როგორ უნდა შესრულდეს 9 რეკომენდაცია - სამოქალაქო საზოგადოების ხედვა

პუბლიკა

12 სამოქალაქო ორგანიზაციის კოალიციამ შეიმუშავა დეტალური ხედვა, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეფექტურად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი, რათა ქვეყანა გადავიდეს ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე და ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნას.

ხედვის მომზადებაში ჩართული იყო: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი; საია; სამართლიანი არჩევნები; სასამართლო გუშაგი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; საფარი; ხელისუფლების მონიტორინგის ცენტრი; გრასი და სტრატეგიული კვლევების ცენტრი.

1 რეკომენდაცია – ევროკავშირისა და მის ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულირებასა და ჩარევასთან ბრძოლა

ორგანიზაციების ხედვით, საჭიროა:

დეზინფორმაციის გაქარწყლება, რომლის მიხედვითაც დასავლეთი საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას ცდილობს. ამასთან, ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ პროაქტიული კამპანიის წარმოება;

● თანამშრომლობისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც წლებია ანტიდასავლური და პრორუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდასთან ბრძოლის მიმართულებით მუშაობენ;

● დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება კონსენსუსის შედეგად. შესაბამისად, აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ, როგორც პოლიტიკის შემუშავების, ისე მისი აღსრულების პროცესში, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პროფესიული წრეების ჩართულების უზრუნველყოფა. ამასთან, დაუშვებელია, პირველი ნაბიჯის შესრულების საბაბით, იმგვარი საკანონმდებლო რეგულირების შემოღება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას;

● 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მავნე უცხოური (რუსეთის) ჩარევისა და ადგილობრივი საინფორმაციო მანიპულაციებისგან დაცვა (დეტალური რეკომენდაციები აღნიშნულთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია კოალიციის “ინფორმაცია სანდოობისთვის” მომზადებულ დოკუმენტში“დეზინფორმაციის შესახებ ევროკომისიის პირველი ნაბიჯის შესრულებისთვის აუცილებელი ღონისძიებები”).

● მთავრობის ადმინისტრაციასა და სხვა სახელმწიფო უწყებებში არსებულმა სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტებმა უნდა იმუშაონ იმ გაცხადებული მიზნის შესასრულებლად, რაც 2018 წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მათი შექმნისას განისაზღვრა – „ანტიდასავლური პროპაგანდის ზეგავლენის შემცირება და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების გაზრდა“;

● როგორც მთავრობის ადმინისტრაციის, ისე სამინისტროებში არსებულმა სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტებმა საზოგადოებას რეგულარულად და პროაქტიულად მიაწოდონ ინფორმაცია მათი სამოქმედო გეგმებისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ;

● აღნიშნულმა უწყებებმა დეზინფორმაციის საკითხებზე მომუშავე პროფესიულ ჯგუფებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განსაზღვრონ ანტიდასავლური და პრორუსული დეზინფორმაციის გამოწვევები და მათი ჩართულობით, დაიგეგმონ ეფექტური საპასუხო ნაბიჯები (რაც შესაძლოა მოიცავდეს ანტიდასავლური დეზინფორმაციის გამავრცელებელი ჯგუფების, მათი გზავნილების, ტაქტიკის გამოაშკარავებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს);

● ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ საზოგადოებრივი მედეგობის გასაზრდელად ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრმა პროაქტიულად ისაუბროს და გამოააშკარაოს (ე.წ. „დასახელებისა და შერცხვენის“ (naming and shaming) ტაქტიკისა და წინასწარი გაქარწყლების (pre-bunking) ინსტრუმენტების გამოყენებით) ის ჯგუფები, გზავნილები და ტაქტიკები, რომლითაც საქართველოში რუსეთის მტრული საინფორმაციო კამპანიები და ჩარევის მცდელობები ხორციელდება. ამ მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაასახელოს რუსეთთან კავშირში მყოფი ჯგუფები, რომელთა მიერ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ წარმოებული დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიების უმთავრეს მიზანს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ზეგავლენის მოხდენა წარმოადგენს. ასევე, საზოგადოებას გააცნოს რუსეთის სპეციალური სამსახურების მიერ ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობები;

● ხელისუფლება განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს მტრულ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გაცხადებული მიზნის მქონე პოლიტიკური დაჯგუფებების ფინანსების წარმომავლობასა და გამჭვირვალობას, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის მტრული საინფორმაციო კამპანიის მესიჯების გავრცელებას;

● ხელისუფლების მხრიდან შეწყდეს ჰომოფობიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია, რომელიც ტრადიციულ და რელიგიურ სენტიმენტებზე აპელირებით კოლექტიური დასავლეთის დისკრედიტაციას ისახავსმიზნად; ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ჰომოფობიური ძალადობრივი ჯგუფების ირიბი თუ პირდაპირი მხარდაჭერა;

● საჯარო სამსახურის ბიურომ, შესაბამის სამინისტროებთან კოორდინაციისა და თანამშრომლობის გზით, უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოს ანტიდასავლური დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შესახებ საჯარო მოხელეების ინფორმირებულობა;

● საჯარო სამსახურის ბიურომ, სამინისტროების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტებთან კოორდინაციისა და თანამშრომლობის გზით უზრუნველყოს, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული, სასწავლო პროგრამის/მოდულების შექმნა/გაზიარება საჯარო მოხელეებისთვის დეზინფორმაციის საკითხების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად;

● სახელმწიფო და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ითანამშრომლონ და გაზარდონ კოორდინაცია, როგორც ონლაინ, ასევე, რეალურ ცხოვრებაში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის განკუთვნილი მედია/ციფრული წიგნიერების მასალების შექმნის, არსებული რესურსების დახვეწისა და მათი ეფექტური გავრცელებისათვის. აღნიშნული გაკეთდეს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით.

