როდესაც გვაიძულებენ, ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, რა თქმა უნდა, მე არცერთს ხმას არ მივცემ - გახარია

პუბლიკა

„მე ხმას ვაძლევ საქართველოსთვის. საქართველოსთვის ნიშნავს იმას, რომ როდესაც გვაიძულებენ, ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, რა თქმა უნდა, მე არცერთს ხმას არ მივცემ“ – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარიამ თვითმმართველობის არჩევნები უარყოფითად შეაფასა. „ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი არჩევნები“ – თქვა მან.

„სამწუხაროდ, ეს არჩევნები არც სამართლიანი იყო, არც თავისუფალი. დარწმუნებული ვარ, ეს ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი არჩევნები იყო. საერთოდ, ყველა თუ არ დავფიქრდით არჩევნებში ფულის როლზე, თუ არ დავფიქრდით არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსების როლზე და თუ არ დავფიქრდით პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო კლასზე, საერთოდ, შესაძლოა, არჩევნებმა აზრი დაკარგოს.

რაც შეეხება მეორე ტურს, რა თქმა უნდა, მე ჩემი მოქალაქეობრივი ვალდებულება უნდა მომეხადა. მე მოვიხადე ეს ვალდებულება. ხმა მივეცი საქართველოსთვის. დღეს ჩვენს 11 მაჟორიტარს და მერობის ერთ კანდიდატს აქვს საარჩევნო დღე და დღესაც მინდა, თითოეულ ამომრჩეველს მოცემული ხმისთვის მადლობა გადავუხადო“,- განაცხადა გახარიამ.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 თვითმმართველ თემსა და 24 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.