როგორ დაეხმარება სახელმწიფო ფერმერებს - სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენენ.

პრეზენტაციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შემუშავდა პროგრამა, რომელიც ფერმერების მხარდაჭერას და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდას ითვალისწინებს.

გახარიას თქმით, ამ პროგრამის მიზანია, რომ აგრარული პროცესი არც ერთი დღით არ გაჩერდეს და „არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი მიწა ქვეყანაში“. ამ მიზნის მისაღწევად მთავრობა სოფლის მეურნეობის პროგრამებს დაფინანსებას გაუზრდის, ასევე შემუშავდა დამატებითი ღონისძიებებიც:

თითოეული ფერმერი, რომელსაც დარეგისტრირებული აქვს მიწა, ერთ ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით (მაგალითად, საშუალო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომელთაც 10 ჰა მიწა აქვთ, მიიღებენ 2000 ლარს); გახარიას თქმით, ეს, რა თქმა უნდა, პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზეც, რომლებსაც აქვთ შედარებით ნაკლები მოცულობის ფართობის მიწები.

ყველა ფერმერი 1 ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად იქნება საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი;

ყველა ფერმერი საქართველოში, რომელთა რაოდენობა არის  42 000, სრულად განთავისუფლდება საირიგაციო საფასურსიგან და 2020 წლის განმავლობაში სარწყავი წყალი ექნებათ უფასო;

თითოეული ფერმერი, რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა, სასათბურე მეურნეობის მოწყობა ან სარწყავი სისტემის მოწყობა, მას სახალმწიფო პირდაპირი ფინანსური დახმარების სახით დაეხმარება ამ სამუშაოების ღირებულების 50%-ით.

გახარიას განცხადებით, ამ ყველაფრის მისაღებად, ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, 20 მაისიდან მიმართონ სოფლის მეურნეობის ქვედანაყოფებს.

დაახლოებით, 200 000 ფერმერისთვის გამოყოფილი დახმარების ბიუჯეტი, პრემიერის თქმით, იქნება 300 მილიონი ლარი.

გიორგი გახარიას განცხადებით, ფერმერებისთვის განკუთვნილი დახმარებით ისარგებლებენ ის ადამიანებიც, რომლებსაც მიწა ჯერ არ აქვთ დარეგისტრირებული, თუმცა წლის ბოლომდე მოახერხებენ ნაკვეთის გაფორმებას.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პროგრამის გარკვეული ნაწილი მომავალი წლის რაღაც პერიოდსაც მოიცავს“, – განაცხადა პრემიერმა.

შესწორება: თავდაპირველ ვერსიაში იყო, რომ ყველა ფერმერს სარწყავი წყალი 20 წლის განმავლობაში ექნებოდა უფასო. ამის შესახებ პერმიერ-მინისტრმა თქვა, თუმცა, მოგვიანებით სოფლის მეურნეობის მინისტრმა განმარტა და დააზუსტა, რომ სარწყავი წყალი უფასო იქნება 2020 წლის განმავლობაში და არა 20 წლის განმავლობაში.