რეკომენდაციები საკანონმდებლო დონეზე:

● საქართველოს პარლამენტმა უნდა შექმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც კომპანია Meta-ს ანგარიშში მითითებულ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან დაკავშირებულ კოორდინირებულ და არაავთენტური ქსელის საკითხს შეისწავლის და რეაგირების მიზნით შესაბამის აღმასრულებელ ორგანოებზე რეკომენდაციებს გასცემს

● საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა, როგორც რუსული დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის უარყოფითი გავლენის საპასუხო საქმიანობაზე პასუხისმგებელმა კომიტეტმა, უზრუნველყოს, ერთი მხრივ, საქართველოს პარლამენტში თემატური მოკვლევის პროცესის შედეგად „საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის გაძლიერება ქვეყანაში ანტიდასავლური დეზინფორმაციის და პროპაგანდის მიმართ“ ანგარიშის განხილვა და განახლება, მეორე მხრივ, კი დაიწყოს აღმასრულებელ დონეზე შესაბამის პასუხისმგებელ ორგანოებზე ზედამხედველობა. ამ მიზნით, კომიტეტმა უნდა უზრუნველყოს დეზინფორმაციის საპასუხო ნაბიჯებზე პასუხისმგებელი ორგანოების (სტრატკომები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კომუნიკაციების ეროვნული კომისია, განათლების სამინისტრო, სხვ.) რეგულარული და საჯარო მოსმენების ორგანიზება პარლამენტში;

● კომიტეტმა უზრუნველყოს ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან ბრძოლის გზებზე რეგულარული საკომიტეტო მოსმენებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება. ასევე, საერთო თანამშრომლობის ფარგლებში, უნდა გაიმართოს მსჯელობა იმ გზებზე, თუ როგორ გაიზარდოს სოციალური მედია პლატფორმების ანგარიშვალდებულება საქართველოს ბაზარზე, უპირველესად, ევროკავშირში არსებული დეზინფორმაციის საკითხზე შექმნილი კოდექსის სულისკვეთების გათვალისწინებით. აღნიშნული, მათ შორის, შესაძლოა, მოიცავდეს პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის ზრდას, მომხმარებლებისთვის დეზინფორმაციის ამოცნობის ინსტრუმენტების შექმნას, ფაქტების გადამმოწმებლებთან გაძლიერებულ თანამშრომლობას, და სხვა;

● ამავე კონტექსტში, მიზანშეწონილია, დაიწყოს კონსულტაციები როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ისე ადგილობრივ პროფესიულ ჯგუფებთან „ციფრული სერვისების აქტისა“ (DSA) და ზემოხსენებული კოდექსის საქართველოს ბაზარზე გავრცელების შესაძლებლობის საკითხზე

რეკომენდაცია 2 – ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის გაუმჯობესება

● ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებსა და გაცხადებებზე და შემზღუდველ ზომებზე მიერთების პრაქტიკის გადახედვა და ევროკავშირის განცხადებების მხარდაჭერის მაჩვენებლის საგრძნობლად გაუმჯობესება;

● საერთაშორისო ფორუმებზე ევროკავშირის მიერ გამოხატული პოზიციების გაზიარებისა და მათი მხარდაჭერის გაგრძელება;

● ევროკავშირთან თანამშრომლობა და ძალისხმევის გაგრძელება რუსეთის, ბელარუსის თუ სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის არდაშვების მიზნით;

● ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მიზნით ევროკავშირთან თანამშრომლობის გაგრძელება; თავის შეკავება ისეთი საგარეო-პოლიტიკური განცხადებებისა და ქმედებებისგან, რომლებიც ევროკავშირის პოზიციას ეწინააღმდეგება;

● ევროკავშირის “სისტემურ მეტოქე” ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა (განსაკუთრებით პოლიტიკურ საკითხებში) და ურთიერთობების დონის შემდგომი ამაღლებისგან თავის შეკავება;

● რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისგან თავის ასარიდებლად საქართველოს ტერიტორიის გამოყენების წინააღმდეგ პრევენციული და, საჭიროების შემთხვევაში, ქმედითი ზომების გამოყენების გაგრძელება;

● რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშემწყობი ზომების მიღებისგან თავის შეკავება;

● რუსეთის ფედერაციასთან სატრანსპორტო კავშირების შემდგომი განვითარებისგან 8 თავის შეკავება (ფრენები, საზღვაო-საბორნე მიმოსვლა, ახალი დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალების მშენებლობა)

● ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის კრიზისების მართვის მისიებსა და ოპერაციებში აქტიურად მონაწილეობა

რეკომენდაცია 3 – პოლარიზაციის დაძლევა

●ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მწვავე რიტორიკის დასრულება;

● ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული განცხადებების შეწყვეტა;

● საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევა საპარლამენტო არჩევნებამდე სულ მცირე 6 თვით ადრე (12 პრიორიტეტის შესრულების შესახებ შუალედურ ანგარიშში ევროკავშირი საქართველოს 2020 წლის 19 აპრილს პარტიებს შორის გაფორმებული “შარლ მიშელის შეთანხმების” შესრულებისკენ მოუწოდებს, რაც, მათ შორის, საარჩევნო ბარიერის 2%-მდე შემცირებას მოიცავს);

