როგორ უნდა დაეხმაროს მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს? – რეკომენდაციები

პუბლიკა

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) კორონავირუსის პანდემიის დროს შექმნილი კრიზისის სამართავად რეკომენდაციას აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას სთავაზობს კონკრეტულ ხედვას მშრომელთა სოციალური უსაფრთხოების დროებით უზრუნველყოფისთვის. გთავაზობთ ამონარიდებს დოკუმენტიდან:

პანდემიის გავლენა საქართველოს შრომის ბაზარზე:

„COVID 19-ით გამოწვეული გლობალური კრიზისი, ცხადია, ქართულ ეკონომიკასაც შეეხო და იგი დღითიდღე უფრო მწვავე ხდება. ეკონომიკური საქმიანობის დიდი ნაწილის შეჩერება, უარყოფითად აისახება დასაქმებულებზე. თუმცა, პანდემიის უარყოფითი გავლენა ყველა მშრომელზე თანაბრად არ ვრცელდება და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმის ანალიზი თუ დასაქმებულთა რომელი ჯგუფები არიან ყველაზე მოწყვლადი მოცემულ სიტუაციაში.

დისტანციურად მუშაობა განსაკუთრებით აქტუალური გახდა პანდემიის პირობებში, თუმცა ამის ფუფუნება ქართულ შრომის ბაზარზე უმრავლესობას არა აქვს. როგორც პროფესიული ჯგუფების მიხედვით დასაქმებულთა განაწილებიდან ჩანს, დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა გააჩნია სამუშაო ძალის დაახლოებით ერთი მეხუთედს (19.3%), რომლებიც მენეჯერების, პროფესიონალებისა და ასოცირებული პროფესიონალების შრომას ასრულებენ. მშრომელთა დანარჩენი ჯგუფები, როგორც წესი, ასრულებენ ისეთი ტიპის შრომას, რომლისთვისაც აუცილებელია სამუშაო ადგილზე გამოცხადება. არსებული მდგომარეობით, მათი დიდი ნაწილი უბრალოდ ვალდებულია სახლში დარჩეს, სუპერმარკეტების, აფთიაქებისა და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლების გამოკლებით, რომლებიც ახლა საზოგადოებისათვის „აუცილებელ შრომას” ეწევიან.

მშრომელთა იმ დიდ ჯგუფს, რომელთა საქმიანობა, სპეციფიკიდან გამომდინარე, დისტანციურად ვერ შესრულდება, „სახლში დარჩენა” მძიმე მდგომარეობაში აყენებს. პირველ რიგში ეს მათ ფინანსურ მდგომარეობაზე აისახება, რადგანაც ბევრი მათგანი გამომუშავებით იღებს ხელფასს. ვირუსის გავრცელების შემდგომ პერიოდში გახშირდა ცნობები იმის თაობაზე, რომ დამსაქმებელი აიძულებს თანამშრომლებს გავიდნენ უხელფასო შვებულებაში ან ათავისუფლებენ მათ სამსახურიდან წინასწარი გაფრთხილებისა და კომპენსაციის გაცემის გარეშე, რაც მათი შრომითი უფლებების უხეში დარღვევაა.

აღსანიშნავია, ისიც რომ შრომითი უფლებების დარღვევა ასევე მწვავეა იმათ შემთხვევაში, ვინც პანდემიის დროს აგრძელებს სამსახურში გამოცხადებას, თუმცა დამსაქმებელი არ აწვდის მათ ინდივიდუალურ დამცავ საშუალებებს, უმცირებს ანაზღაურებას, მაგრამ მოითხოვს იგივე გრაფიკით მუშაობას, როგორც კრიზისამდე იყო ან კიდევ უფრო მეტს.

„ყველაზე დიდი პრობლემა იმ დასაქმებულებს შეექმნათ, რომელთაც კრიზისის გამო სამუშაო დაკარგეს. როგორც შესავალში იყო ნახსენები, სხვა განვითარებულ და რიგ განვითარებად ქვეყნებში, დროებითი უმუშევრობის პრობლემას უმუშევრობის დაზღვევისა და/ან უმუშევრობის შემწეობის სისტემების გააქტიურებით უპირისპირდებიან. საქართველოში, სოციალური დაცვის ეს მექანიზმები არ არსებობს, შესაბამისად, უმუშევრად დარჩენამ (განსაკუთრებით კრიზისის პერიოდში) ადამიანი შეიძლება საარსებო წყაროს გარეშე
დატოვოს.

