როდესაც თბილისს დაემუქრა რუსული საფრთხე, იუშენკო თბილისში ჩამოვიდა - ფოტიგა

პუბლიკა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ საქართველო არ აპირებს შეურთდეს რუსეთის მიმართ სანქციებს.

ანა ფოტიგას თქმით, როცა საქართველოს ემუქრებოდა საფრთხე, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა, ახლა კი იქ იტანჯება უამრავი ადამიანი და მათ სოლიდარობა სჭირდებათ. სოლიდარობის ერთ-ერთი მაგალითი კი სწორედ სანქციებია.

„მე მინდა გავახსენო საქართველოს ხელისუფლებას, რომ, როდესაც თბილისს დაემუქრა რუსული საფრთხე და სეპარატისტული რეგიონები ე.წ. რესპუბლიკები აღიარეს, მაშინ რეგიონის ლიდერები, მათ შორის, პოლონეთის პრეზიდენტი, აწ გარდაცვლილი ლეხ კაჩინსკი და ასევე უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იუშენკო ჩამოვიდნენ თბილისში, რომ მხარი დაეჭირა საქართველოსთვის“, – თქვა ანა ფოტიგამ „TV პირველის“ ეთერში.

ფოტიგას შეფასებით, მართალია, ის ვერ განსჯის საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, მაგრამ ჩვენს ქმედებებში ჩანს ჩვენი დამოკიდებულებაც.

„ჩვენ უბრალოდ ვაჩვენებთ, ჩვენი ქმედებებით, დამოკიდებულებას თავისუფალი სამყაროსადმი. უდანაშაულო ხალხს თავის სამშობლოში, თავის ტერიტორიაზე თავისუფლად ცხოვრება სწადია – ქვეყანაში, რომელსაც მძიმე შეიარაღებით უტევენ და უამრავი ადამიანი იტანჯება.

ისინი იბრძვიან თავიანთი ქვეყნისათვის და მათ სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენი სოლიდარობა. ერთ-ერთი გამოხატულება კი ამ სოლიდარობისა, არის სანქციები“, – განაცხადა ანა ფოტიგამ [„TV პირველის“ სინქრონული თარგმანი].