საქართველოში 16 წლამდე ასაკის 229 280 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს – ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი, დაახლოებით, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის 28%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს.
„პუბლიკა“ დაინტერესდა, რა ხედვა აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ბავშვთა სიღარიბის აღმოსაფხვრელად და როგორ წარმოუდგენიათ ამ პრობლემის მოგვარება როგორც გრძელ-, ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში.
„პუბლიკა” მმართველი პარტია „ქართული ოცნების” წევრებს, გია ვოლსკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს ესაუბრა.
გია ვოლსკის შეფასებით, საქართველოსთვის ბავშვთა სიღარიბე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ოპონენტების კრიტიკის საპასუხოდ, ვოლსკი ამბობს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კეთდება ბავშვთა სიღარიბის აღმოსაფხვრელად და არსებობს სერვისები, რომლებსაც უშუალოდ ოჯახები და ბავშვები იღებენ. მისივე თქმით, მდგომარეობა ბევრად მძიმე იყო წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც სოციალური დახმარება საერთოდ არ გაიცემოდა.
„ბავშვთა სიღარიბე, რა თქმა უნდა, მთავარ გამოწვევად რჩება, თუმცა ასეთი გამოწვევები გაცილებით მძიმე იყო 2012 წლამდე და დახმარების ოდენობა იყო ნულის ტოლი. დიახ, რასაც ჰქვია ნული იყო დახმარება, რომელსაც სიღარიბეში მყოფი ბავშვები იღებდნენ. ამიტომ, ვფიქრობ, ოპოზიციის წარმომადგენლებს სალაპარაკო არაფერი აქვთ, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.
დღეს მნიშვნელოვნად არის შემცირებული იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებშიც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ბავშვები შიმშილობენ. შემცირებულია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ პრობლემა მოგვარდა და აღმოფხვრილია.
სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვთა პრობლემა, რასაკვირველია, საყურადღებოა. სწორედ ამიტომ, 500 მილიონი ლარი გამოიყო ბიუჯეტიდან, რათა თითოეულმა ასეთმა ბავშვმა ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარება მიიღოს, გარდა სამედიცინო დაზღვევის პაკეტისა და იმ სოციალური დახმარებისა, რომელსაც მისი ოჯახი იღებს. როგორც ცა და დედამიწა ისეთი განსხვავებაცაა ახლანდელ და ძველ მდგომარეობას შორის. რიცხვები ყველაფერზე მეტყველებს.
დაკანონდა აგრეთვე სოციალური დახმარების შენარჩუნება, თუკი ოჯახის წევრები მუშაობას დაიწყებენ, რაც ხშირად დასაქმების შემაფერხებელი ფაქტორი ხდებოდა. მე არ ვამბობ, რომ პრობლემა გადაწყვეტილია, მაგრამ არსებობს სხვა არაერთი პროგრამა, საბავშვო ბაღებში ოთხჯერადი უფასო კვების, თუ უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების ჩათვლით. საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია. რა თქმა უნდა, ეს მმართველი გუნდის სტრატეგიის ნაწილია და ყველაფერი კეთდება პრობლემის აღმოსაფხვრელად“, – ამბობს ვოლსკი.
ვოლსკი მიიჩნევს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად დიდი ფინანსური რესურსია საჭირო, რაც, ამ ეტაპზე, საქართველოს არ გააჩნია. როგორც ის ამბობს, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც სიღარიბეს დაძლევს, ეკონომიკური ზრდა და ქვეყნის განვითარებაა.
„ამ მიმართულებით ძალიან პოზიტიური გამოცდილება აქვს დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, თუმცა ამ პოზიტიური გამოცდილების გარდა, აქვთ უშველებელი რესურსი, რომელიც შეუძლიათ ასეთ სოციალურ საკითხს მოახმარონ და პრობლემის გადაჭრის გზები მონახონ. რასაკვირველია, ეკონომიკური ზრდა არის მთავარი საწყისი. პათოსი და ჩვენი ადამიანური დამოკიდებულება ამ საკითხებისადმი არანაირად არ ცვლის რეალობას, თუკი ამის რესურსი არ გაგაჩნია…
რა რესურსიც არსებობს ახლა, ისე ვიქცევით, ბევრი სხვა გამოწვევა გვაქვს კიდევ, როგორც შესაძლებელია, ისეა ბიუჯეტიდან ფული გამოყოფილი. როცა მეტი შესაძლებლობა იქნება, მეტი გაკეთდება.
მე ვფიქრობ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ფინანსურ დახმარებას კიდევ უნდა დაემატოს ეკონომიკის განვითარება და ასევე სამუშაო ადგილების შექმნა, რაც, თუკი სტატისტიკას ავიღებთ, საკმაოდ პოზიტიური ტენდენციით ხასიათდება.