● პარლამენტში ძალაუფლების განაწილება რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის ოპოზიციისთვის დათმობის გზით (12 პრიორიტეტის შესრულების შესახებ შუალედურ ანგარიშში ევროკავშირი საქართველოს 2020 წლის 19 აპრილს პარტიებს შორის გაფორმებული “შარლ მიშელის შეთანხმების” შესრულებისკენ მოუწოდებს, რაც, მათ შორის, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას და რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ოპოზიციის წარმომადგენლების დანიშვნას მოიცავს);

● ცესკო-ს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების კვალიფიციური უმრავლესობით (2/3) არჩევა;

● პარლამენტში თანამშრომლობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 9 ნაბიჯის შესრულების პროცესში. „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას პროცესში საფუძვლიანი მონაწილეობის საშუალება უნდა მისცეს, ხოლო ოპოზიციამ სამუშაო ჯგუფებსა და საკომიტეტო სამუშაო პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს;

● „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციისთვის პარლამენტში მის ხელთ არსებული ბერკეტების ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობის მიცემა, მათ შორის, ოპოზიციის მიერ ინიციირებული საკანონმდებლო პროექტების დროული განხილვით, საგამოძიებო კომისიების შექმნაში ხელის არშეშლით და ა.შ.;

● პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობის ან/და ძალადობის წახალისების გზით პოლარიზაციის გაღრმავების შეწყვეტა და აქამდე ჩადენილი ძალადობის ფაქტების ადეკვატური გამოძიება;

● „ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტს შორის პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, მათ შორის, პრეზიდენტის ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ არდაყენებით და მასთან თანამშრომლობის განახლებით;

● „ქართული ოცნების“ მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან კონფრონტაციული განცხადებებისა ან/და ქმედებების შეწყვეტა, მათი საქმიანობისთვის ხელშემშლელი კანონების ინიციირებაზე უარის თქმა და კონსტრუქციული თანამშრომლობის დაწყება, განსაკუთრებით 9 ნაბიჯის შესრულების კონტექსტში;

● „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების პოლიტიკური გადაცემების და დებატების ბოიკოტის შეწყვეტა და კრიტიკულ მედიასთან თანამშრომლობის განახლება; ანალოგიურად, პრო-სახელისუფლებო ტელევიზიებს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის აღდგენა;

● მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსის მიღწევის მიზნით, კონსტრუქციული თანამშრომლობის რეჟიმის ჩამოყალიბება ისეთ საპარლამენტო დანიშვნებზე, სადაც მაღალი კვორუმი იქნება საჭირო;

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მრავალპარტიული დიალოგისა და კოალიციური მმართველობის პოლიტიკური კულტურის გაძლიერების ხელშეწყობა;

● ევროპარლამენტთან ჟან მონეს დიალოგის ჩამოყალიბება “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის გასაგრძელებლად.

რეკომენდაცია 4 – თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა

● თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების უზრუნველყოფა; აღნიშნული გულისხმობს წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის პროცესების შესაბამისობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის მიერ დადგენილ სტანდარტთან;

● საკონსტიტუციო ცვლილების დასრულება, მათ შორის საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით. პოლიტიკურ პარტიებს შორის 2021 წლის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების 15 საფუძველზე საკონსტიტუციო ცვლილების საკითხის დროულად გადაწყვეტა, პარლამენტში ამომრჩევლის ხმების ადეკვატურად წარმომადგენლობის მიზნით.

● წინასაარჩევნო პერიოდში მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის მკვეთრი ზღვრის გავლება. ადმინისტრაციული რესურსისა და სახელმწიფო უწყებების მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენების გამორიცხვა;

● ამომრჩეველთა დაშინების/მუქარის, მათზე ზეწოლისა და მათი მოსყიდვის პრაქტიკაზე უარის თქმა; ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა და კონტროლის მექანიზმების გამორიცხვა.

● საარჩევნო დარღვევების დროული და ეფექტიანი გამოძიება და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის დამნაშავეთა სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა;

● 2022 წლის ივლისში გენერალურ პროკურატურაში საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების გაგრძელება, საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით და დამნაშავეთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება;

● ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველსაყოფად, უსაფრთხო, სანდო და ხელმისაწვდომი პროცედურების დანერგვა; საარჩევნო ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზაციისთვის სათანადო გარანტიების შექმნა, მათ შორის უცხოეთში მცხოვრები ამომრჩევლების ინფორმირება;

● საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის და აუდიტის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა, საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეების სათანადო ჩართულობისა და ამ მხარეების მონაწილეობის უზრუნველყოფა;

● ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული გათვალისწინება, მათ შორის სრულყოფილი და ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის განხორციელების დაწყება;

● ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის 2023 წლის 18 დეკემბრის ერთობლივი რეკომენდაციის გათვალისწინება ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევასთან დაკავშირებით. კერძოდ, კომისიის წევრების სრული ვადით მაღალი კვორუმით არჩევა, რომელიც დაეფუძნება პარტიათა შორის კონსენსუსს. არჩევის პროცესში რამდენიმე კენჭისყრის უზრუნველყოფა, რომელთა შორის იქნება საკმარისი დრო კონსენსუსის უზრუნველყოფისთვის. კონსენსუსის და მაღალი მხარდაჭერის მოპოვების შეუძლებლობის შემთხვევაში 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული ანტიჩიხური მექანიზმის გამოყენება, რაც გულისხმობს დაბალი კვორუმით არჩეული წევრების მხოლოდ 6-თვიანი ვადით არჩევას. ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი რეკომენდაციას უწევენ ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების ნომინირების უფლების პარლამენტის თავმჯდომარისგან, პრეზიდენტისთვის დაბრუნებას, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნვეყოფისთვის.

