როდის მიიღებს პრეზიდენტი გადაწყვეტილებას ინსპექტორის შესახებ კანონზე

პუბლიკა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კანონში ცვლილებები პარლამენტმა პრეზიდენტს 31 დეკემბერს გადაუგზავნა ხელმოსაწერად. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, პრეზიდენტს 10-დღიანი ვადა აქვს ხელმოწერისთვის და 14 იანვრამდე გახდება ცნობილი, მოაწერს კანონში ცვლილებებს ხელს, თუ ვეტოს გამოიყენებს.

ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისa და საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 30 დეკემბერს დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, სახელმწიფოს ინსპექტორის სამსახური, მოქმედი ფორმით უქმდება და იქმნება ორი ახალი სამსახური, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პერსონალური მონაცემების დაცვასა და სამართალდამცავთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე.

საერთაშორისო პარტნიორებისa და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების შეფასებით, კანონში ცვლილებები არაკონსტიტუციურია და ქართული დემოკრატიისთვის უკიდურესად დამაზიანებელი გადაწყვეტილებაა. 5 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდეს გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური უფლებამოსილება და ვეტო დაადოს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს, ხოლო საკანონმდებლო ცვლილებების კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს პარლამენტს.