„როგორც ჩანს, თქვენ ხართ ამ შანტაჟის უკან“ - ვაშაძე გიორგი გახარიას მიმართავს

პუბლიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მის თანაგუნდელს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით აშანტაჟებდნენ, ამ თემაზე  გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება.

ვაშაძე ამბობს, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მსგავსი ტიპის საქმეები გამოძიებული არ აქვთ და ის კითხვით მიმართავს პრემიერს – არის თუ არა ნდობა მთავრობისა და სამართალდამცავი უწყებების მიმართ მოსახლეობაში?

„თქვენი რეაქცია ძალიან კონკრეტულად მიუთითებს, რომ, როგორც ჩანს, თქვენ ხართ ამ შანტაჟის უკან, როგორც ჩანს, სწორედ თქვენი გუნდია ჩართული პერსონალური ცხოვრების ამსახველი მასალებით შანტაჟში და იმის გამო, რომ ჩვენი მხრიდან არის ნულოვანი ნდობა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, ამ ადამიანსაც არ სურს, რომ მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს. ხელი ნუ წაგიცდებათ და კანონდარღვევას ნუ ჩაიდენთ“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.


„პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება არის კანონით დასჯადი ქმედება, რომელზეც, თუ ასეთი რამ მოხდა და ეს არ არის ვიღაცის თავში დაბადებული ფანტაზია, აღიძრება საქმე და შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, გრიგოლ ვაშაძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომელიც ამბობს, რომ მისი შტაბის წევრს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით ემუქრებიან.

გახარიას განმარტებით, თუ მას გარკვეული მტკიცებულებები აქვს, ეს ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოში მიიტანოს. „თუ ამაზე მეტი ინფორმაცია აქვს, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, გარკვეულ მტკიცებულებებს, პირდაპირს ან ირიბს, რომ უკვე, საგამოძიებო უწყებებმა ქმედებები დაიწყონ, იმის მაგივრად, რომ ჟურნალისტებთან დადგეს და იჭორაოს, ეს ინფორმაცია შესაბამის საგამოძიებო ორგანოებში მიიტანოს. ინსტრუქცია გადაეცით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.