როგორ შეაფასებენ მოსწავლეებს წლის ბოლოს – რა პრობლემები აჩვენა ონლაინსწავლებამ

სალომე გორგოძე

მომდევნო კვირის ბოლოს სკოლებში სასწავლო პროცესი ოფიციალურად სრულდება. მოსწავლეებმა წლიური შეფასებები უნდა მიიღონ. რამდენიმე კვირის წინ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა წარმოადგინა გეგმა – რა მეთოდით შეძლებენ სკოლები მოსწავლეების შეფასებას. მინისტრის განმარტებით, იმისათვის, რომ წახალისდეს სკოლების ავტონომია და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, სკოლის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე, მათ თავად უნდა აირჩიონ სამინისტროს მიერ შეთავაზებულ რომელ მეთოდს გამოიყენებენ მოსწავლის შეფასებისას. ასევე მინისტრმა თქვა, რომ შეფასებისას სკოლებმა უნდა იხელმძრვანელონ ორი სავალდებულო ფორმით – განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებით. უფრო კონკრეტულად კი, სამინისტრომ სკოლებს შესთავაზა ორი ალტერნატივა:

პირველი – მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვროს მოსწავლის მიერ პირველ სემესტრში მიღებული ქულა; და მეორე – წლიური ქულა განისაზღვროს მოსწავლის მიერ პირველი სემესტრის ქულის, მეორე სემესტრის 6 კვირის განმავლობაში (სკოლებში სწავლის შეჩერებამდე) გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლის პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მდებარე სკოლებს, რათა გაერკვია, რა მეთოდით შეაფასებენ მოსწავლეებს; ასევე, რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ დისტანციური სწავლების პროცესში, როგორც სწავლა- სწავლების, ასევე მოსწავლეების შეფასების თვალსაზრისით.  

რას გეგმავენ სკოლები

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, თამარ ამზაშვილმა გვითხრა, რომ სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების 82%-ზე მეტი ჩართული იყო ონლაინსწავლებაში. ამიტომ შეფასებისას ონლაინსწავლების პროცესში ბავშვების მხრიდან გაწეული სამუშაო გაითვალისწინეს. იმ შემთხვევაში კი, თუ მოსწავლეს მხოლოდ პირველი სემესტრის შეფასება აქვს, წლიურ ქულადაც ეს ნიშანი ჩაეთვლება. ამგვარად, სკოლაში შეფასების ორივე მეთოდს გამოიყენებენ, მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებისა და გამოცდილებიდან გამომდინარე, რითაც „ყველა ბავშვის ინტერესი იქნება გათვალისწინებული“.

თამარ ამზაშვილი ფიქრობს, რომ დისტანციურმა სწავლებამ, გარდა სირთულეებისა, შესაძლებლობებიც გააჩინა. ამ მოსაზრებას იმით ამყარებს, რომ მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას ყოველდღიურ სასკოლო სამეურვეო საქმეებს მიღმა დროის მეტი რესურსი გაუჩნდა სწავლა-სწავლების ხარისხზე ყურადღების გასამახვილებლად. გარდა ამისა, დისტანციურმა სწავლებამ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც მაღალი სოციალური უნარები არ ჰქონდათ, „ტრადიციულ საგაკვეთილო პროცესში იყვნენ ჩაკარგული, არ აქტიურობდნენ“, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისკენ უბიძგა. თუმცა, ამავდროულად მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევს იმას, რომ დისტანციურად სწავლებამ თითქოს მეორეხარისხოვანი გახადა სოციალური ურთიერთობები მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, რაც მისი შეფასებით საყურადღებოა, ვინაიდან სკოლა არამხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ სოციალური დაწესებულებაცაა, და ხელს უწყობს ბავშვებში სოციალური უნარების განვითარებას.

