როგორ განმარტავს მდინარაძე კობახიძის განცხადებას ომბუდსმენის შესაძლო პასუხისმგებლობაზე

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში  ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მას ჟურნალისტებმა რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ის ომბუდსმენისა და ექიმების მოსალოდნელ პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, ირაკლი კობახიძის ეს განცხადება მუქარა არ ყოფილა.

„მუქარა – ეს დასკვნა არის ცალსახად ტყუილი. მეორე, თქვენ ხომ მეთანხმებით იმაში, რომ, თუ ფეიკდასკვნის საფუძველზე მოხდა რაღაც მოქმედება, რომელსაც ცუდი რაღაცეები მოჰყვება, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ ფეიკის შემქნელებს.

თუ მოცემულობას დავუშვებთ, რომ ეს დასკვნა არის ფეიკი, მიკერძოებული და ტენდენციური. მე არ ვიცი ზუსტად, ასეთი არის თუ არა და ამის საფუძველზე საჭირო გახდა გადაწყვეტილების მიღება, რომ სადღაც გადაიყვანონ და ამას ცუდი შედეგები მოჰყვა, ამ შემთხვევაში მათ პასუხისმგებლობაზე საუბარი რელევანტურია თუ არა? მეთანხმებით, მაშინ თუ ეს ასეა, ესე იგი, მუქარა არ ყოფილა, მაგრამ, თუ ეს ასე არ არის, მაშინ ეს არის ვარაუდი მხოლოდ, ობიექტური ვარაუდი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეკითხვაზე, რას გულისხმობს „ცუდ რაღაცეებში“, მან უპასუხა, რომ უამრავი რისკია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ახლავს.

„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია სხვადასხვა რისკზე – პროვოკაციების მოწყობა, მაგალითად. ამ პროვოკაციების აღსაკვეთად შეიძლება იყოს საპოლიციო ძალების მობილიზება. ამას რა შეიძლება მოჰყვეს, ვინმეს სიცოხხლეს და ჯანმრთელობას რამე დაემუქროს და ა.შ.,“ – ამბობს მამუკა მდინარაძე.


გუშინ 17 ნოემბერს ცნობილი გახდა, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე.

დასკვნის მიხედვით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რა პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.