ამას გარდა, ალბათ ბავშვიანი ოჯახების წევრებმაც უფრო მეტი უნდა იფიქრონ არამხოლოდ სოციალური დახმარებით თავის დაკმაყოფილებაზე, არამედ თუნდაც დაბალი კვალიფიკაციის სამუშაოს ძებნაზე. სამწუხარო ფაქტია, რომ ასეთი სამუშაო ადგილები ბევრია ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სოციალური დახმარების მიღება უფრო მოსახერხებელია, ვიდრე სამუშაოს მოძებნა“, – აცხადებს ვოლსკი.
გია ვოლსკი ამბობს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და ბავშვებისთვის დახმარება მეტი უნდა იყოს, თუმცა ამას მეტი რესურსი და უფრო ძლიერი სოციალური პაკეტი სჭირდება. მისივე თქმით, ქვეყანა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, რადგან „არსებობს შიდა და გარე გამოწვევები, რომლებიც, სამწუხაროდ, გვავალდებულებს, რომ სხვა მიმართულებებით უფრო მეტი რესურსი დაიხარჯოს“.
ქვეყანაში ბავშვთა სიღარიბეს მწვავე პრობლემად მიიჩნევს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძეც. მისი თქმით, პრობლემა ერთი ხელის მოსმით ვერ გადაიჭრება და ამიტომ, არსებობს და კიდევ დაგეგმილია პროგრამების განხორციელება. სარჯველაძე არ აკონკრეტებს რა პროგრამებზეა საუბარი.
„ბავშვთა სიღარიბე, საზოგადოდ, ძალიან მწვავე პრობლემაა, რომლის მოგვარებასაც, რა თქმა უნდა, სჭირდება მუდმივი მუშაობა და, სამწუხაროდ, ეს არ არის პრობლემა, რომელიც შეიძლება ხელის ერთი მოსმით გადაიჭრას. მე პირადად მაქვს განცდა, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს.
აქვე მინდა ვთქვა, რომ რეალურად, პრიორიტეტიზაციის საჭიროებასთან დაკავშირებით, ჩემს ამ პოზიციას იზიარებს მთლიანად ხელისუფლება, შესაბამისად, ამ მიმართულებით დაგეგმილია კონკრეტული პროგრამები დაწყებული სოციალური დახმარებების პროგრამიდან, რომელიც ზოგადად ვრცელდება და იმ ოჯახების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული, რომლებიც სიღარიბეში იმყოფებიან, დამთავრებული ფსიქოლოგიური სერვისებით. ყველაფერი ეს გათვალისწინებულია. იგივე განათლების სამინისტროსაც აქვს გარკვეული აქტივობები, მათთვისაც ეს ერთ-ერთი სერიოზული პრიორიტეტული მიმართულებაა.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ კმაყოფილების საფუძველი გვაქვს. ჩვენ, რასაკვირველია, გვინდა, რომ არცერთი ბავშვი არ ცხოვრობდეს ისეთ პირობებში, რომელსაც ჰქვია სიღარიბე“, – ამბობს სარჯველაძე.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, ისურვებდა, რომ სოციალური შემწეობა უფრო მაღალი იყოს, თუმცა ისიც ვოლსკის პოზიციას იზიარებს, რომ ამისთვის ეკონომიკის სათანადოდ განვითარება და მეტი რესურსია საჭირო.
„ვისურვებდი, რომ უფრო მაღალი იყოს სოციალური შემწეობა ბავშვებისთვის, ისევე როგორც პენსიების შემთხვევაში ვისურვებდი ამას. კარგი იქნებოდა, რომ უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობდეს საარსებო წყაროების უზრუნველსაყოფად, მაგრამ ეს შეიძლება ამ ეტაპზე, ერთი ხელის მოსმით არ იყოს განხორციელებადი. ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა, ეკონომიკის სათანადოდ განვითარება და ეს გააჩენს რეალურად შესაძლებლობას, რომ გაჩნდეს მეტი შანსი სოციალური დახმარების პროგრამების დასაფინანსებლად.
მე, მაგალითად, დიდი სიამოვნებით დავუჭერდი მხარს უფასო სასკოლო კვებას, ჩემი განწყობა ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია ამ საკითხთან დაკავშირებით და ღირს ამაზე მუშაობა, თუმცა ეს არ არის ის საკითხი, რომელიც მარტივად მოგვარებადია. თანაბრად უნდა ხდებოდეს ამის რეგულირება ყველგან, როგორც თბილისის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ისე რეგიონებში. ამ შემთხვევაში მხოლოდ ფინანსური ფაქტორიც არ არის გადამწყვეტი მნიშვნელობის“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.