გვიყვება, რომ გამოწვევების იდენტიფიცირებისთვის სკოლამ დისტანციური სწავლების დაწყებიდან 1 თვეში მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ონლიანგამოკითხვა ჩაატარა, რათა პროცესი მათი საჭიროებების გათვალისწინებით წარმართულიყო. ამბობს, რომ საბოლოო შეფასებას ზაფხულში გააკეთებენ, რათა მეტად მომზადებული შეხვდნენ მომდევნო სემესტრს, თუკი სწავლის კვლავ დისტანციურად გაგრძელება იქნება საჭირო.

შეფასების მეორე მეთოდით იხელმძღვანელებენ თბილისის 98-ე საჯარო სკოლაში. როგორც სკოლის დირეტქორმა, გიორგი მომცელიძემ გვითხრა, სკოლამ გადაწყვეტილება ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით მიიღო, სასკოლო საზოგადოების 71%-მა სწორედ ამ მოდელს დაუჭირა მხარი, ვინაიდან მიიჩნიეს, რომ ამ შემთხვევაში ბავშვის ინტერესები მეტად იქნებოდა ასახული.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სკოლა „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის მონაწილეა და და შესაბამისად, დაწყებით კლასებში სწავლება სრულად ორიენტირებული იყო ონლაინსაშუალებებზე, ისევე, როგორც მაღალ კლასებში ყურადღება გამახვილებული იყო ელექტრონულ რესურსებზე, დასაწყისში, დისტანციური სწავლების მიღმა აღმოჩნდა ზოგიერთი მოსწავლე. იყვნენ მოსწავლეები, რომლებსაც  ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებოდათ ან ოჯახში რამდენიმე სასკოლო ასაკის მოსწავლე ჰყავდათ და ტექნიკას შეზღუდულად იყენებდნენ. თუმცა ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისა და სკოლის თანამშრომლობით ამ მოსწავლეებისთვის პრობლემის მოგვარება მოხერხდა.

მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა გიორგი ჭაუჭიძემ გვითხრა, რომ სკოლაში მოსწავლეებს პირველ სემესტრში მიღებული ქულით შეაფასებენ. ჭაუჭიძე ფიქრობს, რომ ერთჯერადად ამ მეთოდის გამოყენება, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ნორმალურია, თუმცა აუცილებელია არსებული სასკოლო შეფასების სისტემის შეცვლა.

„საჯარო სკოლებში მოქმედი შეფასების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, ვერ უძლებს კრიტიკას, ჩემთვის საშინლად მიუღებელი სისტემაა, შესაბამისად, ამ მიუღებელ სისტემაში რაიმე სირთულეებზე ლაპარაკიც კი  აზრს მოლკებულია.

მიუღებელია იმიტომ, რომ ჯერჯერობით ეს სისტემა რჩება სისტემად, რომელიც ჩასაფრებულია იმის ჩასანიშნად, რა შეეშალა მოსწავლეს და ეს გამოიხატება ყოველდღე ნიშნების დაწერით, რომელთა დაჯამებითაც მოსწავლის საბოლოო წარმატებისა თუ წარუმატებლობის განსაზღვრა ხდება“.

ის ფიქრობს, რომ შეფასების სისტემა სრულად დაფუძნებული უნდა იყოს განმავითარებელ შეფასებაზე, რაც რუტინულ, ზედაპირულ, ნახევარგვერდიანი შეფასებებად კი არ უნდა იქცეს მასწავლებლისთვის, არამედ გააზრებული უნდა იყოს, როგორც სასწავლო პროცესის, მოსწავლის განვითარების ნაწილი, რაც, ერთი მხრივ, ეხმარება მას, გამოავლინოს შესაძლებლობები, მეორე მხრივ კი, სუსტი მხარეების განვითარებისკენ უბიძგებს.

