როგორ შეიძლება, საქართველომ აღადგინოს პოლიტიკური სტაბილურობა და შეუდგეს რეფორმებს - რას ფიქრობენ ევროპარლამენტარები

პუბლიკა

ღია საზოგადოების ფონდების ბრიუსელის და საქართველოს ოფისების ინიციატივით ევროპარლამენტარ პეტრას ოსტრიავიჩუსის პატრონაჟით (ALDE/ლიეტვუა) ჩატარდა ონლაინ დისკუსია – „როგორ შეიძლება, საქართველომ აღადგინოს პოლიტიკური სტაბილურობა და შეუდგეს რეფორმებს?!“

დისკუსია დაეყრდნო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტსა და მის შემდგომ აღსრულებას. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის წევრები თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

„ღია საზოგადოების ფონდის“ ხელმძღვანელი ქეთი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ჩართულობამ ცხადად დაგვანახა ევროპული საგარეო პოლიტიკის წარმატება საქართველოში. მისივე თქმით, ამ პროცესში ისიც გამოჩნდა, რომ საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ევროკავშირთან ურთიერთობა და ევროინტეგრაციის პროცესი.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის ქრისტიან დანიელსონის განცხადებით,  19 აპრილის შეთანხმებით დასრულდა ექვსთვიანი პროცესი და გაჩნდა პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის რეალური შესაძლებლობა.

მისივე განმარტებით, დოკუმენტი მოიცავს არაერთ მნიშვნელოვან წინადადებას, რამაც გრძელვადიანი გავლენა შესაძლოა იქონიოს ქართული დემოკრატიის ჩამოყალიბებაზე.

„დიდი დრო დაეთმო საარჩევნო რეფორმის საკითხებს, რაც როგორც წარსულში, ისე აწმყოში ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად იკვეთება ქართულ პოლიტიკაში. არანაკლებ მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მიმართულებით შემოთავაზებული ნაბიჯები. დემოკრატია არ არსებობს კანონის უზენაესობის მყარი საფუძვლის გარეშე. შეთანხმება კარგი დასაწყისია მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად. ძალაუფლების დანაწილების მექანიზმების გათვალისწინებით, საქართველოს აქვს შანსი, პროგრესული საპარლამენტო მოდელი შექმნას. მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური აქტორებისთვის იმის ახსნა, თუ რა იდგა საფრთხის ქვეშ და რატომ უნდა მომხდარიყო შეთანხმება ახალ დოკუმენტზე.

იმისათვის, რომ ევროკავშირმა საქართველოს ნამდვილი მეგობრობა გაუწიოს, საქართველოს მხრიდან შეთანხმების შესასრულებლად გადადგმული ნაბიჯები გადამწყვეტი იქნება. უახლოეს მომავალში უნდა შეთანხმდეს ამნისტიის შესახებ კანონი. ამასთანავე, მუშაობა უნდა გაგრძელდეს საარჩევნო რეფორმაზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს Covid-პანდემიის მართვას, ეკონომიკის გაძლიერებას, გარემოსა და კლიმატის ცვლილებისა და ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებს“, – განაცხადა დანიელსონმა.

ანდრიუს კუბილისული, ევროპარლამენტის წევრი ლიეტვუადან, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანავმჯდომარე მიიჩნევს, რომ შარლ მიშელის მედიაციით მიღებულ დოკუმენტს უნდა შევხედოთ როგორც ნაბიჯს უფრო დიდი და უფრო ფართო შეთანხმებისკენ, რომელიც ასე ძალიან სჭირდება საქართველოს პოლიტიკურ კლასს.

„ევროკავშირმა გასაგებ ენაზე უნდა ჩამოაყალიბოს თავისი სათქმელი აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით და ამ პროგრამის მოწინავე ქვეყნებს გასცეს პასუხი, თუ რა არის შემდეგი ნაბიჯი მათი ევროკავშირთან ურთიერთობების პროცესში. მინდა, გამოვეხმაურო ოპიზიციის წარმომადგენლების დაკავების ფაქტსაც და აღვნიშნო, რომ სამართლებრივი დევნა ეწინააღმდეგება შარლ მიშელის მედიაციით მიღებული დოკუმენტის ძირითად პრინციპებს და ნაკლებად არის კანონის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებული“.

ანა ფოტიგა, ევროპარლამენტი წევრი პოლონეთიდან, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის წევრი აცხადებს, რომ უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია რეგიონში უფრო და უფრო რთულდება. ამიტომ, განსაკუთრებით დასაფასებელია საქართველოს ყველა ხელისუფლების, მათ შორის არსებული ხელისუფლების მცდელობა, რომ ქვეყანა დაუახლოვოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებს: „ მიმაჩნია, რომ ოპოზიციის პარლამენტს მიღმა ყოფნა ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიზაციას და საჭიროა, როგორც ოპოზიციამ, ასევე ხელისუფლებამ იზრუნონ ევროკავშირის მედიაციით მიღებული ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებაზე“.