დიდი ალბათობით სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს - ძეგლთა დაცვა წმ. ბარბარეს ეკლესიაზე

პუბლიკა

თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილის ინფორმაციით, ნავთლუღის წმ. ბარბარეს ქვემო (მცირე) ეკლესიაში მე-19 საუკუნის საფლავები წინამძღვრის, დეკანოზ ისე არხოზაშვილის ხელმძღვანელობით  გაანადგურეს.

ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

„პუბლიკას“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში განუცხადეს, რომ ინსპექტირების სპეციალისტთა ჯგუფი ხვალ დილიდან ადგილზე გაეცნობიან ვითარებას და დაადგენენ დაზიანების ხარისხს. სააგენტოში ასევე აცხადებენ, რომ დიდი ალბათობით სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

„წინასწარი შეფასებით არსებობს დიდი ალბათობა სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების, რამდენადაც სამუშაოები თვითნებურად და სარესტავრაციო ნორმების სრული დარღვევითაა შესრულებული. კულტურული მემკვიდრეობის აღნოშნულ ძეგლზე რეაბილიტაციის საპროექტო განაცხადით სააგენტოსთვის არავის მოუმართავს, რაც კანონის უხეში დარღვევაა. მსგავსი პრეცედენტების აღკვეთის მიზნით, უახლოეს მომავალში აღნიშნულ საკითხს სააგენტო საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოსთანაც განიხილავს. საკითხის შესახებ უკვე ვაცნობეთ საპატრიარქოს და მის ხუროთმოძღვრების და რესტავრაციის საბჭოს“, – აცხადებს სააგენტო.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანება ან განადგურება სისხლის სამართლის დანაშაულია.