფასებით კი, ძალადობის ორგანიზატორთა დასჯა არავის მოუთხოვია.

„არავის მოუთხოვია ძალადობის ორგანიზატორთა დასჯა. ძალადობა ხომ იყო კვერცხების სროლა. [ლისზე] ხომ მოითხოვეს, აქ არ მოუთხოვიათ, 7-8 მარტი იყო ძალადობა, გუშინდელი აქციაც იყო ძალადობა. ძალადობას აქვს სხვადასხვა ფორმა. 7-8 მარტს იყო უხეში ძალადობა, გუშინ იყო შედარებით რბილი. მაგრამ ძალადობა ძალადობაა…

იქ, ლისზე 3 000 კაცი იყო შეკრებილი, არ იყვნენ არცერთი პარტიის აქტივის წარმომადგენლები და ხალხის პროტესტი არ დაურქმევია არავის ამისთვის. მაგრამ როცა 150 კოლექტიური ნაციონალი იკრიბება სადღაც და ამას არქმევ ქართველი ხალხის პროტესტს, აქ ჩანს რაშიც არის საქმე”, – განაცხადა კობახიძემ.