როცა წინა ხელისუფლება ვაზს ჩეხდა, მაშინ ბატონი ბიძინა თვალისჩინივით უფრთხილდებოდა უნიკალურ ჯიშებს – ჩხენკელი 

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. მას პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა უთხრა, რომ ალექსანდრე ელისაშვილის შეკითხვას ახმოვანებს და აინტერესებს, რა ნიშნით შეადარა ექვთიმე თაყაიშვილი ბიძინა ივანიშვილს.

„თქვენ შეადარეთ ბიძინა ივანიშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი ერთმანეთს. ერთი იყო ძალიან ღარიბი და მეცნიერი, მეორე არ არის მეცნიერი და მდიდარი ადამიანია, რა ნიშნით შეადარეთ ბიძინა ივანიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს?“, – მიმართა ლევან იოსელიანმა.

განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის ყველა ადამიანი, რომელიც უფრთხილდება ქართულ კულტურას და ისტორიას, არის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილი.

„როდესაც ეს ღონისძიება იყო, სადაც წარმოდგენილი იყო ანზორ ერქომაიშვილის წიგნი, იქ საუბარი გქონდა ქართულ პოლიფონიაზე და ქართული პოლიფონია ჩვენი ვაზის გარეშე წარმოუდგენელია. ეს ქვაკუთხედია ჩვენი კულუტრის და მაშინ მე აღვნიშნე, რომ წინა ხელისუფლების დროს, როდესაც წინა ხელისუფლება ვაზს ჩეხდა, მაშინ ბატონი ბიძინა თვალისჩინივით უფრთხილდებოდა უნიკალურ ნერგებს, ჯიშებს.

ვაზს ქართველისთვის რამხელა ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აქვს, თქვენ კარგად მოგეხსენებათ. თქვენ ასევე ძალიან კარგად იცით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, „ქართუ ფონდი“ რამხელა ძალისხმევას ახმარს ჩვენი კულტურული ძეგლების შენარჩუნების საშვილისშვილო საქმე. ჩემთვის ყველა ადამიანი, რომელიც ასე თვალისჩინივით უფრთხილდება ჩვენს კულტურას ჩვენს ისტორიას და იმ ძეგლებს, რომელზეც დაფუძნებულია ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩემთვის არის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილი“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.