როგორც კი იქნება შესაძლებლობა, განახლდება მუშაობა დავით გარეჯზე | ზალკალიანი

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, დავით გარეჯთან არსებობს პოლიტიკური ნება, რომ როგორც კი იქნება შესაძლებლობა, განახლდეს მუშაობა დავით გარეჯზე.

„დავით გარეჯზე ვთქვი და კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, ვინაიდან დაიძაბა ესკალაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ამ მომენტშიც მიმდინარეობს, მათი თხოვნაცაა და პირველი პრიორიტეტი მათთვის არის ორმხრივი დემარკაცია დელიმიტაციის საკითხი. რაც შეეხება კომისიის საქმიანობას, ერთი წუთით არ შეგვიწყვეტია.

ჩემი მოადგილე, რომელიც ხელმძღვანელობს, მუდმივად ხაზზეა ორივე მხარესთან. მიცემული არის ახალაღმოჩენილი გარემოებები და  აზერბაიჯანშიც და სომხეთშიც ჩვენი ვიზიტების, პრემიერის ვიზიტის დროს საუბარი იყო დემარკაცია დელიმიტარიზაციის საკითხზე.

კარგია, რომ მათი მხრიდან არის პოლიტიკური ნება გამოხატული, რომ როგორც კი იქნება შესაძლებლობა, განახლდეს მუშაობა კომისიის ფარგლებში და უკვე მივიდეთ იმ შეთანხმებამდე, რომელიც იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.


დავით გარეჯის საკითხზე სადელიმიტიაციო კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით 7 ოქტომბერს დააკავა.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულებმა არ გამოიყენეს ერთ-ერთი რუკა, რომელიც საქართველოს ინტერესებში შედიოდა. უწყებას მტკიცებულებად მოჰყავს 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც, გამოძიების მტკიცებით, შეძლებდნენ ისეთი ალბომის შექმნას, სადაც „დატანილი იქნებოდა საქართველოს ისტორიული საზღვარი“.

პროკურატურის განცხადებით, ამ რუკის მიხედვით სხვაობა საქართველოს საზიანოდ 3500-მდე ჰა ფართობს შეადგენს. ხოლო საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, რუკაზე, რომელიც კომისიის ყოფილმა წევრებმა არ გამოიყენეს, დავით გარეჯის კომპლექსის სადავო ნაწილი საქართველოს საზღვრებშია წარმოდგენილი.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. 2021 წლის იანვარში ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.