რეკომენდაცია 5 – საპარლამენტო ზედამხედველობის აღსრულების შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე

ზოგადი რეკომენდაციები:

● პრაქტიკაში ეფექტიანად დაინერგოს საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები; საპარლამენტო უმრავლესობამ პროცედურული საბოტაჟის გზით ხელი არ შეუშალოს ოპოზიციის მცდელობებს, გამოიყენოს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, მათ შორის, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისიები;

● რეკომენდებულია, პროცედურულად გაუმჯობესდეს და დაიხვეწოს საპარლამენტო კონტროლის ისეთი მექანიზმები, როგორებიცაა: მინისტრის საათი, ინტერპელაცია, თემატური მოკვლევა და თემატური მომხსენებელი და უზრუნველყოფილი იყოს ოპოზიციონერი დეპუტატების ჩართულობა როგორც საპარლამენტო, ისე საკომიტეტო მექანიზმების გამოყენებაში.

● საპარლამენტო ზედამხედველობის პრაქტიკის სრულყოფის მიზნით, პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ მექანიზმებს დაემატოს „სამთავრობო საათის“ (Question Time) მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს აქტუალურ საკითხებზე/პრობლემებზე არსებულ შეკითხვებზე მთავრობის წევრებისგან პასუხების მოსმენას/დებატებს (სხვა ქვეყნების კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით)

უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო საზედამხედველო მექანიზმების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები:

● საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას შეუზღუდავს შესაძლებლობას, პროცედურული მანიპულაციის გზით ხელი შეუშალოს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას;

● განხორციელდეს ნდობის ჯგუფის ინსტიტუტის სისტემური ცვლილებები, საპარლამენტო სისტემაში მისი ინსტიტუციური მოწყობის და პარლამენტის წინაშე მისი ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით;

● ნდობის ჯგუფში უზრუნველყოფილი იყოს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის თანაბარი წარმომადგენლობა; გაფართოვდეს ნდობის ჯგუფის საზედამხედველო უფლებამოსილებები უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებზე;

● გაძლიერდეს ნდობის ჯგუფის აპარატი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსით;

● 2021 წლის ფარული მოსმენების საქმესთან დაკავშირებით, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებული სისტემური პრობლემები გამოავლინა, საქართველოს პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია;

● ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე გაძლიერედეს დემოკრატიული ზედამხედველობა (მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ღონისძიებების და მათზე ზედამხედველობის მომწესრიგებელი კანონმდებლობის სრულყოფილად გადახედვის გზით);

● პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში გათვალისწინებული იყოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის წარმართვის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები. ეს პარლამენტს საშუალებას მისცემს, ჯეროვნად გააკონტროლოს მთავრობის წევრთა საქმიანობა შესაბამისი მექანიზმების გამოყენებით;

● გაუქმდეს რეგლამენტის საგამონაკლისო წესი კომიტეტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის, გენერალური პროკურორის ან/და სუს-ის უფროსის მოწვევასთან დაკავშირებით. 29 სხვა თანამდებობის პირების მსგავსად, პრემიერ-მინისტრი, გენერალური პროკურორი და სუს-ის უფროსი კომიტეტის სხდომაზე გამოცხადდნენ დამსწრეთა უმრავლესობის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე;

● თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა აქტიურად გამოიყენოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა საზედამხედველო მექანიზმი;

● პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტმა უზრუნველყოს კომიტეტის მუშაობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა;

● გამკაცრდეს თანამდებობის პირის მიერ რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სანქციები; საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს ამ სანქციების პროაქტიულად გამოყენება;

● დეპუტატების ყველა შეკითხვას ყველა ანგარიშვალდებული უწყების მიერ გაეცეს დროული და ამომწურავი პასუხი;

● პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული პირები რეგლამენტის შესაბამისად გამოცხადდნენ პარლამენტში;

● გრძელვადიან პერსპექტივაში, უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის რეორგანიზაციის კონცეფციის მომზადება.

საარჩევნო ადმინისტრაცია

● საარჩევნო ადმინისტრაციის კუთხით, ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის იმგვარ მოდელზე დაბრუნება, სადაც ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების თანამდებობაზე სრული ვადით ასარჩევად პარლამენტში კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერის საჭიროება იარსებებს და უზრუნველყოფილი იქნება პროცესში პრეზიდენტის ინსტიტუტის შინაარსობრივი მონაწილეობა;

● აღნიშნულ წესზე დაბრუნების შემდგომ, ცესკოს თავმჯდომარისა და ორი პროფესიული წევრის არჩევა კონსენსუსით და მაღალი მხარდაჭერით, სასურველია სრული ვადით;

● ქვედა დონის საარჩევნო (საოლქო/საუბნო) კომისიების დაკომპლექტების პროცესის გამჭვირვალედ და სამართლიანად წარმართვა; ასევე სამივე დონის საარჩევნო კომისიების მიუკერძოებლად და კანონის მოთხოვნის შესაბამისად მუშაობა როგორც არჩევნების დღეს, ასევე წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდებში.

