როგორ უნდა შესრულდეს მართლმსაჯულების რეფორმა - „გამჭვირვალობის“ ხედვა

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 9 ნაბიჯის ფარგლებში მართლმსაჯულების რეფორმის ხედვა გამოაქვეყნა.

TI  წერს, რომ ხელისუფლების გეგმაში მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით მხოლოდ სამი აქტივობაა გათვალისწინებული -მათგან ერთი სამუშაო ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს, ხოლო მომდევნო ორი აქტივობა საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებაზე მხოლოდ ზოგად მითითებას აკეთებს.

„დოკუმენტი იმდენად ზოგადი და ბუნდოვანია, რომ შეუძლებელია რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლების მიერ გადასადგმელი ნაბიჯების განსაზღვრა. ამ დროისთვის ცნობილია პრემიერ მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულება, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციების ერთ კომპონენტს – მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ეხება.

ამავდროულად, პარლამენტმა უმრავლესობის დეპუტატების მიერ 2023 წლის ოქტომბერში ინიციირებული იმ კანონპროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც ვენეციის კომისიას უარყოფითად აქვს შეფასებული. ვენეციის კომისიის დასკვნით, სასამართლო სისტემაში კორპორატივიზმის პრობლემის მოგვარებას მრავალმხრივი და ყოვლისმომცველი რეფორმა სჭირდება, რაც ამ კანონპროექტით ვერ მიიღწევა“, – აცხადებს TI.

ორგანიზაციის ხედვით, ევროკომისიის პირობებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას:

  • შეაფასოს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და გამოკვეთოს სისტემის ინსტიტუციური რეფორმის საჭიროება.
  • შექმნას სასამართლო სისტემის გაჯანსაღების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროკომისიის მიერ დანახულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს გაითვალისწინებს.
  • შექმნას დროებითი მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელი იქნება მოსამართლეთა ნაწილის კეთილსინდისიერების გადამოწმება.
  • შექმნას გადაწყვეტილების მიღების წესი, რომლითაც საბჭოში მოსამართლე და არამოსამართლე წევრების ძალაუფლების დაბალანსება,  კერძოდ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ორმაგი 2/3-ის პრინციპით იქნება შესაძლებელი.
  • საქართველოს პარლამენტმა დაასრულოს კონსტიტუციური კანონის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს გენერალური პროკურორის არჩევისთვის ხმების უბრალო უმრავლესობიდან (76 ხმა)  კვალიფიციურ უმრავლესობამდე (90 ხმა) გაზრდას.

„გამჭვირვალობის“ განცხადებას სრულად გაეცანით ბმულზე.