როგორ ასაბუთებს სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის მზადაა, შიმშილობა შეწყვიტოს, თუკი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანენ იმ სამოქალაქო კლინიკაში, რომელსაც შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებული კონსილიუმი გადაწყვეტს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაშია, წერილში ხსნის იმ მიზეზებსაც, შიმშილობის 42-ე დღეს რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

„მივმართავ ყველა ქართველს. ხელისუფლების ქმედებები ჩემი შიმშილობის პირველი დღიდან დღემდე, მიზანმიმართული მკვლელობის ოპერაციაა. დამკვეთი ერთადერთია – ვლადიმერ პუტინი.

დღეს გავრცელებული კადრები, რომელიც კარგად ასახავს, ვინ არის გამარჯვებული და ვინ – ბნელეთის მხარეს, უმძიმესად აზიანებს თავად ხელისუფლებას. ამიტომ თითქოს პარადოქსია, რატომ გამოაქვეყნა ხელისუფლებამ ეს კადრები.

თუმცა, ამ პარადოქსს სრულიად ცხადი ახსნა აქვს – მოხდეს ქართველი პატრიოტების უკიდურესი გაბრაზება. იმდენად, რომ ხელისუფლების მომდევნო პროვოკაციებმა გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპრება, რასაც მოჰყვება რუსეთის შემოსვლა და ქვეყნის ოკუპაცია, მათ მიერ საზღვართან მიმდინარე „საფრთხეების განეიტრალების“ საფარქვეშ.

შესაბამისად, მე, როგორც ამ ქვეყნის თავგადაკლულ პატრიოტსა და თანამედროვე სახელმწიფოს დამფუძნებელს არ მაქვს უფლება, არ შევეწინააღმდეგო ამ კატასტროფული სცენარის განვითარებას.

ჩემი შიმშილობა უკვე ხდება რუსეთისა და მოქმედი ხელისუფლების ბრძოლის იარაღი, ოღონდ, არა ჩემს, არამედ ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგოდ.

ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, გავითვალისწინო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ასევე, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდება და შევწყვიტო შიმშილობა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.