ასევე, კრიტიკული მნიშვნელობისაა ვისაუბროთ არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებზე, იმდენად რამდენადაც ქართულ შრომის ბაზარზე სწორედ არაფორმალურ დასაქმებას უჭირავს ძირითადი ადგილი. სამუშაო ძალის კვლევაზე დაყრდნობით საქართველოს სტატისტიკის სამსახური გვამცნობს, რომ არასასოფლოსამეურნეო სფეროში არაფორმალური შრომით დაკავებულია სამუშაო ძალის 36.2%. თუმცა, ცნობილია რომ სამუშაო ძალის კვლევები, როგორც წესი, ვერ ახერხებს სრულად ასახოს არაფორმალური დასაქმების მაჩვენებლები, განსაკუთრებით კი ისეთი „რუხი ზონები”, როგორიცაა დამოუკიდებელი კონტრაქტორების შრომა ონლაინ პლატფორმებზე, ან ონლაინ აპლიკაციის საშუალებით რეალურ სივრცეში შესრულებული დაკვეთები (ე.წ. gig-ები), რომელსაც ეწევიან მაგალითად ტაქსის მძღოლები და კურიერები. აღნიშნულის მიუხედავად, ცხადია, რომ არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა წილი ქართულ შრომის ბაზარზე საკმაოდ დიდია. კრიზისის პირობებში ისინი ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ, რადგან მათი შემოსავალი, უმეტეს შემთხვევაში, მათ დღიურ შრომაზეა დამოკიდებული – შესაბამისად, სახლში დარჩენა პირდაპირი გაგებით უწყვეტს მათ საარსებო საშუალებას.

დოკუმენტის მიხედვით, არაფორმალურად მშრომელთა იდენტიფიკაცია კი ფაქტიურად შეუძლებელია და ამიტომაც ძალიან რთულია სოციალური უსაფრთხოების სისტემებმა ისინი მოიცვან. სწორედ, ამიტომ პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულად სწორედ ეს ჯგუფი უნდა მოვიაზროთ.

რეკომენდაციები:

1. ფორმალურ სექტორში (შრომითი ხელშეკრულებით) დასაქმებული
მუშაკები
► დასაქმებულები, რომლებიც პანდემიის დროს აგრძელებენ სამსახურში სიარულს:

სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს თუ რამდენად ასრულებენ დამსაქმებლები თანამშრომელთა ტრანსპორტირების ვალდებულებას, რამდენად იცავენ ამ პროცესში უსაფრთხოების ნორმებს და უზრუნველყოფენ თუ არა დასაქმებულებს პერსონალური დამცავი საშუალებებით. ამასთან, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ზედამხედველობის ფარგლებში, დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ ნორმირებული სამუშაო გრაფიკი მათთვის, ვინც მუშაობას აგრძელებს.

► დასაქმებულები, რომელთაც პირდაპირ შეეხო პანდემია:

დასაქმებულებს, ვინც ამჟამად იმყოფება კარანტინის რეჟიმში, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, არის თვითიზოლაციაში, ან გადიან მკურნალობის კურსს COVID19-ით ინფიცირების გამო, დამსაქმებელმა ეს პერიოდი უნდა ჩაუთვალოს ანაზღაურებად სამედიცინო შვებულებად. მათ ასევე უნდა შეეძლოთ ისარგებლონ სხვა ღონისძიებებით რასაც სახელმწიფო/დამსაქმებელი განახორციელებს მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

► დასაქმებულები, ვინც პანდემიის გამო სამსახურიდან დაითხოვეს
ან უხელფასო შვებულებაში იმყოფებიან:

პანდემიის პირობებში ბევრმა კომპანიამ დროებით შეაჩერა ხელფასის გადახდა ან საერთოდ დაითხოვა თანამშრომლები. აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებისათვის კრიტიკული მნიშვნელობისაა გარკვეული მონეტარული ბენეფიტების მიწოდება, რათა მათ შეძლონ კრიზისულ პერიოდში თავის გატანა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია:

