როგორ განმარტავს გაბუნია კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის კლებას

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა ჰკითხეს – რას შეიძლება უკავშირდებოდეს კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის კლება. მინისტრის მოადგილემ რამდენიმე შესაძლო მიზეზი დაასახელა, მათ შორის, ერთ-ერთი ვაქცინაა:

„ამის მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე. ერთი რაც არის – გარდაცვალების შემთხვევების მატება ან კლება აღინიშნება ინფიცირების შემთხვევების მატების ან კლებიდან დაახლოებით 2-3 კვირის დაგვიანებით. როდესაც ჩვენ დეკემბრის ბოლოს გვქონდა შედარებით დაბალი მაჩვენებლები, ეს არის პრინციპში ამისი გამოხატულება, თუმცა გარკვეულწილად იმედისმომცემია ისიც, რომ შემთხვევების მატებასთან ერთად ჰოსპიტლებში არ იზრდება ინტენსიურ თერაპიასა და რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი პირების რაოდენობა. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ვაქცინირებულების გარკვეული ფენა, რომელიც ქვეყანაში უკვე შეიქმნა; რა თქმა უნდა, ესეც გარკვეულწილად დაცვის საშუალებას იძლევა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ომიკრონის შტამს მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს, როცა პირი აცრილია, თუმცა სხვა შემთხვევაში დიდი სიფრთხილეა საჭირო.

„რაც შეეხება ომიკრონის შედარებით მსუბუქ მიმდინარეობას, ამაზეც გარკვეული მოსაზრებები არის, მაგრამ სპეციალისტები მაინც მოგვიწოდებენ, რომ ფრთხილად ვიყოთ და ნუ გავთამამდებით იმის მოლოდინში, რომ ომიკრონი იქნება მსუბუქი. ომიკრონი მიმდინარეობს მსუბუქად, თუ პირი არის ვაქცინირებული, ეს დადასტურებულია, მაგრამ სხვა შემთხვევაში, განსაკუთრებით თუკი პირს აქვს სხვა თანმხლები დაავადება, დიდი სიფრთხილეა საჭირო“, – განაცხადა გაბუნიამ.

LB loan image desktop LB loan image mobile