როგორ გავმდიდრდეთ? - ამ თემებზე საუბრით ხშირად შეგაწუხებთ ხოლმე - საბო დეპუტატებს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს. სესიაზე პირველად გამოვიდა სიტყვით პარლამენტის ახალი წევრი ჰერმან საბო, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადგილმონაცვლედ შევიდა.

„გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ მადლობა გადაუხადა უმრავლესობის წევრებს მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, მართალია, მისი ოპოზიციონერი კოლეგები ამ პარლამენტს ბევრ რამეს უწუნებენ, მაგრამ ის მთელს ამ ამბავს უყურებს როგორც შესაძლებლობას ახალგაზრდა პოლიტიკოსისთვის.

„მინიმუმ ჩემთვის, აქ ყოფნა იქნება ძალიან საინტერესო გამოცდილება, ხოლო მაქსიმუმ ვეცდები თქვენთან ვიმუშაო ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩემი აზრით საქართველოს მოსახლეობას მოუტანს სიმდიდრეს და საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონობას. ამ თემებზე ლაპარაკით ხშირად შეგაწუხებთ ხოლმე. 

გადავწყვიტე დღეს აქტუალურსა და თან ყველაზე მარტივ რამეზე მესაუბრა. 

საქართველოს მოქალაქეები ძალიან ღარიბები ვართ – შვიდჯერ ღარიბები საშუალო ევროპელზე. და როგორ გავმდიდრდეთ? ამაზე ბევრი უცნაური შეხედულება მომისმენია. სინამდვილეში, ყველაფერი მარტივადაა – გამდიდრების ერთადერთი გზა, რაც კაცობრიობას აქამდე უპოვნია, არის ვაჭრობა ორ ადამიანს შორის. ასეთი ვაჭრობების ჯამია ეკონომიკა. და რაც უფრო მეტი ვაჭრობა მოხდება ჩვენს შორის, მით მეტი იქნება ეკონომიკა, მით უფრო მდიდრები ვიქნებით. 

მაგრამ, იმისთვის, რომ ერთი ცალი ვაჭრობა მოხდეს, რამდენიმე პირობა უნდა შესრულდეს. 

  1. მე ისეთი რამ უნდა მქონდეს, რაც თქვენ გინდათ, ხოლო თქვენ ისეთი რამ გქონდეთ, რაც მე მინდა. 
  2. გაცვლის საშუალება, ანუ ფული, ორივე მხარისთვის სანდო უნდა იყოს.
  3. ვაჭრობისას, ჩვენ გარშემო ომი არ უნდა ხდებოდეს.
  4. გადასახადები დაბალი უნდა იყოს, რადგან რაც უფრო ცოტა გრჩება ერთი ვაჭრობისგან, მით ნაკლები შანსია ივაჭრო. 
  5. და მეხუთე – ვაჭრობისას თუ კონფლიქტი მოგვივიდა, სამართლიანობის აღდგენა უნდა შეიძლებოდეს სასამართლოს მეშვეობით, “- განაცხადა ჰერმან საბომ პარლამენტში. 

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია თავისუფალი სასამართლო.  მისი თქმით, 30 წლის შემდეგაც კი ვერ მოვახერხეთ ისეთი სასამართლოს შექმნა, რომელიც ადამიანებს შიშის მაგივრად იმედს მისცემდა. 

„სანდო სასამართლოს არქონა ბევრ პრობლემას აჩენს, თუმცა მე ვცადე უსამართლობის ეკონომიკურ შედეგებზე გამესვა ხაზი. მანამ, სანამ ადამიანებს არ ექნებათ განცდა, რომ მათი სიმართლე არ დაიკარგება, ბევრად ნაკლებს ივაჭრებენ. სანამ არ გვექნება სანდრო სასამართლო, ღარიბებად დავრჩებით. 

ყოველთვის, როდესაც სიღარიბესთან ბრძოლას გადავწყვეტთ, წარმოვიდგინოთ, რა შეუწყობდა ხელს ადამიანებს შორის 1 ცალი ვაჭრობის მოხდენას და გვექნებათ მზა რეცეპტი იმისა, თუ რა უნდა ვქნათ ერთად, როგორც კანონმდებლებმა ამ დარბაზში. მადლობა ყურადღებისთვის, “- განაცხადა პარლამენტარმა, ჰერმან საბომ.