ეროვნული ბანკი

● ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან პროგრამის შეჩერების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის გზით;

● უმოკლეს დროში ეროვნული ბანკის საბჭოს სრულად დაკომპლექტება დამოუკიდებელი და შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირებით, არჩევის პროცედურის საუკეთესო პრაქტიკის დაცვით (რაც კანდიდატების საკომიტეტო მოსმენას და დაინტერესებული მხარეების ჩართულობას გულისხმობს); საბჭოს სრულად დაკომპლექტების შემდეგ, ახლად არჩეულ წევრთაგან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევა, რათა ეროვნული ბანკი განუსაზღვრელი ვადით მოვალეობის შემსრულებლის მიერ არ იმართებოდეს;

● ასევე საჭიროა ეროვნული ბანკის მიერ ევროკავშირის, აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულებაში საგამონაკლისო წესის შესახებ ბრძანების გაუქმება, რომლის მიღებაც აშშ-ის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის დასანქცირებას მოჰყვა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია

● კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, უნდა შეიცვალოს Comcom-ის წევრთა არჩევის წესი, რა დროსაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჩართულობა. კერძოდ:

● კომუნიკაციების კომისია უნდა დაკომპლექტდეს იმგვარი პრინციპით, რომ კომისიაში უმრავლესობას არ წარმოადგენდნენ მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ მხარდაჭერილი წევრები. ამისათვის შესაძლებელია, წევრთა არჩევა მოხდეს წევრის დანიშვნისთვის საჭირო ხმათა რაოდენობის გაზრდით, მაგალითად 2/3-მდე ან 3/4-მდე, ამჟამად მოქმედი უბრალო უმრავლესობის ნაცვლად, რაც შექმნიდა შესაძლებლობას კომისიის წევრები კონსენსუსის საფუძველზე შერჩეულიყო;

● ამასთან, მნიშვნელოვანია კანდიდატურების შერჩევის მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის დაკომპლექტება მოხდეს ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი მონაწილეობით და საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატების სიაში ხელისუფლების, ამ შემთხვევაში – პრემიერის მხრიდან თვითნებური ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოირიცხოს;

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია შემდგომი ცვლილებების განხორციელება:

● კომუნიკაციების კომისიის სხდომები უნდა იყოს ღია გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომისია განიხილავს კონფიდენციალურ ბიზნეს ინფორმაციას;

● კომისიის მიერ გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს მხოლოდ კომისიის სიითი შემადგენლობით გათვალისწინებულ წევრთა (და არა დამსწრეთა) ხმების უმრავლესობით;

● კომუნიკაციების კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა უნდა შემცირდეს, ან განისაზღვროს 6 წლით, ხელმეორედ არჩევის უფლების გარეშე;

● უნდა გადაიხედოს მთავრობის როლი ComCom-ის წევრთა შერჩევის პროცესში, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს პროცესის პოლიტიზირების საფრთხე;

● უნდა გადაიხედოს საქართველოს პარლამენტის მიერ კომისიის წევრის თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტის წესი და საფუძვლები. უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებს უნდა დაემატოს კომისიის წევრის რეგისტრაცია მოვალეთა რეესტრში. კანონმა მკაფიოდ განსაზღვროს ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ამ პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნეს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის დასკვნა;

● კარგი პრაქტიკის შესაბამისად, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშესაწყობად, კომისიამ ყოველწლიურ ანგარიშს უნდა დაურთოს მომავალი წლის საქმიანობის გეგმა, ასევე, ანგარიში წინა წლის გეგმის შესრულებაზე;

რეკომენდაცია 6 – ყოვლისმომცველი და ეფექტიანი სასამართლო რეფორმა

● სასამართლოს რეფორმირებისთვის ფართო, ინკლუზიური და პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსზე დაფუძნებული პროცესის წარმართვა;

● კანდიდატების და სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე არჩეული პირების, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, სასამართლოების თავმჯდომარეების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რომლებსაც ექნებათ გადამწყვეტი როლი. აღნიშნული მექანიზმი შეიქმნას რეგიონში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით და ევროკომისიასთან და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების გზით;

● ჩამოყალიბდეს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების პერმანენტული და პერიოდული შემოწმების სისტემა ამ პროცესში საერთაშორისო ექსპერტების საზედამხედველო და საკონსულტაციო ფუნქციებით

● წინა რეფორმების და სისტემაში დღეს არსებული გამოწვევების დეტალური ანალიზი, რომლის მიზანიც იქნება შემდგომი რეფორმების სრულფასოვანი დაგეგმვა

● სასამართლო რეფორმის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ძირითად გამოწვევებს და სტრატეგიულ საკითხებს.

● საბჭოს უფლებამოსილებების, ფუნქციების, შემადგენლობის, მისი წევრების (მოსამართლე და არამოსამართლე) არჩევის წესების გადასინჯვა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსამართლე და არამოსამართლე წევრების ხმების ბალანსის დაცვა, საბჭოს წევრების ეტაპობრივი არჩევა და მათი მეორე ვადით დანიშვნის შესაძლებლობის შეზღუდვა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლეების მიერ სხვა ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შეზღუდვა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა:

● იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილებების სავალდებულოობის მკაფიოდ განსაზღვრა;

● უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილების მიღებისას ეფექტური ანტი-ჩიხური მექანიზმის შემუშავება (ვენეციის კომისია, 2023, გვ. 9) , ასევე ე.წ. „მეორე რაუნდის“ კენჭისყრის გაუქმება და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევის პროცესის უზრუნველყოფა;

● უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ასაკობრივი და საკვალიფიკაციო კრიტერიუმის ზრდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის შემცირება (სამომავლო საკონსტიტუციო ცვლილებების დროს უნდა გადაიხედოს).

ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობის გარანტიები:

● თანხმობის გარეშე მოსამართლეთა მივლინების სისტემის რეფორმა და 2021 წლის დეკემბრის ცვლილებებამდე არსებული გარანტიების დაბრუნება კანონმდებლობაში;

● საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება მოსამართლის ფუნქციურ იმუნიტეტთან დაკავშირებით;

● საქმეთა შემთხვევითად ელექტრონული წესით განაწილების სისტემის იმგვარი შემდგომი დახვეწა, რაც შეამცირებს ზოგადი წესიდან არაერთ გამონაკლისს და საქმეთა განაწილების პროცესში გამორიცხავს არასათანადო გავლენებს;

● „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის“ დარღვევის, როგორც მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის შემადგენლობის დაზუსტება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და მისი პრაქტიკაში განმარტებისას მოსამართლის გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა.

მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, ეფექტიანობა:

● იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის გაზრდა ვენეციის კომისიის და ODIHR-ის რეკომენდაციების საფუძველზე;

● სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დაუყოვნებლივ, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად;

● 2023 წლის სექტემბრის საკანონმდებლო ცვლილებების მიღება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილები მიღებისთანავე;

● სასამართლოს ეფექტიანობის გაზრდის მიზნით საქმეთა განხილვის გაჭიანურების პრობლემის დაძლევა;

● მოსამართლეთა ვაკანსიების შევსება კვალიფიციური და კეთილსინდისიერი კადრებით ღია და დამსახურებაზე დაფუძნებული კონკურსის გზით; 56 მოსამართლეთა გადამზადება არაპირდაპირი მტკიცებულებების გამოყენებასთან დაკავშირებით.

● გენერალური პროკურორის არჩევა პარლამენტის მიერ კვალიფიციური უმრავლესობით.

● არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს გადახედვა პროკურორების შიდა დამოუკიდებლობასთან და დისციპლინური წარმოების პროცედურასთან დაკავშირებით ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, OECD-ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

● ვენეციის კომისიისა და OECD-ის რეკომენდაციების გათვალისწინება საპროკურორო ინსტიტუტებთან დაკავშირებით, რაც მათ შორის გულისხმობს:

1) საპროკურორო საბჭოს შემადგენლობის გადახედვას, რათა უზრუნველყოფილ იქნას ბალანსი პროკურორ და არა-პროკურორ წევრებს შორის;

2) პროკურორების ინდივიდუალური დამოუკიდებლობის გაზრდას საკადრო და დისციპლინური საკითხების მართვის ფუნქციის საპროკურორო საბჭოსა და გენერალურ პროკურორს შორის გადანაწილებით და ამ მიმართულებით საბჭოს უფლებამოსილების გაძლიერებით.

● პროკურორების სწავლება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ფინანსური ხასიათის დანაშაულების გამოძიების კუთხით.

რეკომენდაცია 7 – ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა სამსახურის რეფორმა

ანტიკორუფციული ბიურო;

● ანტიკორუფციული ბიუროს ინსტიტუციური და პერსონალური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გარანტიების უზრუნველყოფა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, იმგვარად, რომ გადაწყვეტილი იქნეს ევროკომისიის დასკვნაში იდენტიფიცირებული საკვანძო გამოწვევები, მათ შორის,

o ანტიკორუფციული ბიუროსთვის კორუფციული საქმეების გამოძიების უფლებამოსილების და ამ მანდატის ეფექტურად განსახორციელებლად საჭირო ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსის მინიჭება;

o ანტიკორუფციულ უფროსს თანამდებობაზე არჩევა საქართველოს პარლამენტის მიერ მაღალი უმრავლესობით და ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიშვალდებულების განსაზღვრა მხოლოდ პარლამენტის წინაშე;

o ანტიკორუფციული ბიუროს მიერ უფლებამოსილების ეფექტიანი განხორციელება, მათ შორის, მაღალი დონის კორუფციასთან მიმართებით; ბიურომ უნდა იმოქმედოს პოლიტიკური შერჩევითობის გარეშე, მათ შორის, ქონების დეკლარაციები უნდა შემოწმდეს ლეგიტიმურ შემოსავალთან მიმართებით და აუხსნელი განსხვავებების შემთხვევაში უნდა დაიწყოს გამოძიება;

● ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება და მის აღსასრულებლად შესაბამისი ფინანსური სახსრების გამოყოფა და ეფექტიანი მონიტორინგის მექანიზმის შექმნა;

● OECD-ის ანტიკორუფციულ ქსელში დაბრუნება და წინა შეფასების რაუნდების რეკომენდაციების სრული იმპლემენტაცია;

სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიებისა და ეფექტიანობის გაძლიერება, სამსახურის ხელმძღვანელის შერჩევის წესის ცვლილება, ასევე მათი არსებული მანდატის დახვეწა და ახალი უფლებამოსილებების მინიჭება ევროკომისიის, ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR  რეკომენდაციების შესაბამისად. მათ შორის,

a. სამსახურების უფროსის თანამდებობაზე განმწესების და თანამდებობიდან გადაყენების წესის ცვლილება, ასევე სამსახურის საკვანძო თანამშრომლებისთვის შესაბამისი ხარისხის იმუნიტეტის მინიჭება. მათ შორის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევი კომისიიდან გენერალური პროკურატურის ჩართულობის საკითხის გადახედვა. სამსახურის უფროსის შესარჩევი კრიტერიუმებისა და კომისიის მიერ კანდიდატთა შერჩევისთვის გადაწყვეტილების მიღების წესის გადახედვა;

b. სამსახურის უფროსის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემაზე პარლამენტის თანხმობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის ცვლილება;

c. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატის გადახედვა. მანდატის დაახლოება სამსახურის არსებობის რეალურ მიზნებთან. მანდატის გაფართოება, მათ შორის, პროკურორებზე, ისევე როგორც შსს მინისტრზე, სუს-ის უფროსსა და გენერალურ პროკურორზე;

d. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ პროკურატურისგან საქმის მის იურისდიქციის დაქვემდებარების მოთხოვნაზე უარის, ასევე პროკურატურის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან საქმის ამოღების და გამოძიების მიზნებისთვის სხვა ორგანოსთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების წესის ცვლილება, იმგვარად, რომ არსებობდეს ამ გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულება;

e. საგამოძიებო სამსახურის ფუნქციური ავტონომიის უზრუნველყოფა საქართველოს პროკურატურისგან, მათ შორის, საგამოძიებო სამსახურისთვის საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობის მინიჭების გზით;

f. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურისთვის უფლებამოსილების მინიჭება ყოველწლიურ ანგარიშთან ერთად მოამზადოს სპეციალური ანგარიშები საჭიროების არსებობის შემთხვევაში.

g. სამსახურების აღჭურვა დაკისრებული ფუნქციების დამოუკიდებლად და ეფექტიანად განხორციელებისთვის საჭირო რესურსებით.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიებისა და ეფექტიანობის გაძლიერება, სამსახურის ხელმძღვანელის შერჩევის წესის ცვლილება, ასევე მათი არსებული მანდატის დახვეწა და ახალი უფლებამოსილებების მინიჭება ევროკომისიის, ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად.

რეკომენდაცია 8 – დეოლიგაქრიზაცია

● ოლიგარქიის მავნე გავლენებთან ბრძოლა „სისტემური“ მიდგომის საფუძველზე; დეოლიგარქიზაციის ნაბიჯის შესრულება უნდა მოხდეს სხვა პრიორიტეტების შესრულების გზით, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან სრულ შესაბამისობაშია;

● ვენეციის კომისიის მიერ დეოლიგარქიზაციის განხორციელების სისტემური მიდგომის ძირითადი მოთხოვნების ჯეროვნად იმპლემენტაცია, მათ შორის, მის იმპლემენტაციაში ჩართული საკვანძო ინსტიტუტების მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა ;

● არსებული სამოქმედო გეგმის დახვეწა ევროკავშირის უკუკავშირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ასევე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;

● სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებების დროულად მიღება და ადმინისტრაციული ღონისძიებების დროულად გატარება;

● სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ზომების პრაქტიკაში ეფექტიანი აღსრულება, მათ შორის, მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების გამოძიება და შესაბამისი საქმის წარმოება, რათა მოხდეს მავნე გავლენის აღმოფხვრა როგორც პოლიტიკურ, ასევე სასამართლო და ეკონომიკურ სფეროებში.

● სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესის პერიოდული, გამჭვირვალე და ეფექტიანი მონიტორინგის წარმოება.

რეკომენდაცია 9 – ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესება, დროული და ეფექტიანი გამოძიება, მედიის წარმომადგენლების დაცვა

● სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებსა და ოპოზიციასთან ფართო კონსულტაციების მეშვეობით ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის გადასინჯვა სახალხო დამცველის, სამოქალაქო საზოგადოებისა და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიერ წამოჭრილი მთავარი საკითხების გათვალისწინება.

● მონიტორინგისა და მონაცემთა შეგროვების ყოვლისმომცველი სისტემის განვითარება, რათა შეფასდეს ადამიანის უფლებათა შესახებ კანონმდებლობის, პოლიტიკისა და სტრატეგიების იმპლემენტაციის დონე;

● სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან კონფრონტაციული რეჟიმის შეწყვეტა და მათი საქმიანობისთვის ხელის შემშლელი კანონების არმიღება, მათთან კონსტრუქციული თანამშრომლობის დაწყება, განსაკუთრებით ნაბიჯის შესრულების კონტექსტში;

● სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისთვის და მასთან თანამშრომლობისთვის ყოვლისმომცველი სახელმწიფო სტრატეგიის ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით შემუშავება და დამტკიცება; კანონპროექტებისა და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში სამოქალაქო საზოგადოების კონტრიბუციისთვის ქმედითი მექანიზმის შექმნა და მათი მოსაზრებების გაზიარება;

● ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ინსტიტუტის ჩართულობის ქმედუნარიან ინსტრუმენტად ჩამოყალიბება;

● სამინისტროებთან სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან საკონსულტაციო საბჭოების აღდგენა და აქტიურად გამოყენება დარგობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოებასთან რჩევებისა და პოზიციების გაზიარებისა და შეჯერებისთვის;

პირადი ცხოვრების დაცულობის უზრუნველყოფა

● პირადი ცხოვრების უფლების დაცულობისთვის ფარული მიყურადების და ჩაწერის სისტემის სრულყოფილი გადახედვა. მოქმედი რეგულაციებით, ხშირია დუბლირება სხვადასხვა საგამოძიებო უწყებებს შორის და იქმნება ფარული ღონისძიებების არამართლზომიერად გამოყენების რისკები. საჭიროა, ფარული მიყურადების და ჩაწერის ღონისძიებებზე ზედამხედველობის მომწესრიგებელი კანონმდებლობის (მათ შორის, სასამართლო კონტროლის ხარისხის ზრდა ცალკეული ტიპის საქმეებზე და ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერება) სრულყოფილად გადახედვა.

თანასწორი უფლებრივი გარემოს უზრუნველყოფა

● ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიაში LGBTQI+ თემის უფლებების, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის საკითხების ასახვა. ასევე, პირადი ცხოვრების დაცულობის ეფექტური მექანიზმების და წამებასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინება;

● ეთნიკური უმცირესობების უფლებების დასაცავად სამართლებრივი ჩარჩოსა და მათი განმახორციელებელი მექანიზმების გაძლიერება და სრულყოფა.

