როდის და რა შემთხვევაში დატოვებენ ციხეს მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი

პუბლიკა

„ცენტრ-პოინტის” დამფუძნებელს მაია რჩეულიშვილს ამნისტიის აქტი შეეხო, თუმცა საპატიმროს დატოვებაზე მას დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება, – ამის შესახებ „პუბლიკას” მისი ადვოკატი ბონდო ვათიაშვილი ესაუბრა.

მისი განმარტებით, რჩეულიშვილს ამნისტიის აქტით სასჯელი გაუნახევრდა, რაც მას უკვე მოხდილი აქვს, თუმცა იმისთვის, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვოს, ორი დათქმაა გასათვალისწინებელი:

„სასჯელი გაუნახევრეს ორი პირობით – ერთი, რომ აანაზღაუროს ზარალი და მეორე – საჭიროა დაზარალებულების თანხმობა. პირველი პირობა შესრულებულია,  გადარიცხულია თანხა იმ ობიექტზე, რაზეც ბრალი წაეყენა – საუბარია „მიონის” ობიექტზე.

ახლა გვჭირდება დაზარალებულების თანხმობა, თუმცა ეს კანონში გაუგებრად წერია, როგორ უნდა მივიღოთ. სასამართლოში უნდა გამოცხადდნენ დაზარალებულები, ელექტრონულად უნდა ჩაერთონ თუ ნოტარიუსის წესით, ეს გაუგებარია და ახლა ვდილობთ ამ პროცედურებში გარკვევას”, – ამბობს ადვოკატი.

„მიონის“ ეპიზოდზე საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოშია და მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმების პირობებზეც მიმდინარეობს მოლაპარაკება.

„თვითონ მუხლს ბუნებრივია ეხება ამნისტია, მაგრამ ვინაიდან დაზარალებულების რაოდენობა არის 180 ადამიანი, ტენიკურად ეს არის რთული საკითხი, სასამართლო სხოდომაზეც ვერ გაერკვნენ მოსამართლეები, როგორ უნდა მოხდეს ამის ტექნიკურად შესრულება, ამიტომ არ ეტაპზე ასევე მივდივართ საპროცესო შეთანხმების გზით”, – ამბობს მისი კიდევ ერთი ადვოკატი მარინე ცუცქირიძე „მთავარ არხთან” საუბრისას.

კომპანია „ცენტრ პოინტის” დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის მაია რჩეულიშვილის წინააღმდეგ საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს. მას „მიონის” ეპიზოდზე 7 წელი მიესაჯა, საიდანაც 4 წელი და 6 თვე უკვე მოხდილი აქვს.

რაც შეეხება „ცენტრ-პოინტის” კიდევ ერთ დამფუძნებელს რუსუდან კერვალიშვილს, მარინე ცუცქირიძის თქმით, მისთვის მისჯილი 4 წელი სრულად მარტის ბოლოს გადის და ის საპატიმროს 2 თვეში დატოვებს.

კერვალიშვილსა და რჩეულიშვილს ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88-ის” ეპიზოდზე 4-4 წელი 2017 წელს მიესაჯათ.