„როცა ვარდების რევოლუციის გმირი გისოსებს უკან წევს, ამით ვერ ვიქნები კმაყოფილი“ - ალასანია

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა.

მისი ინფორმაციით, სააკაშვილი თავს უკეთ გრძნობს, თუმცა აქვს ზოგადი სისუსტე, უჭირს სიარული. გიული ალასანიას თქმით, ის კმაყოფილია გორის ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალით.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა უკმაყოფილებას გამოთქვამს ერთ საკითხზე:

„გაიხსენეთ, რა დღეა ხვალ [ვარდების რევოლუციის 18 წლისთავი] და როცა ვარდების რევოლუციის გმირი გისოსების უკან წევს და ფანჯარას აქვს გისოსები, ეს არ მომწონს, ამით ვერ ვიქნები კმაყოფილი“, – განაცხადა ალასანიამ.

ალასანია განმარტავს, რომ სააკაშვილს პალატაში სარკმლის გაღების საშუალება აქვს, თუმცა ფანჯარას აქვს გისოსები, რაც, მისი თქმით, დამთრგუნველია.

„თარიღი რომ გავიხსენოთ ხვალ, ამის ფონზე მით უმეტეს დამთრგუნველია და არაბუნებრივი და ჩვენ, როგორც საზოგადოება რას ვფიქრობთ ამაზე? არის ეს ნორმალური ვითარება? არ არის“, – განაცხადა მან.

რაც შეეხება ექიმ ნიკოლოზ ყიფშიძის წინადადებას რეაბილიტაციამდე სააკაშვილის სასჯელის მოხდის გადავადებას, ალასანია ამბობს, რომ ის შვილის გათავისუფლებას ისურვებდა.

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან 50-დღიანი შიმშილობა შეწყვიტა და ამჟამად რეაბილიტაციის კურსს გადის.