როგორ ვზომავთ კოვიდ-19-ის გავრცელებასა და საფრთხეებს - ინტერვიუ თამარ გაბუნიასთან

ლიკა ზაკაშვილი

იკლო თუ არა კოვიდით-19-ით ინფიცირების მძიმე/კრიტიკულმა შემთხვევებმა? რამდენად არის მზად ჯანდაცვის სექტორი კოვიდპანდემიის მართვისთვის? რა შემთხვევაში შეიძლება დადგეს დღის წესრიგში შემზღუდავი ღონისძიებების ხელახალი შემოღება? – ამ და სხვა თემებზე „პუბლიკა“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას ესაუბრა.

კონკრეტულად, რომელი მაჩვენებლების მიხედვით მიიღება გადაწყვეტილებები შემზღუდავი ღონისძიებების შემოღებაზე  [ინციდენტობის თუ ტესტირებულთა შორის გამოვლენის მაჩვენებლით]?

ამ შემთხვევაში ორივე მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი პარამეტრი აუცილებლად ინციდენტობაა.  ჩვენი მოდელით ბოლო ორი კვირის მანძილზე ასი ათას მოსახლეზე ვაკვირდებით ინიციდენტობის მაჩვენებელს.

დღევანდელი მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით ეს მაჩვენებელი არის 8 ახალი შემთხვევა ასი ათას მოსახლეზე.  ასევე ყოველდღე ჩატარებული ტესტების რაოდენობა 3700-მდე უნდა იყოს. რაც შეეხება დღის განმავლობაში ტესტირებულთა შორის გამოვლენის მაჩვენებელს – ბევრ ქვეყანაში ტესტირებულთა შორის 5%-ზე მეტი გამოვლენა უკვე საყურადღებოა.  ჩვენი მოდელის მიხედვით, ტესიტრებულებში 1%-იანი გამოვლენა მისაღები მაჩვენებელია. როცა გამოვლენა  1%-ს სცდება, უკვე საყურადღებოა, მაგრამ არა საგანგაშო. საგანგაშო არის 5%-ზე მეტი. აჭარაში ახალი შემთხვევების სიხშირე მაღალია და დადებითი ტესტების პროპორციამაც იმატა. აქამდე თუ 1%-ზე ნაკლები იყო აჭარის რეგიონში, ახლა უკვე 1%-ს ასცდა.

ინციდენტობის რა მაჩვენებელი შეიძლება გახდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების საფუძველი?

თუ შემთხვევების რაოდენობა ბოლო 14 დღის განმავლობაში ასი ათას მოსახლეზე 30 შემთხვევას გადააჭარბებს, ეს უკვე წითელი ხაზია. რაც აბსოლუტურ ციფრებში 1100 შემთხვევაა. 1100 შემთხვევა რომ დაფიქსირდეს ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ეს უკვე საგანგაშო ნიშანი იქნება.

შეიძლება თუ არა, რომ ეს მონაცემი გახდეს იმის საფუძველი, რომ საკოორდინაციო საბჭომ ახალი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღებაზე მიიღოს გადაწყვეტილება?

დიახ!

აჭარის შემთხვევაში გადასცდა თუ არა ინციდენტობის მაჩვენებელი ასი ათას მოსახლეზე წითელ ნიშნულს?

აჭარისთვის წითელი ნიშნული უკვე დადგა. მთელი ქვეყნისთვის ორი კვირის განმავლობაში 1100 არის წითელი ხაზი და აჭარისთვის ასი ათასზე უკვე 40 შემთხვევაა.

სამედიცინო ინსფრასტრუქტურის მზაობაზე მინდა გკითხოთ. რისთვის არის მზად სამედიცინო სექტორი?

