როგორც კი შეიცვლება რეჟიმი, ყველა აქტივისტი, რომლებიც აქციებზე დააკავეს, მიიღებს კომპენსაციას – ხაბეიშვილი

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგი გამართა და პარტიის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, პარტიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ის აქტივისტები, რომლებიც აქციებზე დააკავეს, სხვადასხვა დროს, რეჟიმის შეცლის შემდეგ კომპენსაციას მიიღებენ.

ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ აქციაზე დაკავებულ იმ აქტივისტებს, რომლებსაც ციხეში არ უშვებენ, აჯარიმებენ ათასობით ლარით.

„ჩემთან ერთად არიან აქტივისტები, რომელთა უმრავლესობას დაყადაღებული აქვს ანგარიშები. ფაქტობრივად, სიტყვის თავისუფლებისთვის, გამოხატვის თავისუფლებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ მათ აუკრძალა სიცოცხლეც კი – მათ არ შეულიათ იმუშაონ ან რაიმე თანხა განკარგონ, რადგან დაყადაღებული აქვთ ყველაფერი.

გარდა ამისა, კარგად იცის საზოგადოებამ, რომ, გარდა ადმინისტრაციული წესისა, „ქართული ოცნება“ ამ ადამიანებზე აღძრავს ხოლმე სისხლის სამართლის საქმეს. დიდ ნაწილს უწევს ამ გამოძიებაზე წლობით სიარული. ახლაც, როცა ჩვენ ბრიფინგს ვმართავთ, რამდენიმე  ჩვენი თანამებრძოლი არის ციხეში უკანონოდ გამოკეტილი მხოლოდ იმის გამო, რომ აპროტესტებენ უსამართლობას.

შესაბამისად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიღებულია გადაწყვეტილება, როგორც კი  შეიცვლება რეჟიმი, ყველა სამოქალაქო აქტივისტი, ყველა ადამიანი, რომლებიც დაკავებულები იყვნენ პოლიტიკური ნიშნით აქციაზე, რომლებიც უკანონოთ ჰყავდათ ან ჰყავთ გამოკეტილი, როგორც კი შეიცვლება რეჟიმი, ყველა ეს საქმე იქნება ინდივიდუალურად გადახედილი და, რა თქმა უნდა, მათაც და მათი ოჯახის წევრებსაც სახელმწიფოსაგან გადაეხდება კომპენსაცია“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, ასევე მეორე მხარეს მდგომი ადამიანების, მოსამართლეებისა და პოლიციელების მიმართ, რომლებიც, როგორც ამბობენ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ, რეჟიმის შეცვლის შემდეგ მათ მიმართაც ადეკვატური რეაგირება იქნება.