როცა პირს მოაქვს ძველი პირადობა, ვხვრეტთ და ვიტოვებთ, თუმცა შეიძლება არ მოიტანოს - სააგენტოს თავმჯდომარე

პუბლიკა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა, სადაც პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბებაზე ენმ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პირმა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ორი პირადობის ბარათით მივიდა, გვარი 15 სექტემბრის შემდეგ შეიცვალა.

15 სექტემბერს სერვისების განვითარების სააგენტო ცესკოს ამომრჩეველთა საბოლოო სიას აწვდის. ედუარდ მსტოიანმა კი გვარი 22 ოქტომბერს, ქორწინების საფუძველზე შეიცვალა, შესაბამისად საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველთა ერთიან სამაგიდო სიაში მსტოიანის გვარით იყო შეყვანილი.

ჟურნალისტის კითხვას, რომ იმავე პირადი ნომრით იძებნება ამ პირის მესამე გვარიც, უპასუხა, რომ ამ პირს გვარი ორჯერ აქვს შეცვლილი და ორივეჯერ ქორწინების საფუძველზე.

„ძალიან კარგია, რომ ამ კითხვას მისვამთ. არ მინდოდა ეს მეთქვა, რომ პერსონალური ინფორმაციის გავრცელება არ გამომსვლოდა. ამ პირს მანამდეც 2018 წელსაც ჰქონდა გვარი შეცვლილი. ავოიანი არის მისი პირველი გვარი, მსტოიანი არის მისი მეუღლის გვარი. რამდენჯერმე აქვს გვარი შეცვლილი და ყველა შემთხვევაში ქორწინების საფუძველზე“, – ამბობს თავმჯდომარე.

კითხვაზე – რატომ არ იყო დაზიანებულიმსტოიანის ძველი, გაუქმებული, პირადობის მოწმობა? – უპასუხა.

„მთავარი იურიდიული მოცემულობაა. პირადობის მოწმობა არის გაუქმებული და ვალიდურია ერთი პირადობა. თქვენც შეიძლება ჰქონდეთ ძველი პირადობის მოწმობა, რომელიც არ ჩააბარეთ, მაგრამ ის ავტომატურად გაუქმებულია. როცა პირს მოაქვს ძველი პირადობა, ვხვრეტთ და ვიტოვებთ, მაგრამ შეიძლება არ მოიტანოს ძველი პირადობა და მიზეზი იყოს ის, რომ დაკარგა, ან სხვა რამ. შეიძლება განაცხადოს, რომ ვერ აგნებს პირადობას ან დაკარგა. თუ არ წარმოადგინა გვარის შეცვლის დროს ეს კანონდარღვევა ჩვენი, ან მოქალაქის მხრიდან არ არის“, – ამბობს თავმჯდომარე.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს ასევე სააგენტოს ღირსების შემლახავი განცხადებების გამო შესაბამის სამართლებრივ ზომებს მიიღებენ.

დღეს ენმ-მა გამართა ბრიფინგი და განაცხადა, რომ თბილისში აღმოაჩინეს პირი, რომელსაც თან ჰქონდა ორი ბარათი, სადაც პირადობის ნომრები იყო ერთი და იგივე და გვარი სხვადასხვა. თამარ კორძაიას თქმით, ამომრჩეველს შეეშალა და ამ უბანში ჩაწერილი გვარის ნაცვლად რეგისტრატორს სხვა გვარის პირადობა მიაწოდა, რის შემდეგაც მას მოსთხოვეს ორივე პირადობის მაგიდაზე დადება და ასე გადაიღეს ფოტო.