როცა მზადყოფნის რეჟიმია... შეიძლება იყოს გარკვეული რაოდენობა ცარიელი საწოლებისაც, მედიკამენტებისაც – გამყრელიძე

პუბლიკა

„ეპიდემიების დროს ყოველთვის არის ქვეყნებში მზადყოფნა. ეს იგივე ომია, რაშიც ჩვენ ვიყავით ამ ორი წლის განმავლობაში, ოღონდ, ომი ვირუსთან. ამიტომ, როცა მზადყოფნის რეჟიმი გაქვს, იქ არის გარკვეული სტანდარტები, რა უნდა გქონდეს მზადყოფნაში. იქ შეიძლება იყოს გარკვეული რაოდენობა ცარიელი საწოლებისაც, გარკვეული რაოდენობა მედიკამენტებისაც, გარკვეული რაოდენობა ვაქცინების, აუცილებლად. გარკვეული რაოდენობა ბევრი, ბევრი სხვა რამის, რადგან მზადყოფნის რეჟიმი პანდემიების დროს გახლავთ აუცილებელი“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღეს ამირან გამყრელიძეს ჟურნალისტებმა მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებასთან დაკავშირებითაც ჰკითხეს, იმის შესახებ, რომ  „კოვიდის მართვისას თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა“.

„კოვიდკლინიკებში დატვირთულობა საშუალოდ 60% იყო, 40 %-ში კი სახელმწიფო ცარიელ საწოლებში იხდიდა თანხას“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებს 27 აპრილს განუცხადა.

„მობილიზებული იყო 9200 საწოლი, რომლის საჭიროებაც არ იყო. პირველივე კვირაში, იანვარში გავაუქმე 1700 საწოლი, მაშინაც იყო ბევრი პრეტენზია და ტელევიზიებთან საჩივრები, თითქოს ქვეყანა არასწორად აკეთებდა რამეს. ახლა ვხედავთ, რომ ეს გადაწყვეტილება მაშინ სწორი იყო. თან ვსაუბრობთ 1700 საწოლზე, რომელიც ცარიელი იყო და სახელმწიფო 2 წლის განმავლობაში იხდიდა თანხას და არცთუ ისე ცოტას.

კლინიკებში დატვირთულობა საშუალოდ 60% იყო, 40 %-ში კი, სახელმწიფო ცარიელ საწოლებში იხდიდა თანხას. ზუსტად ეს თანხა უნდა ყოფილიყო იმისთვის საკმარისი, როცა შეტყობინებას მივცემდით და სამართლიან ანაზღაურებაზე გადავიყვანდით კლინიკებს. ამ 2 წლის განმავლობაში 1 მილიარდი ლარია მინიმუმ გადახდილი ამ ყველაფერში“.