„აღმოჩნდა, რომ არამარტო ძეგლის ინტერიერში, ისე მის ფასადზეც საკმაოდ დიდი გადაკეთების კვალია“, – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ბექა ბარამიძე „პუბლიკას“ ნავთლუღის წმ. ბარბარეს ქვემო (მცირე) ეკლესიაში ჩატარებულ უნებართვო სამუშაოებზე სააგენტოს მონიტორინგის შედეგებზე ესაუბრა.
გუშინ, 19 ივლისს სოციალურ ქსელში გავრცელდა მე-19 საუკუნის ძეგლის სტატუსის მქონე ეკლესიის ფოტოები, სადაც დეკანოზ იასე არხოზაშვილის ხელმძღვანელობით თვითნებურად და უნებართვოდ ჩატარდა სამუშაოები.
ბარამიძის განცხადებით, ძეგლის დაზიანების მიხედვით არის საფუძველი იმისა, რომ დაიწყოს სამართლებრივი მოკვლევა. მისი თქმით, სააგენტო შეადგენს ოქმს, რომელიც გაეგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროს. მათი თქმით, ეკლესიის წინამძღვარი მზად არის სამართლებრივი მოკვლევის პროცესში ჩაერთოს.
„მათ უნდა დაადგინონ ის პირი, ან პირთა ჯგუფი, რომელთა ინიციატივითაც დაიწყო ძეგლზე უნებართვო და თვითნებური ჩარევა. ჩვენ ამ პროცესში ვიქნებით ჩართული, რათა შეიქმნას კიდევ ერთი პრეცედენტი საიმისოდ, რომ მომავალში ასეთი ტიპის უნებართვო ჩარევები კულტურული მემკვირდეობის ძეგლზე იყოს გამორიცხული და აღკვეთილი“, – გაანცხადა ბარამიძემ.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, მათ ეკლესიის წინამძღვარისგან მიიღეს დაპირება, რომ მომდევნო 3 თვის განმავლობაში ის სააგენტოს წარუდგენს სარესტავრაციოს პროექტს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საბჭო განიხილავს, გასცემს რეკონდაციებსა და დამტკიცების შემთხვევაში გაიცემა ნებართვა რესტავარციის მეორე ეტაპის დაწყებაზე.
„ფასადზე ისტორიული საპირე წყობის ნაცვლად ახალი საპირე წყობაა გაჩენილი, რაც სრულიად შეუსაბამოა მის ავთენტურ-მხატვრულ სახესთან. ამავდროულად ვიცოდით ის, რომ იატაკის ფენილი იყო აყრილი და საფლავის ქვები გამქრალი. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ეს ქვები უნებართვოდ ალაგია ეზოში,
სრულყოფილი სახით პროექტი უნდა დამტკიცდეს საბჭოს წევრების დადებიით დასკვნის საფუძველზე, რის შემდეგადაც გაიცემა ნაბართვა სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპის ჩატარებაზე. რაც მოიცავს იმასაც, რომ ძეგლის ამჟამინდელი საპირე წყობა უნდა მოიშალოს. ასევე, უნდა აიყაროს იატაკის ფენილი, დაბრუნდეს პირვანდელ ადგილმდებარეობაზე საფლავის ქვები. პროექტის გათვალსიწინებული პირობების თანახმად უნდა მოეწყოს იატაკის ფენილის იმგვარად მისადაგება, რომ სინთეზი იყოს უზრუნველყოფილი ინტერიერის მხატვრული სახესთან“, – განაცხადა ბექა ბარამიძემ.
კითხვაზე, წინასწარი შეფასებით, შესაძლებელია თუ არა ძეგლზე უკვე ჩატარებული სამუშაოების გამოსწორება, მისი თქმით, შესაძლებელია ფასადის საპირე წყობის აღდგენა, ახალი წყობის მოცილება და ძველის კონსერვაცია. თუმცა:
„ერთდერთი, ის დანაკლისი, რაც შეიძლება აუნაზღაურებელი იყოს იატაკის ის ფენილი, რომელიც განადგურებულია, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შესაძლებელია მოეწყოს უფრო მაღალმხატვრული იატაკი“, – განაცხადა ბარამიძემ.
ეკლესიის წინამძღვარის, იასე არხოზაშვილის განხცადებით, მისი წინამორბედის, გიორგი ტაბაღუას დროს დაიწყო. იასე ზარხოზაშვილი აცხადებს, რომ ტაძრის კედლები იყო დანგრეული და ეკლესიაში ქვეწარმავლები შედიოდნენ.
ტაძრის კედლები იყო დანგრეული, დაბლიდან ამოდიოდა ქვეწარმავლები, გველები შემოდიოდა ეკლესიაში. ჩვენ ამ საფლავზე გამოვაცხადეთ სოციალურ ქსელში, სუმბათაშვილებს გთხოვთ მობრძანდეთ, რომ ჩვენ გვინდა ამ იატაკის რესტავრაცია და როგორ გავაკეთოთ, თქვენ წინადადებებს ველოდებით. ველოდეთ 8 თვე. 8 თვეში მოვიდა 16 წლის პატარა გოგო, მეტი არავინ გამოჩენილა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ქვეწარმავლები რომ აღარ შემოსულიყო ეკლესიაში, დაგვეგო რაღაც, იატაკი ხომ უნდა გაგვეკეთებინა?! თუ ვინმეს არ მოწონს, მე დღესვე შემიძლია ეს ყველაფერი ავგავო. ეს სამუშაოები მამა გიორგი ტაბაღუამ დაიწყო. მე არ მიფიქრია, თუ საბუთები არ არსებობდა,”- განაცხადა ტაძრის წინამძღვარმა „რუსთავი 2-თან“.
სააგენტოს წარმომადგენლი ეკლესიის წინამღვრის ამ განცხადებას პასუხობს. მისი თქმით, ყველა პრობლემის მოგვარება არის შესაძლებელი ძეგლის დაცვის პრინციპების მიხედვით.
„ყველა პრობლემის მოგვარება არის შესაძლებელი, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად, ამისთვის საჭიროა სათანადო პროექტის შედგენა და მომართვა სააგენტოსთვის. უნდა შემუშავებულიყო და შეთანხმებულიყო პროექტი. ეს გადაუჭრელი პრობლემა არ იქნებოდა. გარემოებიბი რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს, არსებობს ყველა პრობლემის გადაჭრის მეთოდი ძეგლის დაცვის პრინციპების მიხედვით“, – თქვა ბექა ბარამიძემ „პუბლიკასთან“.