როგავას, ხაბეიშვილისა და მაისაშვილის მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

პუბლიკა

პროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილისა და გურამ როგავას მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებულ 4 სპეცრაზმელსა და დაცვის პოლიციის 1 თანამშრომელს – გ.კ.-ს, ზ.ჩ.-ს ა.ბ.-ს, ტ.ბ.-ს და გ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა.

უწყება ხუთივე მათგანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ 2024 წლის 30 ნოემბერს დაახლოებით 06.30 საათზე, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმჟამინდელმა ორმა თანამშრომელმა ტ.ბ.-მ და გ.ბ.-მ რომელთაგან ერთ-ერთი დღეის მდგომარეობით დაცვის პოლიციის თანამშრომელია, ფიზიკურად იძალადა ზვიად მაისაშვილზე, რის შედეგადაც მაისაშვილმა დაკარგა გონება.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ 2024 წლის 30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომელმა, რომელიც დღეის მდგომარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსია ზ.ჩ-მ და ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთმა თანამშრომელმა ა.ბ.-მ, ფიზიკურად იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე.

ასევე, გამოძიების მიერ დადგენილია, რომ 2024 წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა გ.კ.-მ ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტ გურამ როგავაზე, რომელიც თავდასხმის მომენტში ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


5 მაისს ტელეკომპანია „ფორმულამ“ განაცხადა, რომ გამოავლინა არხის ყოფილ ჟურნალისტზე, გურამ როგავაზე თავდამსხმელის ვინაობა.

გადაცემის „ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან“ საგამოძიებო რეპორტაჟი ეთერში 5 მაისს გავიდა.

გადაცემაში დაასახელეს თავდამსხმელის ინიციალები – ი.შ., რომელსაც ტელეარხი დაუკავშირდა – მან გურამ როგავაზე თავდასხმა უარყო.

სიუჟეტის შემდეგ პროკურატურამ გამოჰკითხა ელისო ჯარიაშვილი – 6 მაისს, და – გურამ როგავა დღეს, 7 მაისს.

გურამ როგავა 2024 წლის 29 ნოემბერს საპროტესტო აქციის დაშლას პირდაპირ ეთერში აშუქებდა, რა დროსაც სპეცრაზმელი თავს დაესხა. მას დაფარული ჰქონდა სახე და არ გქონდა არანაირი მაიდენტიფირებელი ნიშანი. შედეგად გურამ როგავამ კისრის მე-7 მალის (მოტეხილობა) და სახის ძვლების მოტეხილობა მიიღო.

ლევან ხაბეიშვილს თავს დაესხნენ 1 მაისის ღამეს (30 აპრილის აქციის დარბევისას), პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მისი განცხადებით, ის აქციაზე დაშავებულ მოქალაქეს ეხმარებოდა, როდესაც სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა იგი ალყაში მოაქციეს, ტერიტორიიდან გაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თავდასხმის შედეგად მან მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ფოტოებსა და ვიდეოებში, რომლებიც მოგვიანებით გავრცელდა, ჩანდა, რომ მას ჰქონდა სახის ძლიერი შეშუპება, სისხლჩაქცევები და გატეხილი ცხვირი. მოგვიანებით დადასტურდა ცხვირისა და ყბა-სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე ტვინის შერყევა.

ზვიად მაისაშვილს სპეცრაზმელები თავს დაესხნენ 2024 წლის 30 ნოემბერს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დარბევის დროს. გავრცელებულ კადრში ჩანს, როგორ ურტყამს მას ათამდე შავებში ჩაცმული ნიღბიანი პოლიციელი. ერთი მათგანი მას ფერდებში წიხლს ურტყამდა, მეორე – სახეში ასევე ფეხს, მესამემ კი დახმარების სათხოვნელად წამოწეულს ისევ წიხლს დაამატა.

თავდასხმის შედეგად მან მიიღო ტვინის შერყევა და ცხვირის მოტეხილობა.