„როგორც კი გაჩნდება სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საფუძველი, ეს გაკეთდება" - წულუკიანი

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით ისაუბრა მედიასთან კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობა არ არსებობს და საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციური სამსახური შესაბამის ზომებს მიიღებს.

„სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტისკენ და არ შეიძლება ამ მოწოდებას ან არ იზიარებდე, ან არ ეთანხმებოდე. შიმშილობა აზიანებს ჯანმრთელობას, ამიტომ ეს არ არის პროტესტის ის ფორმა, რომელსაც მე მივესალმებოდი. არ არსებობს არავითარი განგაშის საფუძველი, შეგიძლიათ, იყოთ მშვიდად, რადგან, როგორც კი გაჩნდება სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საფუძველი, რა თქმა უნდა, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა პენიტენციური სამსახური, ეს ამ შემთხვევაშიც გაკეთდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გუშინ ცნობილი გახდა, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შეედეგებზე.

დასკვნის მიხედვით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.