როდესაც მხედავს, პოლიტიკური ბნედა ემართება - წულუკიანი ბოკერიაზე

პუბლიკა

„ხმამაღლა იყო დაწერილი მისი სიტყვა. არ არის მისგან უჩვეულო ამ ტიპის მასკარადი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მე მხედავს, ემართება პოლიტიკური ბნედა”, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას გამოსვლას, როდესაც მას ბოკერიამ პოლიტიკური ბოღმისა და სიძულვილის ელექსირი უწოდა.

„მე მინდა, დანანებით აღვნიშნო, რომ ეს ადამიანი ბნელეთისკენ მიაქანებს საკუთარ პოლიტიკურ ძალას, იმის გამო, რომ დღეს მისი პოლიტიკური პარტია, ესენი არ იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩენილი „ნაციონალები”, არამედ ესენი იყვნენ ვითომ გასუფთავებული „ნაციონალები” ბოკერიას თამადობით. მიკროფონები არ იყო და შეიძლება საზოგადოებას არ ესმოდა. ისინი  საყვედურობდნენ პრემიერს, რომ ჯარიმები მაღალი რომ არის, ამას კი არ ვაპროტესტებთო, იმას ვაპოტესტებთ, რომ ეკლესიის წარმომადგენლები არ დააჯარიმეთო”, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი შეფასებით, გიგა ბოკერია არის პროდასავლურობას ამოფარებული ანტიქართული ძალა, რომელიც საკუთარ პარტიას მიაქანებს ბნელეთისკენ.

„ისინი და ბატონი გიგა, რა თქმა უნდა, გაღიზიანებულია, როდესაც მე ვიხსენებ ილია ჭავჭავაძეს; რა თქმა უნდა, გაღიზიანებულია და მსაყვედურობს ხოლმე, რატომ ვიყენებ საუბრისას ქართულ ლიტერატურულ სიტყვებს. ეს არის პროდასავლურობას ამოფარებული ანტიქართული ძალა, რომელიც საკუთარ პარტიას მიაქანებს ბნელეთისკენ. მაგრამ ამაზე, მართალი გითხრათ, ვერ ვიდარდებ”, – განაცხადა წულუკინმა.