როგორც კი კონსტიტუციასთან რამე კაზუსის ამოხსნას გადავწყვეტთ, პირველი ირაკლი კობახიძეს ვეკითხებით - მდინარაძე

პუბლიკა

პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების საკონსტიტუციო განხილვის შესახბე საუბრისას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძე ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო კონსტიტუციონალისტია და მისი დამსახურებაა ისეთი კონსტიტუციის შექმნა, რომელიც ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა.

„რაზეც ვდაობთ საკონსტიტუციოში, პრაქტიკულად უდაო ფაქტია. იქ ვერ დაკვალიფიცრდება ვერანაირად, იურისტები ხომ უსმენენ, რაც ხდება, ირაკლი კობახიძე გამოდის და არ ვიცი ახლა, ჩვენ ყველანი, მიუხედავად იმისა, რომ მეც იურისტი ვარ, მეც სამართლის დოქტორი ვარ, მაგრამ არ ვარ იმ სფეროს სპეციალისტი, თუმცა ბევრი რამე ვიცი კონსტიტუციურ სამართალში, ყველანი, მათ შორის, თავის დროზე თამარ ჩუგოშვილი, როგორც კი კონსტიტუციასთან რამე კაზუსის ამოხსნას გადავწყვეტთ ხოლმე,  პირველი, ვისაც ვეკითხებით, ეს არის ირაკლი კობახიძე. ეს ხომ ყველამ ვიცით, ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო კონსტიტუციონალისტი და ამ თემაში ყველაზე კარგად განსწავლული ადამიანი ირაკლი კობახიძეა და არის კიდევ რამდენიმე ადამიანი – ამ ხალხს ვეკითხებით ხოლმე და მისი დაწერილი, მისი ხელმძღვანელობით, ჩვენც ჩართულები ვიყავით ამაში მაგრამ ყველაზე დიდი წვილი ამაში, რომ ამ კონსტიტუციის ასე  დეტალურად, ასე ინტერპრეტაციის სხვა საშუალებას რომ არ იძლევა და ასე გამიჯნული რომ არის სტატუსი და კომპეტენცია და ამაზე ვსაუბრობთ, ეს ხომ თავად ირაკლის დამსახურებაა ხომ? არგუმენტები მეორე მხრიდან ვერ იქნება, იმდენად ხელის გულზე დევს დარღვევა“, – განაცხადა მდინარაძემ.

„იმედი LIVE-ს“ წამყვანმა მდინარაძეს ირაკლი კობახიძის ფრაზა შეახსენა იმის შესახებ, რომ ეს საკონსტიტუციო წარდგინება მარტივი კაზუსია, რომელსაც პირველკურსელი იურისტი ამოხსნის და აღნიშნა, რომ კობახიძის ოპონენტებმა ეს ფრაზა პირველკურსელების შეურაცხყოფად აღიქვეს.

„ისიც ძალიან მდაბიო მანიპულაცია და პოპულიზმია, შეურაცხყოფას აყენებს ირაკლი კობახიძე პირველკურსელებსო. ანუ რა გამოდის,  მე რომ ვთქვა, ეს პირველკლასელის გასარჩევი ამბავია, 2×2=4, ან ეს მეხუთეკლასელის გასარჩევი ამბავია, ე.ი. მე შეურაცხყოფას ვაყენებ პირველკლასელებს, მეხუთეკლასელებს, მეოთხეკლასელებს და ა.შ. ეს საიდან უნდა მოიტანო, რატომ უნდა იკადრო, ადამიანი რომ ამბობს, ამ დონის კაზუსია, პირველ კურსზე რომ ასწავლიანო, შენ ამბობ, რომ პირველკურსელებს [აყენებს შეურაცხყოფასო]. არგუმენტი როცა არ გაქვს, მაშინ მდაბიო პიარის წარმოებას იწყებ“, – უპასუხა წამყვანს მდინარაძემ.

ამავე ინტერვიუში მდინარაძემ აღნიშნა, რომ იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმების შესაგროვებლად ოპოზიციასთან კონსულტაციები არ აქვთ.