როგორ გამოვლინდება სკოლის წარმატებული დირექტორი - კონკურსი დაიწყო

პუბლიკა

სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსი დაიწყო.

კონკურსის მიზანია საჯარო სკოლის პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდის მხარდაჭერა, წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისათვის; სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე მიმართული შიდა სასკოლო ძალისხმევის მხარდაჭერა საქართველოს საჯარო სკოლებში.

სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი დირექტორების რეგისტრაცია ვებგვერდზე – www.efageorgia.ge – 29 ოქტომბრიდან 16 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შემდეგ კი, კონკურსანტთა შერჩევის სამ ეტაპიან პროცესს 17 წევრისგან დაკომპლექტებული საბჭო წარმართავს. საბჭოში შედიან განათლებისა და მართვის სპეციალისტები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.

კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდებიან ფინალისტები, ხოლო მესამე ეტაპზე, 2020 წლის 25 მაისს გამოვლინდება სამი გამარჯვებული – გრანპრის და სპეციალური პრიზის მფლობელები.

გრანპრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით გადაეცემა 5000 ლარი, ხოლო სკოლას სპეც-პროექტის განსახორციელებლად – 30 000 ლარი. სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს კი პრიზის სახით გადაეცემათ 2000-2000 ლარი. მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი შეადგენს 25 000 ლარს. სკოლის შორის თანხის გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის საბჭო.

კონკურსის კრიტერიუმებია,- ისტორია და მოტივაცია, სკოლის მართვა და განვითარება, სწავლა-სწავლების ხარისხის განვითარება, ინკლუზიური და პოზიტიური სასკოლო კლიმატის განვითარება, რესურსების განვითარება და მოზიდვა.

კონკურსს ახორციელებს განათლების კოალიცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით. პროექტის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. სხვა მხარდამჭერები არიან: „თიბისი“, ტელეკომპანია იმედი, KPMG Georgia და მარკეტინგული კომპანია „4media”.