„როგორც კი დაფინანსება ღია გახდება, ლომჯარიები და გიგაურები გაქრებიან" - ზარქუა

პუბლიკა

„ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ როგორც კი მმართველი პარტია რუსულ კანონს მიიღებს, „გაქრებიან გიგაურები და ლომჯარიები”. მის კომენტარს „საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

„როგორც კი დაფინანსება ღია და გამჭვირვალე გახდება, ლომჯარიები და გიგაურები გაქრებიან. რატომ? იმიტომ, რომ ჩაენაცვლებიან ღირსეული, პატიოსანი, ვინც ქართულ საქმეს აკეთებენ, ხოლო ვინც შავ საქმეს აკეთებს, ბუნებრივია, დონორი აღარ დააფინანსებს. ამიტომაც სამსახურის დაკარგვის ეშინიათ. კიდევ ერთხელ, ღიაობა და გამჭვირვალობა არის ევროპულობა, შავი საქმეების კეთება არის რუსული”, – განაცხადა მან.

გუშინ ევროპარლამენტში რუსული კანონის შესახებ დებატები გაიმართა – იქ წარდგენილია რეზოლუციის 4 პროექტი, რომელსაც ხუთშაბათს უყრიან კენჭს.

ევროპარლამენტში ინიციირებული ერთ-ერთი რეზოლუციის პროექტის თანახმად ევროპარლამენტარები ეწინააღმდეგებიან „ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ კანონპროექტს და აღნიშნავენ, რომ ის მსგავსია რუსეთის ფედერაციაში 2012 წელს მიღებული კანონისა.

პროექტის ავტორები არიან მირიამ ლექსმანი, რასა იუკნევიჩიენე, დევიდ მაკალისტერი, ანდრიუს კუბილიუსი და სხვები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მისი მიღება არამხოლოდ დააზიანებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, არამედ ძირს გამოუთხრის დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორისა და მედიების საქმიანობებს.