როდის და რა ფორმატში დაიწყება სასწავლო პროცესი ქვეყანაში - მინისტრის განმარტება

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ისაუბრა საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით.

ჩხენკელის განმარტებით, 4 ოქტომბრამდე არ იფუნქციონირებენ საბავშვო ბაღები, როგორც საჯარო, ისე კერძო. ხოლო 4 ოქტომბრის შემდეგ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საკოორდინაციო საბჭო შესაბამისს გადაწყვეტილებებს მიიღებს

„ბაღები, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო არ იფუნქციონირებენ 4 ოქტომბრამდე და შემდეგ 4 ოქტომბერს ამ საკითხს დავუბრუნდებით. რაც შეეხება სკოლებს, პროფესიულ კოლეჯებსა და სასწავლებლებს 4 ოქტომბრამდე ისინი იფუნქციონირებენ დისტანციურად.

მინდა დავაკონკრეტო სკოლებთან დაკავშირებით, 15 სექტემბერს, როგორც არის გამოცხადებული, სასწავლო პროცესი იწყება, სემესტრი დაიწყება, მაგრამ დაიწყება დისტანციურ რეჟიმში და ეს იქნება 4 ოქტომბრამდე“, – თქვა მინისტრმა.

ჩხენკელის განმარტებით, 4 ოქტომბრის შემდეგ იქნება დიფერენცირებული მიდგომა. რაც გულისხმობს, რომ იმ ქალაქში ან სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4 პროცენტზე ქვემოთ, სწავლა განახლდება უკვე საკლასო ოთახებში და შესაბამისად, აუდიტორიებში დასწრებულ ფორმატში, იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც 4 პროცენტზე მაღალი იქნება დადებითობის მაჩვენებელი, გაგრძელდება კვლავ დისტანციურ ფორმატში.

მინისტრის თქმით, თუ სწავლა განახლდება დასწრებულ რეჟიმში, მშობელს ექნება არჩევნის შესაძლებლობა და მისი სურვილის შემთხვევაში ბავშვი სწავლას დისტანციურად გააგრძელებს. 

განათლების მინისტრის თქმით, უნივერსიტეტებთან მიმართებით იგივე მეთოდია, სწავლა დაიწყება თითოეული უნივერსიტეტის აკადემიური გრაფიკის მიხედვით, თუმცა 4 ოქტომბრამდე დისტანციურად.

„ერთადერთი გამონაკლისი უნივერსიტეტებში ეს გახლავთ მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური მეცადინეობები იქნება დასწრებულ რეჟიმში. მინდა, აღვნიშნო, რომ თეორიული მედიცინის სტუდენტებისთვის სწავლა მთლიანად იქნება დისტანციური“, – განაცხადა მან.

ჩხენკელის განმარტებით, მედიცინის ფაკულტეტების სტუდენტებისა და ლექტორებისთვის არსებობს ვალდებულება, რომ პრაქტიკული სწავლებისთვის ისინი უნდა იყვნენ ორჯერადად აცრილი.