ედუარდ მსტოიანი და ედუარდ ჯიქური - რას ნიშნავს ერთი ამომრჩეველი ორი პირადობით - კორძაიას განმარტება

პუბლიკა

რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის წევრმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი დარღვევის მტკიცებულება მოიპოვეს.

„ჩვენ გვაქვს ერთი ადამიანი ორი პირადობის მოწმობით, სადაც ემთხვევა სახელი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, ორივე მოქმედია. არ ემთხვევა გვარი და არ ემთხვევა სერია. ამით  დასტურდება, რომ ხელისუფლება გაყალბებული პირადობების მოწმობებით აყალბებს არჩევნებს”, – ამბობს კორძაია.

პირადობები ეკუთვნის ადამიანს სახელად – ედუარდი, გვარი კი ორ დოკუმენტში სხვადასხვა აქვს – მსტოიანი და ჯიქური.

„პუბლიკა” დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდა კორძაიას. ჩვენ მას ვკითხეთ – როგორ არის შესაძლებელი ამ პირადობების მეშვეობით ორჯერ ხმის მიცემა, ვინაიდან, ამომრჩეველი ერთ ოლქშია ჩაწერილი? – და როგორ მოიპოვეს ამ პირადობების ფოტო?

ჩვენ ნახსენები ამომრჩეველი ამომრჩეველთა სიაში გადავამოწმეთ. ედუარდ მსტოიანი ნამდვილად იძებნება მე-9 ოლქის 85-ე უბანში. ედუარდ ჯიქური კი ოფიციალურ ბაზაში არ იძებნება.

 


კორძაიას თქმით, სამაგიდო სიის გაყალბების გზით მარტივად შეიძლება ერთ ოლქში ჩაწერილი ამომრჩეველი სხვა ოლქშიც მივიდეს ხმის მისაცემად, ფოტო კი ნაძალადევის 42-ე უბანშია მოპოვებული. როგორც დეპუტატი გვიყვება ამომრჩეველს შეეშალა და ამ უბანში ჩაწერილი გვარის ნაცვლად რეგისტრატორს სხვა გვარის პირადობა მიაწოდა, რის შემდეგაც მას მოსთხოვეს ორივე პირადობის მაგიდაზე დადება და ასე გადაიღეს ფოტო.

„საგამოძიებო სისტემის წინაშე ვაყენებთ სისტემური დანაშაულის გამოძიების მოთხოვნას. იუსტიციის სამინისტროდან დაწყებული, ყველა უწყების, რომელიც ამ პროცესში მონაწილეობს, ცენტრალური საარჩევნო კომისიით დასრულებული”. –  ამბობს თამარ კორძაია.

ჩვენ იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინიტროებს დავუკავშირდით. იუსტიციის სამინისტროს გავუგზავნეთ კითხვები, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი გვითხრეს, რომ ამ საკითხს ამ წუთებში არკვევენ.