როგორ საარჩევნო მოდელს სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას

პუბლიკა

ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ხელისუფლებას შესთავაზეს ახალი საარჩევნო მოდელი, რომელიც, მათი თქმით, ეფუძნება გერმანულ მოდელს და ითვალისწინებს საქართველოს  რეალობას.

„რა არის სიახლე ამ მოდელში – დიახაც, პროპორციულად ნაწილდება ხმები არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის, მაგრამ შესანარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემა ისე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს კონსტიტუცია, თუმცა იქნება მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები – 6, 7 ან 8-მანდატიანი. თითოეულ ამომჩეველს ექნება 1 ხმის უფლება, შესაბამისად, არც ერთი პოლიტიკურ ძალს არ ექნება შესაძლებლობა, მიიტაცოს ხელისუფლება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ეს დოკუმენტი, გადაეცემა საერთაშორისო ორგანიზაციებს და მზად არის იმისთვის, რომ ინიცირებული იყოს პარლამენტში. მას სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ 76 ხმა.

„ეს არის ძალიან მარტივი გზა, გამოსავალი, რომ საქართველომ გადალახოს ის კატასტროფული საარჩევნო სისტემა, რომელიც  ქვეყანაშია“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე განცხადებით, ყველა კონსტიტუციონალისტი, ვისთანაც ჰქონდათ  საუბარი, ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ ეს მოდელი არის სრულად შესაბამისი საქართველოს კონსტიტუციასთან.

მათი ბრიფინგის პარალელურად პრესკონფერენცია გაიმართა „ქართული ოცნების“ ოფისში. პარტიის გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით თემა დახურულია და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შერეული სისტემა შენარჩუნდება. ამასთან, კალაძის თქმით:

„მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი. შედეგად უზრუნველვყოფთ მომავალი პარლამენტის მაქსიმალურ მრავალფეროვნებას“, – განაცხადა კალაძემ.