როგორ ხდება კორონავირუსის მკურნალობა და მოვლა - პროტოკოლი

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსთან დაკავშირებით სხვადასხვა მიმართულებით პროტოკოლებს აქვეყნებს, მათ შორის COVID-19-ის მკურნალობის თაობაზე.

COVID-19-ით პაციენტების მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.

ძალიან მძიმე (კრიტიკული) პაციენტები უნდა მოთავსდნენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რაც შეიძლება მალე. მძიმე შემთხვევებში თერაპიული ღონისძიებები გულისხმობს სასიცოცხლო ორგანოთა ფუნქციების შენარჩუნებას/აღდგენას.

აუცილებელია მმრი-ით პაციენტების მჭიდრო მონიტორინგი კლინიკური ნიშნების გაუარესების თვალსაზრისით (სწრაფად პროგრესირებადი სუნთქვის უკმარისობა და სეფსისი. ასეთ შემთხვევაში დაუყოვლებლივ უნდა გატარდეს ინტენსიური თერაპიის ღონისძიებები).

COVID-19-ით პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ დამხმარე, სიმპტომური თერაპია.

დროული, ეფექტიანი და უსაფრთხო დამხმარე თერაპია მძიმედ მიმდინარე COVID-19-ის პაციენტებში მკურნალობის ქვაკუთხედია.

COVID-19-ის სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა ჯერჯერობით ოფიციალურად დამტკიცებული არ არის  თუმცა შესწავლის სტადიაშია დაახლოებით 11-12 მედიკამენტი და ზოგიერთი მკვლევრისა და ექსპერტის აზრით, ისინი ვერ უზრუნველყოფენ განკურნებას, მაგრამ ამსუბუქებენ დაავადების მიმდინარეობას და ამცირებენ ლეტალობას.

მსოფლიოში არსებული  გამოცდილებით და სხვადასხვა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, COVID-19-ის ყველაზე ეფექტიან სამკურნალო მედიკამენტად მიიჩნევა ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი).

უსიმპტომო COVID-19-ით პაციენტები ჰიდროქსიქლოროქინით (პლაქვენილით) მკურნალობას არ საჭიროებენ. მსუბუქი მიმდინარეობის COVID-19-ით პაციენტებში ჰიდროქსიქლოროქინით (პლაქვენილით) მკურნალობის საკითხი უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად.

საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე (კრიტიკული) მიმდინარეობის COVID-19-ით პაციენტებში ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) ინიშნება შემდეგი სქემით:

ჰიდროქსიქლოროქინი – 200 მგ. 2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში მკურნალობის პირველ დღეს, ხოლო 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში – მომდევნო დღეებში;

მკურნალობის ხანგრძლივობა  5-დან 10 დღემდე კლინიკური მიმდინარეობიდან გამომდინარე.

ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) გამოიყენება COVID-19-ის მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების დროს და ისიც მკაცრად ექიმის  დანიშნულებით. კატეგორიულად დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება COVID19-ის საპროფილაქტიკოდ, ვინაიდან მისმა არამიზნობრივმა გამოყენებამ შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ამ პიროვნების ჯანმრთელობას.

კორონავირუსის მკურნალობისა და მოვლის დეტალურ პროტოკოლს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

LB loan image desktop LB loan image mobile