თუ რა მეთოდით შეაფასებენ მოსწავლეებს, მომდევნო კვირაში გადაწყვეტენ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლაში. სკოლა მცირეკენტინგენტიანია და იქ სულ 25 მოსწავლე სწავლობა. სკოლის ქართული ენისა და ლიტარეტურის მასწავლებელი ეკა წულუკიძე გვეუბნება, რომ დისტანციური სწავლების მიღმა  8 ბავშვი დარჩა. მიზეზი კომპიუეტერების არქონა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის პრობლემა იყო. ის გვიყვება, რომ სკოლამ მათ კომპიუტერები გადასცა, თუმცა სასწავლო წელი მიიწურა და ინტერნეტის პრობლემა მათ დღემდე აქვთ. ეკა წულუკიძე გვეუბრება, რომ აპირებს ზაფხულში ამ მოსწავლეებისთვის კლუბური მუშაობები დაგეგმოს, რადგან ისინი ვინც, დისტანციურ სწავლებაში ვერ ჩაერთნენ, სასწავლო პროცესს არ ჩამორჩნენ.

რას ფიქრობენ დარგის სპეციალისტები

განათლების საკითხების მკვლევარი, სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ ლოგიკურია სამინისტროს მხრიდან სკოლებისთვის შეფასების მეთოდების შეთავაზება, რადგან სასკოლო შეფასების საკითხები მკაცრად განსაზღვრულია ეროვნულ დონეზე. ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაწერილია არამხოლოდ ის, როგორ დაიწერება ნიშანი, არამედ ისიც  – თითოეულ საგანში რამდენჯერ უნდა ჩატარდეს შეფასება.

მისი თქმით, გამოდის, რომ სამინისტროს საკუთარი ზერეგულირებული სისტემის გამო, ახლა უწევს, თავადვე ჩაერიოს ისეთ საკითხებში, რომლებიც სკოლების გადასაწყვეტი უნდა იყოს. ამასთანავე, მისივე შეფასებით,  ლოგიკურია ისიც, რომ არჩევნის საშუალება ეძლევათ სკოლებს, რადგან პრაქტიკაში ონლაინსწავლება განსხვავებულად წარიმართა სხვადასხვა სკოლაში. აქედან გამომდინარე, გაუგებარი იქნებოდა იმ სკოლების ძალისხმევის გაუთვალისწინებლობა, რომლებმაც დისტანციურად სწავლება შეძლეს, მეორე მხრივ კი, შეფასების იგივე მოთხოვნების არსებობა იმ სკოლებისთვის, რომლებმაც ეს ვერ მოახერხეს.

სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ ახლა შესაფერისი დროა, სახელმწიფომ არსებული მდგომარეობა იმ პრობლემების მოსაგვარებლად  გამოიყენოს, რომლებიც სასკოლო შეფასების სისტემის ზერეგულირების გამო გამოაშკარავდა:

„ბევრი ისეთი პრობლემა გამოჩნდა, რომლებიც აქამდეც არსებობდა, თუმცა ახლა დავინახეთ, რომ სახელმწიფოს უწევს საკუთარი ხელოვნური ბარიერების დაშლა“, – ამბობს სიმონ ჯანაშია და განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ხისტი რეგულირების ნაცვლად, შეიმუშაოს პრინციპები, ისეთი, როგორიცაა გამჭვირვალობა, სამართლიანობა, ვალიდურობა და სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით გადაწყვიტოს სკოლამ, რა გაკეთდეს სასკოლო დონეზე შეფასების თვალსაზრისით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, სამინისტროს მოუწიოს განსაზღვრა, როგორ მოხდება შეფასება ცალკეული სკოლის შემთხვევაშიც კი, რადგან არ არის გამორიცხული, რომ პანდემიის გამო კონკრეტული რეგიონი გამოცხადდეს საკარანტინო ზონად.

„ყველა კრიზისის დროს სასკოლო დონეზე შეფასებაში სახელმწიფოს ჩარევა აჩვენებს, რომ სისტემა გაუმართავია. არ შეიძლება ცენტრალურ დონეზე დარეგულირდეს ყოველდღიურობის საკითხები. ასეთი ზერეგულირება იწვევს არამხოლოდ იმას, რომ შეფასების სისტემა მოუქნელია, არამედ იმასაც, რომ პასუხისმგებლობა ამ შეფასებებზე აქვს სამინისტროს და არა მასწავლებელს, მოსწავლეს, სკოლის ადმინისტრაციას, რაც სერიოზული პრობლემაა, რადგან  სკოლის მასწავლებელი ზოგ შემთხვევაში იძულებულია, გააკეთოს ისეთი რაღაცები, რისი შესაძლებლობებიც არ აქვს. ამიტომ აკეთებს ხელოვნურად და ზედაპირულად.

