როგორც პედოფილის დაბრუნება არ შეიძლება საბავშვო ბაღში, ისე „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში - კობახიძე

პუბლიკა

„როგორც არ შეიძლება პედოფილი დააბრუნო საბავშვო ბაღის გამგედ, ასევე არ შეიძლება „ნაცმოძრაობა“ დააბრუნო ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ეს დანაშაულები აუცილებლად განმეორდება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

კობახიძის თქმით, გარკვეული ტიპის დანაშაულები პოლიტიკოსს არა მხოლოდ იმიტომ არ უნდა ეპატიოს, რომ მას პოლიტიკაში დარჩენის უფლება არ ჰქონდეს დასავლური სტანდარტების მიხედვით, არამედ ეს დანაშაულები მეტყველებს იმაზე, რომ ასეთი პირი ან ძალა ასეთ დანაშაულებს აუცილებლად გაიმეორებს.

„ეს არის პათოლოგიური ადამიანების მიერ ჩადენილი სხვადასხვა ტიპის დანაშაულები. კორუფცია კიდევ სხვა საკითხია, მათ აქვთ უმძიმესი დანაშაულები ჩადენილი, რაც უკავშირდება ადამიანების წამებას, გაუპატიურებას და ა.შ. ამას მხოლოდ პათოლოგიური ადამიანი შეიძლება აკეთებდეს. როგორც არ შეიძლება პედოფილი დააბრუნო საბავშვო ბაღის გამგედ, ასევე არ შეიძლება „ნაცმოძრაობა“ დააბრუნო ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ეს დანაშაულები, რაც მათ აქვთ ჩადენილი, აუცილებლად განმეორდება, თუ რეალურად ექნებათ ამის შანსი. თუმცა მათ ასეთ შანსს არავინ მისცემს, იმიტომ რომ ამას არ დაუშვებს ქართული საზოგადოება“, – განაცხადა კობახიძემ.