სისტემის მზაობისთვის კოვიდთან მიმართებაში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ საწოლფონდი. განსაკუთრებით სუნთქვის აპარატების რაოდენობა, ასევე ინტენსიური მოვლის საწოლების რაოდენობა. ჩვენ დღევანდელი გავრცელების პირობებში კონკრეტული მომენტისთვის მობილიზებული გვაქვს დაახლოებით 680-მდე საწოლი, რომლებიც მხოლოდ კოვიდის მიზნებისთვისაა. იქ სხვა პაციენტების მიღება არ ხდება. დღევანდელი მდგომარეობით ამ საწოლების დაახლოებით 55%-ია დატვირთული და დანარჩენი 45% სარეზერვო მნიშვნელობისაა, თუ შემთხვევებმა იმატა, ამ საწოლებს გამოვიყენებთ. რა თქმა უნდა, აქვეა სუნთქვის აპარატებიც. გარდა ამისა, მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულია ჰოსპიტლების ნუსხა, რომელთა მობილიზებაც ეტაპობრივად უნდა მოხდეს და ეს  ჰოსპიტლები უკვე მზადყოფნაში არიან. ეს კლინიკები არიან მზად იმ კუთხით, რომ მომზადებული აქვთ ინფექციის კონტროლის პირობები. ასევე აქვთ პირადი დაცვის საშუალებების მარაგი. არსებობს სუნთქვის აპარატების საკმარისი რაოდენობაც. საქართველო სოლიდარობის კვლევას შეურთდა და მძიმე პაციენტებისთვის მედიკამენტებიც მიიღო მისგან, თუ საჭირო გახდა, მას ეს პაციენტები მიიღებენ. კიდევ გეგმაში  გვაქვს, რომ გამოვიყენოთ საკარანტინო სასტუმროები. როგორც  იცით, ჩვენს პირობებში ბინაზე პაციენტები ჩვენ არ გვიმართავს. ანუ ყველა კოვიდშემთხვევა ექვემდებარებოდა ჰოსპიტალიაზაციას. მზად უნდა ვიყოთ ყველანაირი სცენარისთვის. ახლა რატომ ვსაუბრობ საკარანტინო სასტუმროზე და არა ბინაზე – იმიტომ, რომ ბევრ ადამიანს ბინაზე უბრალოდ არ აქვს თვითიზოლაციის შესაძლებლობა და მათთვის უფრო მოსახერხებელი იქნება საკარანტინო სივრცეში ყოფნა.

სქემა ასეთი წარმოგვიდგენია – დიაგნოზის დასმის შემდეგ საწყის შეფასებასა და გამოკვლევებს პაციენტი ჩაიტარებს სტაციონარში. თუ მისი მდგომარეობა იქნება მსუბუქი, არ ექნება სიმპტომები და არ დადგება რეალურად ჰოსპიტალური მოვლის საჭიროება, ამ შემთხვევაში მას შევთავაზებთ საკარანტინო სასტუმროში გადმოსვლას, სადაც იქნება სამედიცინო პერსონალი.

დღეს კლინიკაში ბევრი პაციენტია, რომლებსაც სიმპტომები პრაქტიკულად არ აქვთ. შესაძლებელია მათი სასტუმროში გადაყვანა. ყველა ეს სასტუმრო აღჭურვილია და გვყავს პერსონალი, რომელიც მეთვალყურეობას აწარმოებს.

ამბობენ, რომ მძიმე პაციენტების რაოდენობამ იკლო. ასეა ეს?

გარკვეულწილად ზოგადად გლობალურად თითქოს ნაკლებია მძიმე პაციენტების რაოდენობა. ამაზე ჯერ მყარად ვერ საუბრობენ, მაგრამ ტენდენცია იქით მიდის, რომ მძიმე ფორმები, როგორიც თავიდან იყო, აღარ გვხვდება. მეორე ასპექტი შეიძლება იყოს ის, რომ კლინიკური გამოცდილება დაგროვდა და შემთხვევების მართვაც უფრო ეფექტურად ხერხდება. ამრიგად ეს დამძიმების გამოცდილება უფრო და უფრო იკლებს. იმედია, ეს ტენდენცია შენარჩუნდება. დღევანდელი მდგომარეობით არცერთი პაციენტი არაა ხელოვნურ სუნთქვის აპარატზე.  არის 30 პაციენტი, რომელსაც პნევმონია აქვს. 260 პაციენტია აქტიური, რომელიც კლინიკაში რჩება.

სოლიდარობის კვლევის ფარგლებში დანერგილი სამკურნალო მეთოდებიდან რომელიმეს ხომ არ გამოარჩევდით ეფექტურობის თვალსაზრისით ?

ჯერჯერობით ასეთი ცალსახა ლიდერი სოლიდარობის კვლევის მიდგომებს შორის არ გამოკვეთილა. რამდენჯერმე სოლიდარობის კვლევის გუნდმა შეცვალა პროტოკოლი, რადგან სხვადასხვა ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგი იქნა მიღებული. ამ ეტაპზე კვლევა მიმდინარეობს,  თუმცა ჯერჯერობით ლიდერი პოზიცია არ იკვეთება. ერთი, რაც [სოლიდარობის კვლევაში არ შედის] დექსამეტაზონმა დაადასტურა, რომ არის ეფექტური. ეს ძველი და კარგად ნაცადი წამალია და ფართოდ გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში. დექსამეტაზონზე მკვლევრებმა მიიღეს დადებითი შედეგები, რაც იმედის მომცემია. მაგრამ დექსამეტაზონი დამხმარე საშუალებაა, ხოლო წამალი, რომელიც უშუალოდ კოროანვირუსის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული ჯერჯერობით არ იკვეთება.