3) კრიზისის პერიოდში სახელმწიფომ უზრუნველყოს სამსახურიდან გათავისუფლებულ ან უხელფასო შვებულებაში გაშვებულ მოქალაქეებზე მონეტარული ბენეფიტების (შემწეობის) გაცემა მინიმუმ 3 თვის განმავლობაში. აღნიშნული მონეტარული ბენეფიტის მოცულობა უნდა განისაზღვროს საშუალო ზომის შინამეურნეობაზე გაცემული სოციალური დახმარების მოცულობის მიხედვით. აღნიშნული ბენეფიტის გაცემის ადმინისტრირება სრულად უნდა მოახდინოს სახელმწიფომ…

2. არაფორმალურ სექტორში (შრომითი ხელშეკრულების გარეშე) დასაქმებულები

იქიდან გამომდინარე რომ არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა იდენტიფიცირება რთულია, შეუძლებელია მხოლოდ მათზე ორიენტირებული (ტარგეტირებული) პროგრამების შემუშავება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია შემდეგი ზოგადი და უნივერსალური ხასიათის მექანიზმების განხორციელება:

► კრიზისის პერიოდში შეჩერებული უნდა იყოს პირთა გამოსახლება მფლობელობაში არსებული ბინიდან/საცხოვრისიდან;

► კომუნალურ გადასახადებზე გამოცხადებულ შეღავათებზე დამატებით მოსახლეობას უნდა მიეცეს შესაძლებლობა კრიზისის პერიოდში გადაავადოს აღნიშნული გადასახადების გადახდა. ელ. ენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მათი მიწოდების შეწყვეტა, არამედ კომპანიებმა დაგროვილი დავალიანებები უნდა გადაანაწილონ და მისცენ შესაძლებლობა აბონენტებს მათი დაფარვა დაიწყონ კრიზისის შემდგომ პერიოდში, ეტაპობრივად;

► მნიშვნელოვანია, რამდენიმე მსხვილი ბანკის ინიციატივა საშეღავათო პერიოდის შესახებ გაიზიარონ სხვა ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმაც და მისცენ მოსახლეობას საშუალება გადაავადონ სესხების გადახდა;

► სოციალური დახმარების პროგრამამ უნდა გააფართოვოს მოცვა და გასცეს სოციალური დახმარებები იმ ოჯახებზე, რომელთა შეფასებაც განხორციელებულია, თუმცა სარეიტინგო ქულა საარსებო შემწეობისთვის საჭირო ზღვრულ ქულას არ აღემატება. კერძოდ, ეს მოიცავს შემდეგ შემთხვევებს: ოჯახები, რომელთა საარსებო შემწეობა დროებით შეჩერებულია, შეწყვეტილია ან საჭიროებს დამატებით შესწავლას. ასევე ოჯახებს, რომელთათვისაც საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურებიც ამჟამად მიმდინარეობს ან შემწეობის დანიშვნის უფლება წარმოეშვებათ მომდევნო თვეებიდან. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით ეს შეადგენს 13 706-ს ოჯახს;

► უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისათვის განკუთვნილი ბენეფიტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ასევე არაფორმალურად მშრომელებისათვის, რომელთა თვიური შემოსავალი საარსებო მინიმუმზე დაბალ მაჩვენებელზე დაეცა და რომელთაც აღნიშნულის დადასტურება შეუძლიათ რაიმე სახის დოკუმენტით (მაგ. აპლიკაციის  საშუალებით მომუშავე ტაქსის მძღოლებს და კურიერებს შემოსავალი საბანკო ანგარიშზე ერიცხებათ). ასეთ დროს, ამ პირების მიმართ არ უნდა იქნას გამოყენებული საგადასახადო პასუხისმგებლობის ზომები დაუბეგრავი შემოსავლის გაცხადებისთვის;

► არაფორმალურად დასაქმებული მშრომელების დასახმარებლად, რომელთაც კრიზისის შედეგად შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგეს, მნიშვნელოვანია არასამთავრობო და სხვა სათემო ორგანიზაციების მობილიზება, რომლებიც მუშაობენ აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებთან;

► ბაზრობების ან სხვა მსგავსი ობიექტები დახურვის პარალელურად, უნდა მოხდეს იქ (არაფორმალურად) დასაქმებული პირების აღრიცხვა და მათთვის ბენეფიტების დანიშვნა მე-3 პუნქტში განსაზღვრული წესის შესაბამისად”, – ნათქვამია OSGF-ის ანგარიშში.