● ეთნიკური უმცირესობებისთვის რეგულარული, დემოკრატიული და ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის ჩამოყალიბების მიზნით სამთავრობო და საპარლამენტო დონეზე ამგვარი საკონსულტაციო პლატფორმების შექმნა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე ეთნიკური უმცირესობების დაბალი პოლიტიკური რეპრეზენტაციის ფონზე.

● ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თემებიდან ქალი აქტივისტების უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა და შესაბამისი შემთხვევების გამოძიება. ულტრამემარჯვენე და ნაციონალისტური ძალების უმცირესობების მიმართ თავდასხმების აღკვეთა

● სახალხო დამცველის აპარატის ქვეშ არსებული უმცირესობათა საკონსულტაციო მექანიზმის გაძლიერება;

● ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, ასევე ლგბტი ადამიანების უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულების გაძლიერების, ისევე როგორც შესაბამისი სამოქმედო გეგმების დამტკიცების პროცესში “დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშების (2021-2023 წლები) რეკომენდაციების გათვალისწინება.

● სახალხო დამცველის მანდატის გაძლიერება, რათა მას შეეძლოს სავალდებულო სახით ინფორმაციის გამოთხოვა კერძო ორგანიზაციებისა და პირებისგან ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში. ამასთან, დისკრიმინაციის საქმეებზე სახალხო დამცველის მიერ სასამართლოში მიმართვის ვადის 1 წლამდე გაზრდა.

● ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკისა და პრაქტიკის შემუშავება ყველა ფორმის დისკრიმინაციის და ძალადობის/დისკრიმინაციის მოწოდების წინააღმდეგ;

● ლგბტი და სხვა ჯგუფების დასაცავად ყოვლისმომცველი და მრავალგანზომილებიანი სახელმწიფო პოლიტიკის განვითარება და განახორციელება, მათ წინააღმდეგ საზოგადოებაში არსებული შეუწყნარებლობისა და ცრურწმენების აღმოფხვრა, ტარგეტირებული ცნობიერების ამაღლების კამპანიებით;

● სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის, ასევე რელიგიის საფუძველზე ჩადენილი სიძულვილის დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად, ძალადობის მასშტაბის სამწუხარო ზრდასთან ერთად, სპეციალიზებული საგამოძიებო განყოფილების შექმნისა და გამოძიების ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით საჭირო სხვა ხელშესახები ინსტიტუციური ღონისძიებების შესახებ მსჯელობის დაწყება;

● ულტრა-მემარჯვენე რადიკალურ ჯგუფებთან გამკლავების თანმიმდევრული პოლიტიკის, შემუშავება და მათი მხრიდან მომდინარე ძალადობის პრევენცია;

● სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მსხვერპლთა დაცვის და დახმარების მიზნით შესაბამისი სახელმწიფო სერვისების შემუშავება და დანერგვა;

● სიძულვილის ენისა და სიძულვილის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოწვევების საპასუხოდ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის ყველა ტიპის სიძულვილსა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის სტრატეგიის მიღების გზით;

● 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის დროული და ეფექტიანი გამოძიება, მათ შორის, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების და სახალხო დამცველის მიერ მოგროვებული მტკიცებულებების დიდძალი რაოდენობის გათვალისწინებით, და ორგანიზატორებისა და წამქეზებლების დასჯა. ასევე, 2023 წლის 8 ივლისის მოვლენების გამოძიება და დამნაშავეების დასჯა;

შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ხარისხის გაუმჯობესება

● შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველსაყოფად, ეუთო/ოდირის დასკვნის შესაბამისად მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე უარის თქმა. ამასთან, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკაში უმაღლესი სტანდარტით უზრუნველყოფა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში;

● დაინტერესებული პირების ფართო ჩართულობით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სისტემურ ცვლილებაზე მუშაობის დაწყება. კოდექსის ცვლილების დროს გათვალისწინებული იყოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტები. მათ შორის, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა უფლებების არასათანადო დაცვის გარანტიების გაუმჯობესება, მტკიცების ტვირთის სტანდარტის გაუმჯობესება ისე, რომ დაკავებულებს არ უწევდეთ მათი უდანაშაულობის მტკიცება, დაკავების კანონიერების შემოწმების ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმის არსებობა და სხვა;

● მედიის საქმიანობაში ხელშეშლის პრევენციის მიზნით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის ცვლილებაზე მუშაობის დაწყება;

● სასამართლოების მიერ კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების გაჩუმების მიზნით, ცილისწამების საფუძვლით დაწყებული დავების გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალი სტანდარტებით განხილვა და გადაწყვეტა;

● ხელისუფლების მიერ მედიის საქმიანობისთვის ხელისშემშლელი კანონების პარლამენტში ინიციირებისგან თავის შეკავება, ხოლო უკვე არსებული კანონმდებლობის გადახედვა და გამოხატვის და მედიის თავისუფლების მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;

● საჯარო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ საჯარო ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადებში გაცემა

● ხელისუფლების მიერ ოპოზიციური მედიების მფლობელთა უსაფუძვლო სამართლებრივი დევნის დაუშვებლობა;

● ჟურნალისტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანად გამოძიება;

● მაღალი თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან მედიის მადისკრედიტირებელი ნარატივების გავრცელებისა და კამპანიების განხორციელებისგან თავის შეკავება;

დოკუმენტს სრულად გაეცანით ბმულზე.