როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა გვაკავებენ, გვაჯარიმებენ ან გვემუქრებიან — რჩევები

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციები აცახდებენ, რომ მათ სამართლებრივი დახმარების ქსელს ყოველდღიურად ათობით პირი უკავშირდება სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით.

ამ ეტაპზე ადვოკატები აგრძელებენ აპრილი-მაისის პერიოდში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების უფლებების დაცვას.

ორგანიზაციების განცხადებით, ბოლო დღეებში იღებენ შეტყობინებებს იმის თაობაზე, რომ მშვიდობიან აქციის დემონსტრანტებს აჯარიმებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე (ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული) და 150-ე მუხლების (სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება) საფუძველზე.

ამასთან, 2024 წლის 7 მაისიდან როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ქართული ნომრებიდან ურეკავენ და აგინებენ რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართულ პირებსა და უფლებადამცველებს (ან მათი ოჯახის წევრებს).

ორგანიზაციების შეფასებით, ეს ზარები სიხშირის, სისტემურობის, დავიწროებული, კონკრეტული ნიშნით გამოყოფილ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ შესაძლოა მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება.

ასევე, ზარები შინაარსი შესაძლოა შეიცავდეს იძულებისა ან/და დევნის დანაშაულის ნიშნებს.

მაღალი მიმართვიანობიდან გამომდინარე, მოქალაქეებს, რომლებიც გადაწყვეტთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით მიმართოთ განცხადებით/საჩივრით შესაბამის უწყებას, NGO-ები გიზიარებთ ზემოთ მითითებულ საკითხებზე მომზადებულ განცხადების/საჩივრების ნიმუშებს.

თქვენი უფლებების დაცვისთვის, შესაბამისი უწყებისთვის მიმართვისას შეგიძლიათ, გამოიყენოთ შემდეგი შაბლონები:

  1. თუ დაკავებისას ჩამორთმეული პირადი ნივთების დაბრუნება გსურს – განცხადება დაკავებისას ჩამორთმეული პირადი ნივთების დაბრუნების საკითხზე
  2. თუ მიიღე საჯარიმო ქვითარი, რომლის მიხედვით, ცნობილი ხარ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით და გსურს გასაჩივრება –  საჩივარი (125-ე მუხლი, გზის გადაკეტვა)
  3. თუ მიიღე საჯარიმო ქვითარი, რომლის მიხედვით, ცნობილი ხარ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით და გსურს გასაჩივრება – საჩივარი (150-ე მუხლი, იერსახის დამახინჯება)
  4. თუ შენი პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავებაზე გაქვს ინფორმაცია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შეგიძლია შემდეგი განცხადებით მიმართო – განცხადება პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების საკითხზე
  5. თუ სატელეფონო ზარის მეშვეობით განხორციელდა მუქარა, სიტყვიერი შეურაცხყოფა და თქვენი დევნა/შევიწროვება ხდება აზრის გამო, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეგიძლია შემდეგი განცხადებით მიმართო – განცხადება (სპეციალური საგამოძიებო სამსახური)
  6. თუ სატელეფონო ზარის მეშვეობით ან სხვა სახით განხორციელდა მუქარა, გენერალურ პროკურატურას შეგიძლია შემდეგი განცხადებით მიმართო – განცხადება (გენერალური პროკურატურა)

ასევე შეგახსენებთ ორგანიზაციების იურიდიული დახმარების ცხელი ხაზის ნომერს იმ შემთხვევაში, თუ პოლიციამ დაგირეკათ, მოგაკითხათ, განყოფილებაში წაყოლა გთხოვათ და ა.შ – 577070563.

თუ დაკავების მიზნით მოგაკითხეს:

  • უარი თქვით პოლიციაში ადვოკატის გარეშე გადაყვანაზე; იძულებით გადაყვანა დანაშაულია.
  • არ აქვთ უფლება, ქუჩაში გაგაჩერონ და განყოფილებაში წასვლა გაიძულონ;
  • არ აქვთ უფლება, სახლში შემოსვლა მოგთხოვონ;