მაგალითად, მასწავლებლის დავალდებულება, რომელიც საჯარო სკოლაში რამდენიმე ასეულ მოსწავლეს ასწავლის, დაწეროს გარკვეული რაოდენობის შეფასება და ამავდროულად, იმავე ვალდებულების დაკისრება მასწავლებლისთვის, რომელსაც შესაძლოა 20 მოსწავლე ჰყავდეს – არის უაზრობა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ ითვალისწინებ ადგილობრივ საჭიროებებს. ამიტომაც, როცა სახელმწიფო ასეთ ცენტრალიზებულ ფორმებს ადგენს, მასწავლებლების დიდი ნაწილი ამას ფორმალურად აკეთებს, არამხოლოდ იმიტომ, რომ ზოგ შემთხვევაში კომპეტენციაც არ ჰყოფნის, არამედ იმიტომაც, რომ სამინისტრო ასეთი გადაწყვეტილებების დროს თავისივე შექმნილ სტრუქტურულ პრობლემებსაც კი არ ითვალისწინებს“.

განათლების საკითხების მკვლევარი, რეზო აფხაზავა მიიჩნევს, რომ დისტანციურმა სწავლებამ ასევე თვალნათლივ გამოაჩინა, რომ განმსაზღვრელი შეფასება (ნიშნის დაწერა) არ არის იდეალური, განსაკუთრებით მაშინ, როცა დისტანციური სწავლებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობასა და მხარდაჭერას.

„მე, როგორც მშობელმა, უნდა ვიცოდე, ჩემი შვილის შეფასების შესახებ. ეს კონკრეტული არაფერისმთქმელი ქულა კი არ უნდა იყოს, არამედ – შეფასება, რომელიც როგორც მშობელს, ისე მოსწავლეს ეტყვის კონკრეტულად რა არის პრობლემა. თანამედროვე სკოლა წარმოუდგენელია სკოლისა და მშობლების თანამშრომლობის გარეშე. ამ ნაწილში ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს. დისტანციურმა სწვალებამ კიდევ უფრო მეტად გამოავლინა ეს საჭიროება. არსებული შეფასების სისტემა კი ამას უწყობს ხელს. შეფასება იმისთვის გვინდა, რომ ბავშვებში რაღაც გამოასწორო, განავითარო და არა დაბლოკო ბავშვის განვითარება, ეს კი წარმოუდგენელია უკუკავშირის გარეშე.  ამგვარი უკუკავშირის პრობლემა დადგა ონლაინ სწვალებისას“.

რეზო აფხაზავა დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით, პრობლემურ საკითხად განიხილავს იმასც, რომ განათლების პოლიტიკით დაინტერესებულ საზოგადოებას დღესაც არ აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორიცაა კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები – რამდენი მოსწავლე და მასწავლებელი აღმოჩნდა დისტანციური სწავლების მიღმა. რამდენმა მათგანმა მოახერხა პროცესში ჩართვა? ვინც ვერ მოახერხა, რა პრობლემებით იყო ეს განპირობებული? მისივე თქმით, ამგვარი ინფორმაციის ქონა კრიტიკულად მნიშვნელოვანია რამდენიმე მიმართულებით, პირველი – იმისთვის, რომ, როცა სახელმწიფო ვერ ახერხებს პრობლემის მოგვარებას, კერძო და არასამთავრობო სექტორმა საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პრობლემის მოგვარებაში. მეორე მხრივ კი, სახელმწიფოს მომდევნო ნაბიჯები იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით განპირობებული და არა „ისეთივე ინტუიციური, როგორიც დღეს არის“.