თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ იმჟამინდელ სპეცრაზმელებს.
დღეს აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრის სასამართლო პროცესები თავიდანვე დახურული იყო, ანუ მასზე დასწრება ჟურნალისტებმა და მოქალაქეებმა ვერც სხდომის დასაწყისში შეძლეს.
პროკურორ ლაშა გამყრელიძის თქმით, ხაბეიშვილზე თავდასხმაში ბრალდებულთა სხდომის დახურვის მიზეზი გახდა „პროცესის მონაწილეთა პირადი უსაფრთხოება“. მან არ დაასახელა ბრალდებულთა სახელები და გვარები მათი „პირადი და ოჯახის წევრების უსაფრთხოების გათვალისწინებით“. მისივე თქმით, „ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ“.
პროკურორ გიორგი ნადირაძის თქმით, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულებიც დანაშაულს აღიარებს. მისივე განცხადებით, „ამით საქმე არ მთავრდება, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“.
ნადირაძემ არ უპასუხა შეკითხვას, გამოიკითხა თუ არა გდდ-ის ყოფილი უფროსი ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“). მისივე თქმით, სხდომა დახრულ რეჟიმში ტარდება „გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით“.
7 მაისს პროკურატურამ განაცხადა, რომ 2024 წლის აპრილ-მაისსა და ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ ძალადობის საქმეზე იდენტიფიცირებული და დაკავებულია 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე, შსს-ის დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი.
8 მაისს პროკურატურამ მათ ბრალი წარუდგინა და დაასახელა ინიციალები: გ.კ., ზ.ჩ., ა.ბ., ტ.ბ. და გ.ბ.
ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე.
წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება ძალადობის ეპიზოდებს, პროკურატურის თანახმად:
პირველი ეპიზოდი: 2024 წლის 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმჟამინდელმა ორმა თანამშრომელმა, რომელთაგან ერთ-ერთი დღეის მდგომარეობით დაცვის პოლიციის თანამშრომელია, ფიზიკურად იძალადა ზვიად მაისაშვილზე, რის შედეგადაც მაისაშვილმა დაკარგა გონება.
მეორე ეპიზოდი: 2024 წლის 30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომელმა, რომელიც დღეის მდგომარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, ფიზიკურად იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე.
მესამე ეპიზოდი: 2024 წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტ გურამ როგავაზე, რომელიც თავდასხმის მომენტში ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას.