როგორ აპირებს წალენჯიხის მერია პირველკლასელებისთვის სასკოლო კვების დანერგვას

პუბლიკა

გუშინ, 23 იანვარს, წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ მუნიციპალიტეტის სკოლებში პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის ამოქმედება დააანონსა.

პროგრამის თაობაზე მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით „პუბლიკა“ წალენჯიხის მერიას დაუკავშირდა და მერის პირველ მოადგილეს, ივანე ბურდულს ესაუბრა.

ჩვენი შეკითხვების პასუხად წალენჯიხის მერიაში განგვიმარტეს, რომ პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება და ჯამში 220 ათას ლარს საჭიროებს. პროგრამაში ჩაერთვება მუნიციპალიტეტის 30 საჯარო სკოლა და ჯამში 300-მდე პირველკლასელს მოიცავს.

თითოეული პირველკლასელისთვის  განკუთვნილი იქნება ყოველდღიურად დაახლოებით 4 ლარი, რომელიც მათ სპეციალურ ბარათებზე დაერიცხებათ. ბარათების გამოყენება პირველკლასელებს შეეძლებათ როგორც სკოლის სასადილოში, ასევე ქსელურ და ადგილობრივ მაღაზიებში.

მერის მოადგილე განმარტავს, რომ ბიუჯეტში მიღებულმა შემოსავლებმა მათ შესაძლებლობა მისცა პირველკლასელთა კვებისთვის თანხა უკვე მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილიყო.

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ამჟამად არის 268 პირველკლასელი, გავთვალეთ 300 ბენეფიციარზე. 180 დღე არის სასწავლო პერიოდი. თითო ბავშვზე გავთვალეთ 4 ლარის ოდენობით კვება. 4 ლარის კვება დავნიშნეთ იმიტომ, რომ ეს ერთჯერადი კვებისთვის საკმარისი თანხაა. მაგალითად,  ჩვენს ბაღებში სამჯერად კვებაზე (გატარებული რეფორმის ფარგლებში) თითო ბავშვზე გათვალისწინებულია 4 ლარი და 20 თეთრი. ეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაძლებლობების ფარგლებში ნორმალური თანხაა.

რატომ პირველკლასელები? პრიორიტეტი მივანიჭეთ პირველკლასელებს იმიტომ, რომ ბაღში ბავშვი მიჩვეული არის კვებას და პირველ კლასში კვების გარეშე ყოფნა მისთვის დიდი სტრესია და ხშირ შემთხვევაში მშობლებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ 2-3 ლარი მისცენ ბავშვს და გაუშვან სკოლაში. ამის საშუალება ბევრ მშობელს არ გააჩნია. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს ყოფილიყო პრიორიტეტი.

ასევე იყო ის გათვლა,  რომ ეს სატესტო რეჟიმია, მსგავსი რომ არ გაკეთებულა ჯერ და გვინდა, რომ ეს წელი გავაკეთოთ სატესტო რეჟიმში, გამოწვევები დავინახოთ უფრო რეალურად, ვნახოთ ხარვეზები, მერე გამოვასწოროთ, ვიმუშაოთ მერე ამ ყველაფერზე. შემდგომში უკვე, დარწმუნებული ვარ, რომ ამას ექნება ძალიან დადებითი რეზონანსი, გეგმაში გვაქვს, რომ შემდეგი კლასებიც ეტაპობრივად დავფაროთ (დაწყებითი კლასები) “, – განმარტავს ის.

მერის მოადგილე განმარტავს, რომ მათ მიერ მოძიებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მდებარე 30 სკოლიდან სასადილო მხოლოდ 6 სკოლაში ფუნქციონირებს. სწორედ ამიტომ მხოლოდ სასადილოების „იმედზე ვერ იქნებიან“  და  პირველკლასელებს ბარათის გამოყენება ადგილობრივ მაღაზიებშიც შეეძლებათ.

„მეორე ვერსია განიხილებოდა, რომ გამოგვეცხადებინა ტენდერი, შემოგვეყვანა რამდენიმე კომპანია, რომელიც უზრუნველყოფდა ყოველდღიურად საჭმლის მიწოდებას და დარიგებას სკოლებში. მაგრამ წალენჯიხა არ არის ტერიტორიულად მცირე მოცულობის, სოფლები საკმაოდ შორს არის ერთმანეთთან (30-40- წუთის გზაა). ამიტომ ცენტრიდან, ერთი კონკრეტული ლოკაციიდან ყველა სკოლის მომარაგება იქნებოდა პრობლემური.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საკვები უნდა მიეწოდოს ყველა სკოლას ერთსა და იმავე დროს. ამიტომ ეს ვერსია გამოირიცხა. მით უმეტეს, რომ ზაფხულში საკვების მიწოდებისას სურსათის უვნებლობის რეგულაციების დაცვის აუცილებლობისკენ მივყავართ, საჭიროა სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები იმისათვის, რომ საკვები არ გაფუჭდეს. ეს პრობლემურია, ამიტომ მივედით საბოლოოდ იმ დასკვნამდე, რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა, დაგვერიგებინა ბარათები. ბარათებზე თანხის ლიმიტს ჩვენ ვაკონტროლებთ ცენტრალიზებულად ბანკის მეშვეობით და ბავშვს შეეძლება საშუალოდ დღიური 4 ლარის გამოყენება. იმ სკოლებში, სადაც სასადილოებია, ბავშვი შეძლებს ბარათის გამოყენებას. ბარათის გამოყენება ასევე შესაძლებელი იქნება ქსელურ და ადგილობრივ მარკეტებშიც“.

მერის მოადგილე განმარტავს, რომ სოფლად მდებარე სკოლების შემთხვევაში, სადაც შესაძლოა მარკეტი არ იყოს, დაშვებული იქნება არა დღიური, არამედ ყოველკვირეული ან ორკვირეული ლიმიტის (მაგ 20 ლარის ოდენობით) პროდუქტის ყიდვის შესაძლებლობა, რომელსაც ერთიანად იყიდის მშობელი და მერე ყოველდღიურად სკოლაში გაატანს ბავშვს.

შეკითხვაზე, თუ როგორ მართავენ ბავშვების დაბალანსებული კვების საჭიროებასთან დაკავშირებულ რისკებს, ის ამბობს, რომ ბავშვების დაბალანსებულ კვებაზე ზრუნვა პროექტის სამომავლო განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე, როცა პროგრამა პირველად ხორციელდება, მხოლოდ პირველკლასელებზეა საუბარი და საერთო ბიუჯეტიც მწირია, გაჭირდება კომპეტენტური კომპანიის მოძიება, რომელიც სკოლებს მოსწავლეებისთვის დაბალანსებულ საკვებს მიაწვდის. ამიტომ მისი შეფასებით, ამ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილება ოპტიმალურია.

„ჩვენ ამაზე [დაბალანსებული კვების შეთავაზებაზე] ვფიქრობთ და ვმუშაობთ, აქ არის მწირი ფინანსური რესურსების პრობლემა, მაგრამ ახლა ძირითადი ნაბიჯი უნდა გადაგვედგა. ეს ნაბიჯი აუცილებელია იმისათვის, რომ ყველას დავანახოთ, რომ თუნდაც მცირე ბიუჯეტითაც კი შესაძლებელია რაღაცის დაწყება“,- ამბობს ბურდული.

**************

ერთ წელზე მეტია განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ საჯარო სკოლებში მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის მიმართულებით „ინტენსიური მუშაობა გრძელდება.“ „პუბლიკის“ არაერთი მცდელობის მიუხედავად, სამინისტროდან ვერ მივიღეთ პასუხი თუ კონკრეტულად რა ეტაპზეა სამუშაოები.

2021 წლის 14 ოქტომბერს მოძრაობა „ხმამ“ სკოლებში უფასო კვების მოთხოვნით კამპანია დაიწყო. მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ საჯარო სკოლებში სახელმწიფომ უნდა დაიწყოს ბავშვთა სასკოლო კვების საყოველთაო პროგრამა. მოგვიანებით მოძრაობამ კვლევის ანგარიშიც გამოაქვეყნა, რომელშიც აღწერილია თუ რას ჰყვებიან მასწავლებლები სკოლებში მოსწავლეთა შიმშილის შესახებ, აღწერენ თუ რა გავლენას ახდენს ეს სასწვალო პროცესზე და რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს უფასო სასკოლო კვლებას სასკოლო საზოგადოებისათვის. გამოკითხვის მონაწილე პედაგოგები ინტერვიუებში ყურადღებას ამახვილებენ, რომ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ფონია, საჯარო სკოლებში კი ბევრი გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი მოსწავლეა.

მოძრაობა „ხმამ” ასევე გამოაქვეყნა საორიენტაციო ბიუჯეტი, თუ რა ეღირება უფასო სასკოლო კვება საქართველოში. მათი გაანგარიშებით, ამ გაანგარიშებით, ერთი მოსწავლისთვის განკუთვნილი ულუფის საშუალო ღირებულება 1.66 ლარია. შესაბამისად, ერთი მოსწავლის საკვები ბიუჯეტს წელიწადში, საშუალოდ, 266 ლარი დაუჯდება. საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეზე გათვლით, მხოლოდ საკვებზე დანახარჯი 144.8 მილიონ ლარს შეადგენს.

სკოლებში მოსწავლეთა კვების უზრუნველყოფა მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის ნაცნობი და გამოცდილი პრაქტიკაა, რაც ერთ-ერთ ეფექტიან გზად განიხილება ბავშვებისა და მათი ოჯახების სოციალური დაცვისთვის.

როგორია სასკოლო კვების პროგრამების საერთაშორისო გამოცდილება, რამდენად საჭიროა და რა პერსპექტივა აქვს მსგავსი პროგრამის ქართულ სკოლებში დანერგვას  – ეს საკითხი კონკრეტულ სტატისტიკურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გაანალიზებულია პოლიტიკის დოკუმენტში, რომელიც კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა 2021 წელს მოამზადა.

პოლიტიკის დოკუმენტში ნათქვამია, რომ სასკოლო კვების პროგრამის ფარგლებში მიწოდებულ მიკროელემენტებით დაბალანსებულ რაციონს, სხვა თანმდევ ინტერვენციებთან ერთად, შეუძლია, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ბავშვებში არასათანადო კვებასა და მის შედეგად გამოწვეულ დაავადებებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯანსაღი კვების ხელშეწყობა სკოლებში ნაწილობრივ მაინც აბალანსებს ბავშვების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მიხედვით განსხვავებას.

უფრო ვრცლად დოკუმენტში გაანალიზებული ინფორმაციის შესახებ იხილეთ ბმულზე.