2020 წლის 28 მარტისთვის შეერთებული შტატები გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც კორონავირუსის გავრცელების შემთხვევებით, 100 ათასს გადააჭარბა. ეს მაშინ, როდესაც სულ რაღაც 1 კვირით ადრე, აღნიშნული რიცხვი 5-ჯერ ნაკლები იყო. საინტერესოა, რა არის ამის მიზეზი, როგორ დაკარგა შეერთებულმა შტატებმა პანდემიის კონტროლი და როგორ აპირებენ ისინი ვირუსთან გამკლავებას?
ამაზე პასუხი მარტივი არ არის, რადგან ის შეერთებული შტატების სოციალურ თუ პოლიტიკურ მიმართულებებზე დაკვირვებას მოითხოვს.
პირველ რიგში, როგორც დასავლეთის თითქმის ყველა ლიდერმა, არც შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ მიიჩნია Covid-19 განსაკუთრებული ყურადღების ობიექტად და არსებით გამოწვევად ჯანდაცვის სფეროსთვის. პირველად, პრეზიდენტმა ტრამპმა იგი ჩვეულებრივ გრიპს შეადარა, ვიდრე უფრო სერიოზული ქმედებები გახდებოდა საჭირო.
14 მარტისთვის ტრამპმა ფედერალურ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 15-ში გასცა დეტალური სახელმძღვანელო მითითებები, თუმცა იმ დროისთვის ინფიცირების ჯამური შემთხვევა ჯერ კიდევ, სულ რაღაც, 4 ათასი იყო.
31 მარტის მდგომარეობით, შეერთებულ შტატებში, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უკვე 180 ათასი შემთხვევაა რეგისტრირებული, რაც თითქმის 2-ჯერ აღემატება იტალიის მაჩვენებელს. სახელდობრ, ნიუ იორკის შტატის მონაცემებს თუ ავიღებთ, იგი მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით, ჩინეთის შემდეგ მე-5 ადგილს იკავებს, 80 ათასამდე შემთხვევით.
მკვლევრების აზრით, მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვე, ტესტების მაღალი რაოდენობა, ხშირი სამგზავრო მიმართულების ფაქტორი და დაგვიანებული რეაქცია – ეს არის ნიუ იორკის ასეთი მაჩვენებლების შედეგი.
იქიდან გამომდინარე, რომ კორონავირუსი მარტივად გავრცელებადი ინფექციის ჯგუფს მიეკუთვნება, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ იგი განსაკუთრებით სახიფათოა მაღალი პოპულაციის ადგილებისთვის, სადაც კავშირები და ურთიერთობები გამორჩეულად აქტიურია. ამიტომ ნიუ იორკის, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი სოციალური თუ პოლიტიკური ცენტრისთვის, მსგავსი სტატისტიკა, შესაძლოა, ნაკლებად მოულოდნელიც კი იყოს.
მედიაში ფართოდ გავრცელებული შეხედულების თანახმად, სწორედ დაგვიანებული ფედერალური რეაქცია იყო ის, რამაც შემთხვევების მატება ასე წაახალისა. თუმცა მსგავს განცხადებამდე, ალბათ უფრო მეტი კონკრეტიკაა საჭირო.
კერძოდ, შეერთებული შტატების სისტემის სირთულიდან გამომდინარე, არსებობს უფლებათა ჩამონათვალი, რომლებიც ფედერალური მთავრობისგან თითოეულ შტატს აქვს გადაცემული. შეერთებულ შტატებში დამკვიდრებული თვითმმართველობის აქტიური კულტურიდან გამომდინარე, ასეთი ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. შესაბამისად, ამერიკელების ყოველდღიურ ცხოვრებას პირველ რიგში სწორედ შტატის გუბერნატორი და ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოები განსაზღვრავენ, რომელთა როლი კრიზისის გამკლავების მხრივ მეორეხარისხოვნად არ უნდა იქნეს მიჩეული. სწორედ ამიტომ, მათი კოორდინირება ფედერალურ მთავრობასთან, ალბათ, უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო.
მაგალითისთვის, როდესაც დონალდ ტრამპმა ევროკავშირთან ავიამიმოსვლა აკრძალა, მის მიმართ კრიტიკა არავის დაუშურებია და ეს ნაბიჯი გადაჭარბებულად მიიჩნიეს, თუმცა, პანდემიის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილება გაზვიადებულად აღარავის ეჩვენება და ვერც მოგზაურთა მსურველებს შევხვდებით სადმე.
პანდემიამ მნიშვნელოვანი რყევა გამოიწვია აშშ-ის ეკონომიკაში. მაგალითად, მწვავე და შესამჩნევი ვარდნის შემდგომ, 24 მარტს Dow Jones-ის აქციების ფასმა ერთ დღეში 2 112 პუნქტით მოიმატა და 1933 წლის შემდეგ რეკორდული გაუმჯობესება აჩვენა. ამასთან, მოსალოდნელია უმუშევრობის კატასტროფული მომატება, რადგან მათ რიცხვს 3.3 მილიონი ადამიანი უკვე შეემატა. გარდა ამისა, კონგრესმა, გაჭიანურების მიუხედავად, ორპარტიული მხარდაჭრით მიიღო 2-ტრილიონიანი კანონპროექტი, რომელიც ვირუსთან ბრძოლის სხვადასხვა ღონისძიებას ითვალისწინებს. აქედან, 250 მილიარდი მიმართული იქნება ამერიკელთათვის ერთჯერადად გადასაცემად.
ეკონომიკის გადარჩენის მიზნით, დონალდ ტრამპი ხალხს სამსახურში დაბრუნებას სააღდგომოდ მოუწოდებდა, რისი მთავარი მიზანიც, სავარაუდოდ, ბირჟაზე დადებითი მოლოდინის შექმნა იყო, თუმცა მსგავსი გადაწყვეტილებით, ტრამპი თავის, როგორც ლიდერის რეპუტაციას შეუქმნიდა საფრთხეს. ამიტომ, საგანგებო მდგომარეობა 30 აპრილამდე გადაიდო.
ტრამპის ადმინისტრაციაში კარგად ესმით, თუ რა დევს სასწორზე. უმუშევრობის ისტორიულ მინიმუმამდე დაყვანის გამო, ტრამპს ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების მოლოდინი ჰქონდა, თუმცა გარდამტეხი დღეები ჯერ კიდევ წინაა. მეტიც, მის პრეზიდენტობას ამომრჩეველი უკვე, ალბათ, უფრო იმის მიხედვით შეაფასებს, თუ როგორ გაუმკლავდება იგი დრამატული და სახიფათო კორონავირუსის გამოწვევას.