განათლების მინისტრის 18 იანვრის ბრძანებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა. ცვლილების მიხედვით, ის მოსწავლეები, რომლებიც პანდემიის გამო ვერ ერთვებიან ან სემესტრის 1/3-ზე მეტი ხნით ვერ მონაწილეობენ სასწავლო პროცესში, პირველ სემესტრში მინიმუმ ერთი შემაჯამებელი კომპლექსური დავალების საფუძველზე შეფასდებიან.
„თუ მოსწავლეს დისტანციური სწავლების ფორმაზე გადასვლამდე მიღებული აქვს შეფასება, სემესტრული ქულა გამოითვლება ამ ქულის/ქულებისა და შემაჯამებელ კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულის საშუალო არითმეტიკულით. სკოლამ უნდა უზრუნველყოს ინდივიდუალური საკონსულტაციო საათების დანიშვნა/ჩატარება საჭიროებისამებრ დისტანციურად ან ფიზიკურად (მათ შორის სკოლის ტერიტორიაზე), შესაბამისი წესების დაცვით.
კომპლექსური დავალების წარდგენა და მოსწავლის შეფასება უნდა მოხდეს არაუგვიანეს მეორე სემესტრის პირველი კვირის ბოლომდე დისტანციურად ან ფიზიკურად. სასურველია, სკოლამ მსგავსი პრობლემების მქონე მოსწავლეებს მეორე სემესტრში ჩაუტაროს დამატებითი მეცადინეობები ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შედეგებზე გასვლის მიზნით“, – ნათქვამია ბრძანებაში.
აქვე ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში, თუ სემესტრის 1/3-ზე მეტი დისტანციური სწავლების ფორმით მიმდინარეობდა, სკოლას უფლება აქვს, შეამციროს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებების რაოდენობა, რაც უნდა აისახოს სასკოლო სასწავლო გეგმაში. ამ შემთხვევაში, შემაჯამებელი დავალებების მინიმალური რაოდენობა დაემთხვევა სემესტრის განმავლობაში ნასწავლი თემების რაოდენობას.
სემესტრული გამოცდის დანიშვნისთვის მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს: პირველი სემესტრის შეფასების შემთხვევაში – მეორე სემესტრის დაწყებიდან ერთი კვირის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის შემთხვევაში – სემესტრის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში. დირექტორი განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. დაშვებაზე უარის შემთხვევაში, გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.