ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გამართა, რომელზეც ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასა და აღნიშნა, რომ სამართალდამცავებმა უნდა უზრუნველყონ პარლამენტში ბიუროს სხდომის გამართვა. მისი თქმით, ბლოკირება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. კობახიძემ ასევე ისაუბრა ე.წ. გერმანული მოდელის შესახებ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების” პოზიციით, ეს მოდელი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
“რეაგირება უნდა იყოს მოქმედი კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი. ჩვენ პატივს ვცემთ მშვიდობიანი გამოხატვის და შეკრების უფლებას, თუმცა, ბლოკირება ცალსახად ეწინააღმდეგება კანონს, აქ ორმაგი ინტერპრეტაცია შეუძლებელია.”
ამავე ბრიფინგზე ირაკლი კობახიძეს კითხვა ომბუდსმენის განცხადებაზეც დაუსვეს. „როდესაც ომბუდსმენმა განცხადება გააკეთა, დაავიწყდა, რომ ომბუდსმენია“ – თქვა კობახიძემ.
გუშინ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ოპოზიციის მიერ პარლამენტის პიკეტირებას გამოეხმაურა. ომბუდსმენის თქმით, კანონმდებლობით, პარლამენტის შენობის პიკეტირება დაუშვებელია, მაგრამ ამაზე პასუხისმგებლები ის დეპუტატები არიან, რომლებმაც პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს.