„როგორ არის თქვენი საყვარელი ფორმულა? პრეზიდენტი დუმს“ - ზურაბიშვილი

პუბლიკა

პრეზიდენტ ზურაბიშვილს ოპოზიცია ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს. ზურაბიშვილს ამ დრომდე არ გამოუხატავს პოზიცია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

დღეს, ავტომობილისკენ მიმავალ ზურაბიშვილს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა ჰკითხა, აპირებს თუ არა გვარამიას შეწყალებას.

„როგორ არის თქვენი საყვარელი ფორმულა? „პრეზიდენტი დუმს“, – უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა.

გუშინ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 220-ე მუხლით, ორ ეპიზოდში: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტლებით, სასჯელის ზომა – 3 წელი და 6 თვე, ძალაში დარჩა, თუმცა საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, საპატიმრო სასჯელი გვარამიას ერთი ეპიზოდის ნაცვლად, ორ ეპიზოდზე მიესაჯა.

გუშინ სასამართლოს დასრულების შემდგომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოოდა ნიკა გვარამია შეიწყალოს და ასე გადადგას ნაბიჯი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისკენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ნიკას დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, მინდა, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ღიად მოვუწოდო, საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, რა თქმა უნდა, მიმართვის შემთხვევაში და ამას ჩვენ მოვიფიქრებთ… იმიტომ, რომ ეს არის პარტნიორებთან ძალიან სერიოზულად განსახილველი საკითხი. შეასრულოს, აიღოს საკუთარი პასუხისმგებლობა და ნიკა გვარამია გაათავისუფლოს, რადგან ეს არ ეხება მის მხოლოდ პოლიტიკურ შეხედულებებს, ეს ეხება საქართველოს ევროპულ მომავალს, ევროპულ ინტეგრაციას“, – განაცხადა დეკანოიძემ.