როგორც ჩანს, „ოცნება“ მღვდლებს რომ უსმენს, ეს არის რელიგიის პატივისცემა - ანა ნაცვლიშვილი

პუბლიკა

„როგორც ჩანს „ქართული ოცნება“ არ ებრძვის და იცავს ეკლესიას, როდესაც ლოცვის საიდუმლოებაში უძვრება ადამიანებს თავისი სუს-ით“, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს „ქართული ოცნება“ მღვდლების მოსმენით იცავს რელიგიას და პატივს სცემს მას.

„აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო ნიანგის ცრემლებით საუბარს იმაზე, რომ თურმე ვიღაც ეკლესიას ებრძვის. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ არ ებრძვის და იცავს ეკლესიას, როდესაც ლოცვის საიდუმლოებაში უძვრება ადამიანებს თავისი სუს-ით. როგორც ჩანს, მღვდლებს რომ უსმენს, ეს არის რელიგიის პატივისცემა. ასე ესმის ეს ამბავი „ქართულ ოცნებას“ და გელათი რომ ირეცხება, ეს არის პატივისცემა ჩვენი რელიგიის და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის. ყოჩაღ!“, – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.


საქართველოს პარლამენტში დღეს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უსმენენ. ის „ქართული ოცნების“  რამდენიმე წევრმა და „ოცნებიდან“ წასულმა გურამ მაჭარაშვილმა საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით გააკრიტიკა.

გასაჩივრებული ნორმით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას შესაძლებელია, საკუთრებაში გადაეცეს ტყეთა ფართობები, თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტრისა, აგრეთვე საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

მოსარჩელე მხარის – სახალხო დამცველის აპარატის პოზიციით, სადავო ნორმით დადგენილი საგამონაკლისო წესი დისკრიმინაციულია. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს ეწინააღმდეგება სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ტყეთა ფართობების საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.